კომენტარი

ეს კრიზისი ენმ-სთვის გარდაუვალი იყო – ნოდია

29 იანვარი, 2023 •
ეს კრიზისი ენმ-სთვის გარდაუვალი იყო – ნოდია

პოლიტოლოგი გია ნოდია აცხადებს, რომ ის, რაც ახლა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ხდება, გარდაუვალი იყო.

როგორც ნოდია ნეტგაზეთთან ამბობს, ახლა ენმ-ს, რომელიც ტრადიციულად მიხეილ სააკაშვილის პარტიად ითვლებოდა, იდენტობის კრიზისი აქვს და მის გარეშე არსებობა უნდა ისწავლოს.

„ეს გარდაუვალი პროცესია ანუ ეს არის კრიზისი, რომელიც გარდაუვალი იყო. იმიტომ, რომ ეს პარტია ტრადიციულად არის ერთი ადამიანის – მიხეილ სააკაშვილის პარტია ანუ ერთი ადამიანის მომხრეების პარტიაა. შეიძლება ფორმალურად სააკაშვილის პარტიული თანამდებობა არ აქვს, მაგრამ პრაქტიკულად ის წარმართავდა პარტიის სტრატეგიას.

ახლა ეს ასე აღარ არის, სააკაშვილმა რამდენიმეჯერ თქვა, რომ მას არ აინტერესებს ქართული პოლიტიკა. შეიძლება ეს თავიდან რაღაც ტაქტიკურ განცხადებად ჩაითვალა, რომელიც მას იმისათვის სჭირდებოდა, რომ ციხიდან თავი დაეხსნა. თუმცა დღეს უკვე დაიჯერა ხალხმა, მათ შორის ენმ-ის მომხრეებმა, რომ სააკაშვილი აღარ ხელმძღვანელობს ამ პარტიას“, – ამბობს გია ნოდია.

გია ნოდიას თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი დღეს პოლიტიკური პროცესის მონაწილე აღარ არის, ის რჩება ძალიან მნიშვნელოვან სიმბოლოდ. მისი ავადამყოფობა და ციხეში ყოფნა კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია.

„ვხედავთ, რომ პარტიის ლიდერობის კანდიდატები ერთმანეთს სააკაშვილის მიმართ ერთგულების დემონსტრირებაში ეჯიბრებიან, მაგრამ ეს პროცესი მაინც იმ დათქმით მიმდინარეობს, რომ თვითონ სააკაშვილი მასში არ მონაწილეობს როგორც პოლიტიკური მოთამაშე.

კანდიდატებს შორის არსებითი შინაარსობრივი განსხვავებები, ალბათ, არ არის. ძირითადი არის რადიკალურობის დონე. შეიძლება ითქვას, რომ მელია არის შედარებით ზომიერი კანდიდატი, ის ნაკლებად არის ორიენტირებული ქუჩის აქციებსა და რადიკალურ ქმედებებზე, არ უარყოფს ამ მეთოდებს, მაგრამ თვლის, რომ სხვა მეთოდებიც გამოსაყენებელია. ყველაზე მეტად მელიას რისთვისაც უპირისპირდებიან დანარჩენი კანდიდატები, არის ეს, რომ მან ვერ ააგორა საპროტესტო ტალღა, თუნდაც სააკაშვილის ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით და ისინი ამას უკეთესად გააკეთებენ“, – აღნიშნავს გია ნოდია.

იმ ბრალდებების ფონზე, რაც ენმ-ის თავმდჯომარეობის კანდიდატები ერთმანეთს უყენებენ, გია ნოდია არ გამორიცხავს, რომ პარტია გაიყოს.

„ფაქტობრივად, მოღალატეებად თვლიან ერთმანეთს – ძირითადად მელიას სხვები და მელია ხაბეიშვილს და მის უკან მგდომ კეზერაშვილს და მერაბიშვილს. თუმცა ეს არ გამორიცხავს იმას, რომ დამარცხებული მხარე დამარცხებას მიიღებს და გამარჯვებულ კანდიდატს მიიღებს როგორც ლეგიტიმურ ლიდერს“, – ამბობს გია ნოდია.

მისი თქმით, ეს პარტიისთვის ნორმალური იქნებოდა, მაგრამ თუ გაყოფა მოხდა, რაც დამარცხებული კანდიდატის პარტიიდან წასვლაში გამოიხატება, მნიშვნელოვანი იქნება ვინ გაყვება მას და  ეს იქნება შედარებით პატარა ჯგუფის გასვლა, თუ მასშტაბური პროცესი.

„რომელიმდ კანდიდატი მოიგებს არჩევნებს და შესაბამისად, მას დარჩება ენმ-ის ბრენდი, რესურსები და ა.შ.  ენმ უკვე რამდენიმეჯერ გაიყო და მას დიდი თუ პატარა ჯგუფები ჩამოსცილდნენ, მაგრამ ძირითადი ბირთვი რჩებოდა. ადრე ეს ბირთვი იმიტომ რჩებოდა ბირთვად, რომ სააკაშვილი იყო მასთან. მაგალითად, როცა „ევროპული საქართველო“ ჩამოსცილდა, მანამდე „გირჩი“… მაგრამ დღეს ეს განცდა არ იქმნება… რომელ მხარეს არის მიშა?! არ ჩანს, რომ ის რაღაც მინიშნებებს აკეთებდეს. ამიტომ გამარჯვებულ კანდიდატს და მის მომხრეებს, ანუ იმ ბირთვს, რომელიც დარჩება, გაუჭირდებათ იმის თქმა, რომ პატარა ჯგუფი გავიდა, მაგრამ პარტიას ამით არაფერი დაკლებიაო“, – ამბობს გია ნოდია.

გია ნოდიას აზრით, პარტიის სამომავლო მხარდაჭერას განსაზღვრავს ისიც, თუ რომელი ფრთა გაიმარჯვებს შიდაპარტიულ არჩევნებში. მისი თქმით, მერაბიშვილის ფრთას რეპუტაციული ზიანი ენმ-ის მომხრეებს შორის ნაკლებად აქვს, თუმცა მისი გამარჯვების შემთხვევაში პარტიას ახალი მომხრეების მოზიდვა გაუჭირდება.

გია ნოდიას თქმით, თუ პარტიის მართვის სადავეებში ვანო მერაბიშვილის ფრთა აღმოჩნდება, ამან შესაძლოა ენმ-ს სხვა პარტიებთან თანაშმრომლობაც გაართულოს.

„მელიასა და ხაბეიშვილს შორის, მელიას ნამდვილად უფრო მეტი რესურსი აქვს სხვა პარტიებთან თანამშრომლობის, მას აქვს მეტი გამოცდილება და ის უფრო მისაღები ფიგურა იქნება სხვებისთვის, ვიდრე ხაბეიშვილი. მით უმეტეს იმ აღქმის ფონზე, რომ ხაბეიშვილი მერაბიშვილის და კეზერაშვილის ფიგურაა.

პოზიტიური სცენარიც რომ წარმოვიდგინოთ: თუ ამ არჩევნების შემდეგ ენმ-ს ბირთვი შენარჩუნდა დიდი დანაკარგების გარეშე, მას მაინც მოუხდება თანამშრომლობა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ახლა ეს არ არის აქტუალური, რადგან ყველა შიდა არჩევნებზე ფიქრობს, მაგრამ მომავალში ვინც არ უნდა იყოს თავმჯდომარე, მას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა მოუწევს. ენმ შეიძლება ოპოზიციაში ნომერ პირველ პარტიად დარჩეს, მაგრამ მისი რეიტინგი რაღაც დონით დაეცემა და ეს გარდაუვალია. შესაბამისად, მას კიდევ უფრო დასჭირდება სხვა ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობა“, – აცხადებს გია ნოდია.


„ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარეს ირჩევს. ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობენ: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი.  ხმის მიცემის პროცესი 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

ბრძოლა ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მართვის სადავეებისთვის ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობს. ენმ-ის წევრთა ნაწილი მიიჩნევს, რომ არჩევნები პარტიას გააძლიერებს. ანალიტიკოსთა ნაწილი კი  არ გამორიცხავს, რომ ეს ყველაფერი პარტიის მორიგი გაყოფით დასრულდეს, რასაც თავის გავლენა ქვეყნის ოპოზიციურ სპექტრზეც ექნება.

ვრცლად ამ თემაზე

„იდენტობის კრიზისი“ და ბრძოლა გავლენებისთვის სააკაშვილის გარეშე დარჩენილ ენმ-ში

მასალების გადაბეჭდვის წესი