კომენტარი

დეგნანი: ქართველების უმეტესობას ლავროვისგან იმის მოსმენა უფრო გაუხარდება, რომ რუსეთს აქედან ჯარები გაჰყავს

20 იანვარი, 2023 • 1084
დეგნანი: ქართველების უმეტესობას ლავროვისგან იმის მოსმენა უფრო გაუხარდება, რომ რუსეთს აქედან ჯარები გაჰყავს

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ჟურნაისტებთან საუბრისას გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას.

დეგნანის თქმით, არ სმენია, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველებს, სურვილის შემთხვევაში, ქვეყანაში დაბრუნების პრობლემა ექმნებათ. დეგნანის თქმით, მისი აზრით, საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას ლავროვისგან იმის მოსმენა უფრო გაუხარდებოდა, რომ მოსკოვს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარები გაჰყავს და 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს:

„საქართველოს ისტორიის შესწავლისას, როგორც ვხედავ, საუკუნეების განმავლობაში რუსეთი არღვევს დაპირებებს. რუსეთი ცდილობს უარყოს ქართული იდენტობა, ქართული ენა, ქვეყნის სუვერენიტეტი… ვფიქრობ, ქართველი ხალხის უმეტესობას უფრო გაუხარდებოდა მოესმინა, რომ რუსეთს გაჰყავს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და ბოლოს და ბოლოს შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, ვიდრე პირდაპირი ფრენების აღდგენა. არ არის ჩემთვის ცნობილი, რომ ქართველებს, რომლებიც რუსეთში იმყოფებიან, უკან დაბრუნების პრობლემები აქვთ, თუ ამის სურვილი აქვთ. მაგრამ ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ბევრი რუსი ჩამოდის. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ხელისუფლებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, თანხვედრაში იყოს საერთაშორისო სანქციებთან“, – აცხადებს კელი დეგნანი.

18 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა შეაქო საქართველოს ხელისუფლება, რომ მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.

მასალების გადაბეჭდვის წესი