კომენტარი

გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო და სახელმწიფო მიიტაცა — კრამონი ივანიშვილზე

14 დეკემბერი, 2022 • 942
გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო და სახელმწიფო მიიტაცა — კრამონი ივანიშვილზე

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის (მწვანეთა პარტია) შეფასებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ დროს საჩვენებელი ქვეყანა — საქართველო — ახლა მიტაცებული სახელმწიფოა.

„დემოკრატიული უკუსვლა დაჩქარებულია. სასამართლო სისტემა უკან მიდის. ცნობილი საქმეები პოლიტიკურად მოტივირებულია“, — განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიშის განხილვაზე და მაგალითად მოიყვანა „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმე.

მისი თქმით, მედიის თავისუფლება უარესდება და პრორუს რადიკალებს მედიასა და უმცირესობებზე ძალადობის საშუალება ეძლევათ.

ევროპარლამენტარის შეფასებით, მთავრობა პუტინის დეზინფორმაციის სახელმძღვანელოთი სარგებლობს და ავრცელებს ტყუილებს ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატოს შესახებ.

„უსირცხვილო ტყუილია და სხვა არაფერი, თითქოს დასავლეთს სურს საქართველოს ომში ჩათრევა“, — აღნიშნა ვიოლა ფონ კრამონმა.

დემოკრატიის ნგრევის მთავარ მიზეზად მან დაასახელა  „ქვეყნის უდიდესი ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი“.

„ათი წლის წინ მან გასაოცარი დემოკრატიის პირობა დადო და მიტაცებული სახელმწიფო მოიტანა. ამ ყველაფრის გამო საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ევროინტეგრაცია საქართველოს კონსტიტუციით არის გათვალისწინებული. და მათ, ვინც ამას ჩააფლავებენ, მოუწევთ პასუხისგება მომავალი თაობების წინაშე. რა თქმა უნდა, საჭიროა მიშას გათავისუფლება ჰუმანიტარული მიზნებით“, — დასძინა ვიოლა ფონ კრამონმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი