კომენტარი

როქი მარჯვნივ: “ხალხის ძალა”, როგორც ქართული პოლიტიკის ახალი ანტიდასავლური საყრდენი 

23 ნოემბერი, 2022 • 1484
როქი მარჯვნივ: “ხალხის ძალა”, როგორც ქართული პოლიტიკის ახალი ანტიდასავლური საყრდენი 

ავტორები:  კორნელი კაკაჩია, ნინო სამხარაძე


მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, საქართველო მორიგი გამოწვევების  წინაშე დგას. ბოლო დროს ქვეყანაში  განვითარებული მოვლენების შედეგად, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება ევროპულ ორიენტირებს ეჭვქვეშ აყენებს წინააღმდეგობრივი შიდა და საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილებებითა და დასავლელი პარტნიორების მიმართ კრიტიკული გზავნილებით. ამ ეჭვებს კიდევ უფრო აძლიერებს მმართველ ძალასთან აფილირებული „ხალხის ძალად“ წოდებული ახალი მოთამაშე, რომელიც გამოირჩევა გამოკვეთილად ანტიდასავლური, პოპულისტური და კონსპირაციული გზავნილებით. იმის გათვალისწინებით, რომ „ხალხის ძალა“ მმართველი პარტიის გამორჩეულ კეთილგანწყობას იმსახურებს, ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ასეთი პოლიტიკური წარმონაქმნის ჩამოყალიბება არის ქართული ოცნების ერთგვარი წინასაარჩევნო სტრატეგიის  ნაწილი, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალი ტიპის სატელიტური პარტიის შექმნას შემდგომში მასთან მჭიდრო თანამშრომლობის მიზნით. 

სატელიტური პოლიტიკური მოთამაშეების ფენომენი და საქართველო

პოსტსაბჭოთა პოლიტიკურ კულტურებში, სადაც ძალაუფლებაში მყოფი პარტიის მუდმივი დომინაცია გავრცელებული პრაქტიკაა, არცთუ იშვიათად გამოიყენება „მართული დემოკრატიის“ (Managed Democracy) სტრატეგია, სადაც მმართველ ძალას ფორმალურად ჰყავს კონკურენტი პარტიები, რომლებიც სინამდვილეში წამყვანი პარტიის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურებიან და რეალურ ალტერნატიულ დებატს ვერ ქმნიან. უახლოეს წარსულში საქართველოსაც აქვს სატელიტური პარტიების შექმნის გამოცდილება ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის საზით, რომელიც მაშინ შეიქმნა, როცა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ენმ-ს რეაბილიტაცია სჭირდებოდა და ამაში ქდმ ეხმარებოდა.

დაახლოებით ამგვარ სცენარს წააგავს „ხალხის ძალად“ წოდებული ახალი პოლიტიკური სუბიექტის გამოჩენა, რომელიც სატელიტური პოლიტიკური ძალის არაერთ ნიშან-თვისებას ავლენს. მართალია, ფორმალურად დეპუტატთა ნაწილი საპარლამენტო უმრავლესობას გამოეყო, მაგრამ ახლო კავშირები ქართულ ოცნებასთან კვლავ ნარჩუნდება, რაც დამკვირვებლებს აფიქრებინებს, რომ „ხალხის ძალა“, სინამდვილეში, მმართველი პარტიის ფაქტობრივი ქვედანაყოფია. მმართველი პარტიისთვის ახალი მოძრაობის რიტორიკა ცალსახად მიუღებელი არ არის. ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ტაქტიკურ უთანხმოებად“ აფასებს საქართველოს უმთავრესი სტრატეგიული პარტნიორების მიმართ კომუნიკაციისას კონსპირაციულ და რადიკალურ ტონს და კანდიდატის სტატუსის „არაფრისმომცემად“ მოხსენიებას. 

გამოყოფათა ამ ტალღების შედეგად მმართველმა პარტიამ ფორმალურად დაკარგა საპარლამენტო უმრავლესობა, თუმცა ამ ფაქტს პარტიაში შესამჩნევი სიმშვიდით შეხვდნენ. რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებებს, რომ „ხალხის ძალა“ ცდილობს, “ოცნებისთვის” ტაქტიკური სივრცის შემზადებას ქვეყნის შიგნით, რომ ერთგულად მოემსახუროს მის ინტერესებს იქ, სადაც საჭირო იქნება და, ამავდროულად, ქვეყნის გარეთ  ხელს უწყობს „ოცნების“ შედარებით უფრო ზომიერ პარტიად წარმოჩინებას.

საქართველოს საგარეო პოლიტიკის კონტურები  „ხალხის ძალის“ მიხედვით

 „ხალხის ძალის“ საგარეო პოლიტიკური ვექტორი ფორმალურად პროდასავლურია, თუმცა რეალურად დასავლური მემარჯვენე რადიკალიზმის და ატლანტიკური სკეპტიციზმის ნაზავია. მიუხედავად იმისა, რომ მოძრაობის მიხედვით  მათი შეხედულება საზოგადოებასთან კომუნიკაციის შესახებ განსხვავდება „ქართული ოცნების“ ხედვისგან,  მმართველი პარტია იმდენად მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს ყოფილი დეპუტატების ერთობასთან, რომ ძალაუნებურად მნიშვნელოვანი ხდება ამ მოძრაობის ხედვის გაანალიზება საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ.

  • მითი ევროკავშირის კანდიდატობის შესახებ

მოძრაობის პირველი წევრები ქართულ ოცნებას ივნისის ბოლოს გამოეყვნენ. საინტერესეოა, რომ სამკაციანი მოძრაობის ძირითადი რიტორიკა პირველ ეტაპზე კანდიდატის სტატუსის საკითხს ეხებოდა და მოიცავდა ამ სტატუსის მნიშვნელობის დაკნინების მცდელობას, ხანდახან ანტისახელმწიფოებრივი და კონსპირაციაზე დაფუძნებული განცხადებების საფუძველზეც. ჯგუფი აცხადებს, რომ „კანდიდატის სტატუსი არაფრისმომცემია“ და ამისთვის ისეთი ქვეყანა, როგორიცაა მოლდოვა, ევროპამ „სულ მცირე, უმძიმესი ეკონომიკური პრობლემებისთვის გაწირა“. მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის ვერმიღების შემდეგ ხელისუფლების მიმართ  უკმაყოფილება თვალშისაცემად გაიზარდა, „ხალხის ძალის“ ეს რიტორიკა იყო მცდელობა, წარმოეჩინა ეს მარცხი ისე, თითქოს „არაფერი მნიშვნელოვანი ქვეყანას არ დაუკარგავს“, პირიქით, ამით საქართველო დაღუპვის საფრთხეებსაც კი გადარჩა, რაც გარკვეულწილად ქართული ოცნების ნარატივიცაა. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ამ ჯგუფის ყურადღების მიღმა დარჩა ევროკავშირის მასტაბილიზირებელი ფუნქცია, რომელსაც ბრიუსელი საქართველოში თამაშობს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მეშვეობით.

  • ნარატივი აშშ-ისა და „ომში ჩათრევის“ შესახებ

ევროკავშირის შემდეგ, დროთა განმავლობაში, განსაკუთრებული აგრესია ოცნების განდგომილი დეპუტატების მხრიდან თავს დაატყდა აშშ-ის საელჩოსაც. ისინი მიუთითებენ, რომ ადგილი აქვს  „[საელჩოს მხრიდან] სრულიად უპატივცემულო და უხეშ დამოკიდებულებას საქართველოს სუვერენიტეტისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ“.  ანტიამერიკულ რიტორიკაში ჭარბობს ომში ჩათრევის და მეორე ფრონტის შესახებ კონსპირაციებიც. „ხალხის ძალის“ კონსპირაციული ნარატივის სამიზნედ  იქცა  აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც. ის ამ ნარატივში წარმოდგენილია, როგორც იმ „რადიკალურ ჯგუფებთან“ – ოპოზიციასთან და არასამთავრობო სექტორთან – ერთად მოქმედი პერსონა, რომელთა მიზანია ქვეყნის არეულობა და მდგრადი განვითარებისთვის ხელის შეშლა. ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის  დამაზიანებელი ასეთი უპრეცენდენტო ბრალდება, რომელსაც „ხალხის ძალა“ უნისონში ავითარებს კრემლის ცნობილ პროპაგანდისტულ ნარატივებთან ერთად, ჩრდილს აყენებს ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებს. თუმცა ამ ჯგუფის არჩეული ეს სტრატეგია  სულაც არაა გასაკვირი იმ ფონზე, როდესაც როგორც ევროკავშირის, ნატოს სტრუქტურების, ასევე აშშ-ის საელჩოს მხრიდან ბოლო პერიოდში ხელისუფლება საკმაოდ ხშირად იმსახურებს კრიტიკას დემოკრატიული უკუსვლისა  და განუხორციელებული რეფორმების გამო.

  • შვეიცარიისა და დემოკრატიის შესახებ

მოძრაობა „ხალხის ძალის“ რიტორიკაში შვეიცარია მაშინ გამოჩნდა, როდესაც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა შვეიცარიულ ბანკსა და  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილს შორის უთანხმოების შესახებ. მათი თქმით, „ისეთი ევროპა, სადაც ბანკი, სასამართლო და მედია სამართლიანობისა და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ საერთო ტოტალური კოორდინაციის ქვეშ მოქმედებენ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა“, რაც ძალიან წააგავს საზოგადოების თვალში ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის საწინააღმდეგოდ მიმართულ დელეგიტიმაციის ხრიკს. ამ მოვლენათა ერთობლიობა აძლიერებს ეჭვებს, რომ „ხალხის ძალის“ მიერ შვეიცარიის კრიტიკა მმართველი პარტიის არაფორმალური ლიდერის ინტერესების ლობირებას ემსახურებოდა. დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ „ხალხის ძალის“ ამგვარი საგარეო პოლიტიკური ხედვა და მისი გავრცელება საზოგადოებაში, შესაძლოა, ემსახურებოდეს წარუმატებელი დასავლური ინტეგრაციით და დასავლეთიდან მომდინარე კრიტიკით იმედგაცრუებულ ამომრჩეველში იმ იდეების გავრცელებას, რომ საქართველოს დემოკრატიულ და ევროინტეგრაციულ წარუმატებლობაში დამნაშავეა ყველა, გარდა ხელისუფლებისა.

„ხალხის ძალა“ –  მოძრაობის რესურსები და რეალური ამოცანები

ბოლო თვეების განმავლობაში მმართველი პარტია ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს. შესაბამისად, მას სჭირდება, რომ დაკარგულ მხარდამჭერთა ნაწილი მაინც მიიმხროს ისეთმა პარტიამ, რომელიც მას თავის კონტროლის ქვეშ ეყოლება. თუმცა, იმ ფონზე, რომ მმართველი პარტია იძულებულია პროდასავლური კურსის მიმართ ფორმალური ერთგულება შეინარჩუნოს, „ხალხის ძალის“ მსგავსი მოთამაშე მას ერთგვარი შიდა მოხმარებისთვის სჭირდება. „განდგომილთა“ჯგუფმა დროის საკმაოდ მოკლე მონაკვეთში სრულიად უწყინრად მოახერხა ის, რომ ფორმალურად ქართულ ოცნებას საპარლამენტო უმრავლესობა დაეკარგა. შედეგად, შექმნა ილუზია, რომ მმართველი პარტია სამომავლო საპარლამენტო გადაწყვეტილებებზე ნაკლებადაა პასუხისმგებელი და შესაძლოა, უახლოესი საკონსტიტუციო განხილვების, სახალხო დამცველის არჩევის და სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების ფონზე „პროპორციული არჩევნების“ სცენარის გათამაშება კიდევ ერთხელ მოხდეს. 

„ხალხის ძალის“ კიდევ ერთი სამომავლო ფუნქცია შეიძლება იყოს ის, რომ მმართველ პარტიას მისი გამოყენებით – მასთან კოალიციის ან რაიმე ფორმის ალიანსის შექმნით – შესაძლებლობა ექნება ფორმალურად დააკმაყოფილოს ქართველი ამომრჩევლის დაკვეთა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება კოალიციურ მმართველობას და პარტიათაშორის თანამშრომლობას ემხრობა. შედეგად, ქვეყანაში შესაძლოა მივიღოთ ერთგვარი კვაზიკოალიცია ისე, რომ ქართულმა ოცნებამ თავი დააღწიოს სხვა ოპოზიციურ აქტორებთან თანამშრომლობის აუცილებლობას.

უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში კი ცხადია, რომ მოძრაობა სახელმწიფოს დამაზიანებელი და მმართველი პარტიისთვის სასურველი პროპაგანდისტული ნარატივების კიდევ უფრო ფართო საზოგადოებაში გავრცელებას ისახავს მიზნად. მას ამისთვის მნიშვნელოვანი რესურსიც გაუჩნდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოძრაობის ერთ-ერთი წევრი პროსამთავრობო ტელევიზიის მფლობელი გახდა. მოძრაობა, ასევე, ფლობს იმის რესურსსაც, რომ 2024 წლისთვის მობილიზაცია გაუკეთოს გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსერვატიულად განწყობილ ნაწილს  და ქართულ ოცნებასთან საარჩევნო თანამშრომლობის შედეგად „ოცნებას“ საარჩევნო მაჩვენებლები გაუზარდოს.

ახალი რისკები მრავალპარტიული დემოკრატიისთვის საქართველოში

 „ხალხის ძალად“ წოდებული ახალი მოძრაობა პოლიტიკურ ველზე მხოლოდ რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა. თუმცა მის ხელში არსებული პოლიტიკური, ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ერთობლიობა, ასევე, მმართველ ძალასთან მჭიდრო კავშირები იძლევა, საშუალებას, რომ მათ ხელი შეუშალონ დემოკრატიული  პროცესების წარმართვას საკანონმდებლო ორგანოში ისე, რომ მმართველ პარტიას ნაკლები პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამის პარალელურად კი, საზოგადოებაში ისეთი ნარატივების გავრცელების საშუალება იქმნება, რომელთა ოფიციალურად გახმიანება ქართულ ოცნებას გარკვეულ უხერხულობას უქმნის  (მაგალითად, დასავლელი აქტორების პირდაპირი კრიტიკა და მათთან ღია კონფრონტაციაში შესვლა). 

გრძელვადიან პერსპექტივაში „ხალხის ძალას“ შეუძლია ერთგვარი მეხამრიდის როლი ითამაშოს მომავალ პოლიტიკურ პროცესებში და საკუთარი პოპულისტური დემაგოგიით გარკვეული კომფორტი შეუქმნას მმართველ პარტიას მრავალპარტიული, პლურალისტური დემოკრატიის „დაგეგმვის“ პროცესში. საბოლოო ჯამში, ამ რიტორიკის შემდგომი წახალისების შემთხვევაში, ეს ყველაფერი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიულ  მომავალს,  არამედ  ეჭვქვეშ აყენებს ქვეყნის ხელისუფლების ევროატლანტიკურ ამბიციებს.  

პუბლიკაციის სრული ვერსია იხილეთ აქ.


ავტორების შესახებ: კორნელი კაკაჩია და  ნინო სამხარაძე არიან საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის ექსპერტები. 


რედაქციისგან: კომენტარების სექციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს  “ნეტგაზეთის” პოზიციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი