კომენტარი

“წინ მივიწევთ, მზად ვართ მშვიდობისთვის” — ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

14 ნოემბერი, 2022 • 866
“წინ მივიწევთ, მზად ვართ მშვიდობისთვის” — ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ გასული კვირის მიწურულს გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონში ჩავიდა.

ზელენსკი ქალაქში შეკრებილ სამხედროებს ესაუბრა, აღნიშნა, რომ უკრაინა “წინ მიიწევს” და მზადაა მშვიდობისთვის.

უკრაინის შეიარაღებული ძალები ქალაქ ხერსონში 11 ნოემბერს შევიდნენ. ეს მოხდა  რუსეთის მიერ ქალაქიდან უკან დახევის შესახებ განცხადებიდან ორ დღეში.

8-თვიანი ოკუპაციის შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობა უკრაინის ჯარს ოვაციებით დახვდა.

“ჩვენ წინ მივიწევთ”, — მიმართა 14 ნოემბერს ხერსონში ჩასულმა პრეზიდენტმა ქალაქის მთავარ მოედანზე, ადმინისტრაციის შენობასთან შეკრებილ სამხედროებს. იქვე იმყოფებოდნენ სამოქალაქო პირები ბავშვებთან ერთად.

“ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის”, — ციტირებს სააგენტო Reuter ზელენსკის.

სააგენტოს ცნობით, უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს, რომლებიც ქვეყანას ეხმარებიან რუსეთის მიერ წარმოებულ ომში.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ-ის მიერ მიწოდებულმა რაკეტებმა ვითარება მნიშვნელოვნად შეცვალა კიევის სასარგებლოდ.

საპასუხოდ ჟურნალისტის კითხვისა, მომდევნო ჯერზე რომელი მიმართულებით შეიძლება წაიწიონ უკრაინელმა სამხედროებმა, ზელენსკიმ თქვა: “მოსკოვისკენ არა… სხვა ქვეყნის ტერიტორიებით დაინტერესებულნი არ ვართ”.

უკრაინის პრეზიდენტის ინფორმაციით, გამომძიებლებმა აღრიცხეს 400-ზე მეტი ომის დანაშაული ხერსონის იმ ტერიტორიებზე, რომლებიც რუსეთის ძალებმა მიატოვეს უკან დახევისას.

რუსეთის ჯარებმა ხერსონის ოლქი უკრაინაში შეჭრის პირველ დღეებში დაიპყრეს. ქალაქი ხერსონი იყო ერთადერთი რეგიონული დედაქალაქი, რომლის დაკავებაც მოსკოვმა 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებული ომის შემდეგ შეძლო.

სექტემბრის ბოლოს რუსეთმა ხერსონისა და უკრაინის კიდევ სამი ოლქის — დონეცკის, ლუგანსკისა და ზაპოროჟიეს — ანექსია გამოაცხადა, რასაც წინ უძღოდა მათი ოკუპაცია და უკანონო რეფერენდუმები.

უკრაინამ ხერსონის ოლქში კონტრშეტევა შემოდგომის დასაწყისიდან წამოიწყო.

საბოლოოდ, მიმდინარე თვეში რუსეთის ძალებმა ოლქის ნაწილიდან უკან დაიხიეს და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან მარცხენა სანაპიროზე გადავიდნენ.

ვოლოდიმირ ზელენსკის 12 ნოემბრის განცხადების თანახმად, ხერსონის ოლქში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 60 დასახლებულ პუნქტზე დაამყარეს კონტროლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი