კომენტარი

“კაცი, რომელსაც იმის გამო, რომ წიგნი არ მოეწონა, ვიღაცას სცემს, ის ჯანსაღი არ არის”

5 მაისი, 2010 • • 1451
“კაცი, რომელსაც იმის გამო, რომ წიგნი არ მოეწონა, ვიღაცას სცემს, ის ჯანსაღი არ არის”

ლევან ბერძენიშვილი 4 მაისს ილიას უნივერსიტეტთან გამართული აქციის შესახებ, რომელიც ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა

როგორ აფასებთ გუშინ ილიას უნივერსიტეტთან გამართულ აქციას?

ყველანაირი ძალადობა არის მიუღებელი. სიტყვის თავისუფლება არ არის იოლი კატეგორია და საზოგადოების რაღაც ნაწილი, როგორც ჩანს, არ არის მზად, აიტანოს იგი, რადგან ეს მხოლოდ კეთილ სიტყვას არ ნიშნავს. რაც მოხდა, დაუშვებელია. სხვათა შორის, გაკვირვებული ვარ, მე რომ მოვიქნიო ხელი და ვინმეს მოვარტყა, ნამვდილად ვიცი, რომ დამიჭერენ. ხალხმა კი, ე.ი. რა ვიცი, ლამის პოლიციელები სცემა და არაფერი.

რას შეიძლება ეს ნიშნავდეს?

როგორც ჩანს, საქართველოში ხელისუფლებას ერთგვარი შიში აქვს გარკვეული ტიპის ექსტრემისტული აზრების მიმართ. იმიტომ, რომ კაცი, რომელსაც, იმის გამო, რომ წიგნი არ მოეწონა, ვიღაცას სცემს, ჯანსაღი არ არის. ეს  დაუშვებელია და დანარჩენი უკვე გემოვნების საკითხია. წიგნი ზოგს მოეწონება და ზოგს არა. საბჭოთა კავშირში ფაქტიურად არ მოსწონდათ ნობელის პრემიის მომავალი ლაურეატების პასტერნაკის და სოლჟენიცის წიგნები. მე, რა თქმა უნდა, არ ვადარებ მათ. ეს წიგნი ისეთი მხატვრული დონის არ არის.
ხელს ვინც დაარტყამს, გინდა რელიგიის სახელით და გინდა ხელისუფლების სახელით, კრიმინალია.

რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ ღიად დაუჭირა მხარი წიგნის გაპროტესტებას, თქვენ არ გაგიჩნდათ სურვილი, აზრი გამოგეხატათ?

ხელს ვინც დაარტყამს, გინდა რელიგიის სახელით და გინდა ხელისუფლების სახელით, კრიმინალია. რა პარტიის საქმეა წიგნის დაგმობა, მაგრამ დაგმონ, რა მოხდა მერე. მთავარი არის სიტყვის თავისუფლება. სიტყვის თავისუფლებით ზოგი  კარგად ისარგებლებს, ზოგი – ცუდად. არ მოგწონს, კალამი არის, ქაღალდი არის, პრესა არის, გამოთქვი შენი აზრი. როგორ შეიძლება ხელის დარტყმა  იმის გამო, რომ რაღაც არ მოგწონს. შენ მე შეურაცხყოფა მომაყენე, იმიტომ, რომ წიგნი დაწერე, მაპატიეთ, მაგრამ რომელი საუკუნის აზროვნებაა და საიდან მოდის ეს აზროვნება, სხვა საკითხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი