ურთიერთსაწინააღმდეგო მოსაზრებები

გუშინ, საღამოს 5 საათზე, დაწყებულ აქციაზე მდგომარეობის გამწვავებამდე ნეტგაზეთმა აქციის მონაწილეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაწერა. მათი ნაწილი ილიას უნივერსიტეტთან  ფაშიზმის დასაგმობად და გამოხატვის თავისუფლების იდეის მხარდასაჭერად შეიკრიბა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინა დღის მოთხოვნებს იზიარებდნენ, ან უბრალოდ არ ეთანხმებოდნენ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობა“ უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში გაყიდვის და კაფე „ლიგამუსში“ 15 აპრილს წიგნის პრეზენტაციის გამართვის ფაქტს. აქციაზე აქტუალური იყო სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველოს გახსნის მოთხოვნაც.

ნინო ძანძავას ფოტო
ნინო ძანძავას ფოტო

გუშინ, საღამოს 5 საათზე, დაწყებულ აქციაზე მდგომარეობის გამწვავებამდე ნეტგაზეთმა აქციის მონაწილეები და უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაწერა. მათი ნაწილი ილიას უნივერსიტეტთან  ფაშიზმის დასაგმობად და გამოხატვის თავისუფლების იდეის მხარდასაჭერად შეიკრიბა. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წინა დღის მოთხოვნებს იზიარებდნენ ან უბრალოდ არ ეთანხმებოდნენ ერეკლე დეისაძის წიგნის „საიდუმლო სირობა“ უნივერსიტეტის წიგნების მაღაზიაში გაყიდვის და კაფე „ლიგამუსში“ 15 აპრილს წიგნის პრეზენტაციის გამართვის ფაქტს. აქციაზე აქტუალური იყო სასწავლო დაწესებულებაში სამლოცველოს გახსნის მოთხოვნაც.

ბექა მინდიაშვილი, თეოლოგი

ეს არ არის მარტო გუშინდელ ფაქტთან დაკავშირებული პროტესტი. ეს არის პროტესტი საქართველოში ფაშისტური, ნაცისტური, ფუნდამენტალისტური, ექსტრემისტული დამოკიდებულებების წინააღმდეგ. ადამიანები, მართლმადიდებლობის სახლით, სხვა ადამიანების განადგურებას ითხოვენ. მაგალითად, გულაშვილი აცხადებს, რომ გიგი თევზაძე თავის ბუდეშივე უნდა მივახრჩოთ თუ ჩავკლათ.  დღეს აქ ახალგაზრდა ადამიანები ამბობენ, რომ უნდა დავხოცოთ, მაგალითად,  სექსუალური უმცირესობები. სხვები ამბობენ, რომ საქართველოში მართლმადიდებლების გარდა არავინ უნდა ცხოვრობდეს. ეს არის ის, რასაც თავის დროზე ჰიტლერი ებრაელების, ჰომოსექსუალების, ბოშების წინააღმდეგ ამბობდა, მოგვიანებით კი განახორციელა კიდეც. იმისათვის, რომ საქართველოში  შეუწყნარებლობას გასაქანი არ მიეცეს, საზოგადოებამ ხმა უნდა ამოიღოს. ადამიანებს აქვთ ქსენოფობური შეხედულებების გამოხატვის უფლება, მაგრამ ამ შეხედულებების განხორციელების უფლება მათ არ უნდა ჰქონდეთ. ერთი მხრივ, ჩვენ უნდა მივმართოთ სახელმწიფოს, რომ საქართველოს კონსტიტუციისა და სამართალის დარღვევის შეთხვევაში (ასეთი შემთხვევები კი იყო) მოახდინოს რეაგირება – დაიჭირონ ეს ადამიანები და აღკვეთონ მათი დანაშაული. ეს მნიშვნელოვანი პრევენცია იქნება, მაგრამ მეორე მხრივ, საზოგადოებამ უნდა გამოხატოს პროტესტი ამის წინააღმდეგ. დღეს ამას ვაკეთებთ.

სიმონ ჯანაშია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი

სტუდენტებს აქვთ უფლება მოითხოვონ ნებისმიერი რამ, მათ შორის სამლოცველოც. თუმცა, უნივერსიტეტს საკუთარი პოლიტიკა აქვს. ამ უნივერსიტეტის პოლიტიკაა, რომ კვლევითი და სასწავლო დაწესებულება იყოს. სალოცავად საქართველოში ძალიან ბევრი ადგილია. არის მეორე საკითხი, რაზეც უნივერსიტეტის ადმინისტრაციას არ უსაუბრია: თუ სამლოცველოს აკეთებ, მულტიკონფესიური უნდა გააკეთო, ანუ ყველა რელიგიის წარმომადგენლისთვის და არა უმრავლესობისთვის მხოლოდ. ასე, რომ ეს პრობლემური საკითხია.

უნივერსიტეტის იდეა არ არის იყოს სალოცავი ადგილი. არამედ სივრცე, სადაც ადამიანები სწავლობენ და იკვლევენ. მარტო ამ ქუჩაზე სულ მცირე ოთხი ეკლესიაა. თუმცა, ეს ეკლესიები ერთი რელიგიური მიმდინარეობისაა.

ჩემი აზრით, ეს ამბები ერთი წიგნის პრეზენტაციასა და სამლოცველოს თემას არ გამოუწვევია. იმიტომ, რომ, ვინც გუშინ, ვითომ ამ საკითხებს აპროტესტებდა, მართლმადიდებლურ მოძრაობას რომ ეძახის თავის თავს, ის ხალხია, რომელსაც ადრე სხვა სახელი ერქვა, მაგალითად, „შემოგვიერთდი“ , იმის წინ კი –„დაიცავი საქართველო“. ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ხალხი, რომელიც ცდილობს ისე დახატოს სურათი, თითქოს საქართველოში რაღაცას ებრძვიან. რა თქმა უნდა, არსებობენ სტუდენტები, რომლებსაც საკუთარი ინტერესი აქვთ  და ასეთ აქციებს უერთდებიან, მაგრამ ორგანიზატორები ისინი ნამდვილად არ არიან.  

მშკ ნამდვილად არ არის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, ეს არის  მართული ფუნდამენტალისტური საზოგადოება, რომელიც აპროტესტებს იმ ფორმებით, რაც სხვის თავისუფლებას ზღუდავს.  ეს დაუშვებელია.

შეიძლება, უნივერსიტეტში არიან სრუდენტები, რომლებსაც არ სიამოვნებთ სხვისი პროტესტი, შეიძლება, არ ემთხვევა ღირებულებები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უნდა აუკრძალონ სხვას პროტესტი. ამის უფლება არ უნდა მივცეთ  არც ერთ და არც მეორე მხარეს.

ამ უნივერსიტეტში ასწავლიან არა მხოლოდ იმას, როგორ უნდა იყო ისტორიკოსი ან მათემატიკოსი, არამედ იმას, თუ რას ნიშნავს დემოკრატია, სხვისი მოსმენა და პატივისცემა.

ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი. სპეციალობა – საბანკო საქმე

უნივერსიტეტში, რომელიც ილია მართლის სახელობისაა, ვფიქრობ, სამლოცველო უნდა იყოს. რათა სტუდენტებს დღის ნებისმიერ პერიოდში, როცა ლექცია არ იქნება, ლოცვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მგონი, ამაში ცუდი არაფერი იქნება. ეს ყველაფერი სწავლის პროცესს არ უკავშირდება. ლოცვა ყველა ადამიანისთვის კარგია. აქ ახლოს არსებული ტაძარი სხვა სახელობისაა. ეს კი ილია მართლის სახელობის რომ იყოს, ამაზეა საუბარი.  

ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. სპეციალობა –ევროპისმცოდნეობა

მე არ ვეკუთვნი სტუდენტების იმ ნაწილს, ვინც სამლოცველოს გახსნას მოითხოვს. ყველაფერს თავისი ადგილი აქვს. სამლოცველო სადმე ახლოს შეიძლება გაიხსნას, მაგრამ ისედაც საკმარისად გვაქვს. ვისაც ლექციების შუალედში ლოცვა უნდა, შეუძლია თსუ–ს ეზოში არსებულ სამლოცველოში წავიდეს. წინააღმდეგიც არ ვარ, მაგრამ მე არ მაქვს ამის აუცილებლობა. ხალხს მაინცდამაინც ლექციებს შორის თუ სჭირდება ლოცვა, წინააღმდეგი ვერ ვიქნები. თუმცა, ამან შეიძლება სასწავლო პროცესს ხელიც შეუშალოს. საკმარისი აუდიტორიები ისედაც არ არის.

ხელოვნებისა და მეცნიერებათა ფაკულტეტი. მესამე კურსის სტუდენტი. სპეციალობა – ფილოსოფია

დღეს აქციაზე იმ სიბნელის გასაპროტესტებლად მოვედი, რომელიც საქართველოშია. ეს ხელს უწყობს ისეთი ფაშისტური დაჯგუფებების არსებობას, გუშინ რომ მოვიდნენ ჭავჭავაძის წინ. არამარტო მშკ, გულაშვილის დაჯგუფებაც იყო. ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტის სტუდენტობის 80%–ის აზრი ასეთია. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა მორწმუნე მართლმადიდებელია.

თავიდან უნივერსიტეტში იყო აზრი, რომ კახაბერ კურტანიძეს სხვადასხვა რელიგიური ლიტურგიები ესწავლებინა. მაგრამ სამლოცველო, ჩემი აზრით, მიუღებელია. ამ უნივერსიტეტში სწავლობენ როგორც ქრისტიანები, ისე არაქრისტიანები. მაშინ სხვასაც უნდა გაუხსნან ბუდისტური ან მუსულმანური ეკლესია. მაგალითად, მე საკუთარ თავს ქრისტიანებში არ ვგულისხმობ.

ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი. მეორე კურსის სტუდენტი

არ იყო საჭირო აქ ასეთი აქციის მოწყობა. 90% სტუდენტებისა ამ აზრს არ ეთანხმება. მგონი ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს აქ  არ არიან. უცხო ხალხია მოსული. ჩვენ არაქართულს და ყველაფერს, რაც ჩვენს ტრადიციებს არ შეესაბამება, ვეწინააღმდეგებით. მაგალითად, „ცისფერობა“ ქართულია? როგორ შეიძლება ღვთისმშობელზე ეგეთი რამე დაწერო. დეისაძის წიგნი არ წამიკითხავს. მხოლოდ ამონარიდები და საშინლად გავღიზიანდი. ჩირქი მოგვეცხო. ჭავჭავაძე არ არის უნივერსიტეტი, სადაც ეგეთი რამ უნდა მომხდარიყო.  

მოხარული ვიქნები, თუ აქ სამლოცველო გაიხსნება. საჭიროა. ყველა უნივერსიტეტს აქვს თითქმის. ჭავჭავაძესაც უნდა ჰქონდეს. არავის ჩამოუვარდება ეს უნივერსიტეტი. ყველას, ვინც აქ სწავლობს, უყვარს ეს უნივერსიტეტი. ქრისტიანი ადამიანისთვის სამლოცველო ყველგან უნდა იყოს. სამლოცველო იქნება, არ იქნება, ადამიანი თუ სწავლობს უნდა ისწავლოს. მაგრამ სამლოცველო უნდა იყოს, იმიტომ რომ 99% ქრისტიანები ვართ.

სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. მესამე კურსის სტუდენტი

წიგნი არ წამიკითხვს, მაგრამ პრეზენტაციაზე ვიყავი და იქ წარმოდგენილი ვიდეოები ვნახე. შეიძლება წიგნი არ მომწონდეს, მაგრამ მშკ აქ ნამდვილად არ უნდა მოვარდნილიყო. რასაც უნდა იმას გაყიდიან წიგნის მაღაზიაში. შეიძლება, წიგნი არ მომწონდეს ან არ წავიკითხო, მაგრამ გუშინდელი მშკ–სნაირი ორგანიზაციების აქციები არ უნდა გაიმართოს. დღეს აქ ამიტომ მოვედი. ეს არის  პასუხი მშკ–ს გუშინდელ აქციაზე. ჩვენ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთ.  უნივერსიტეტში სამლოცველოს არსებობის წინააღმდეგი არ ვარ. გამოვიყენებდი.

მეორე კურსის სტუდენტი. სპეციალობა – იურისტი

რაც ჩვენი, ქრისტიანობის და ქართველობის წინააღმდეგ არის მიმართული, იმას ვაპროტესტებ. ეს არის ქართველი ერის გარყვნა და სირცხვილი. არ შეიძლება ამის საქართველოში დაშვება. წიგნზე ვსაუბრობ. მრცხვენია, რომ დეისაძის წიგნი აქ იყიდება. ესენი კი ამ უმსაგავსობას და არაქართველობას ემხრობიან. ამნაირი გარყვნილება ჯერ არ წამიკითხავს. მხოლოდ ამონარიდებს გავეცანი. მეტს არც წვიკითხავ, იმიტომ რომ შემრცხვა.

სამლოცველოს გახსნის მოთხოვნას ხელი მოვაწერე. ერთ კუთხეს ვითხოვთ. სხვა სარწმუნოების წინააღმდეგ არ გამოვდივარ. მთავარია ჩვენ გვქონდეს საშუალება ერთი სანთელი ავანთოთ, სანამ გამოცდაზე შევალთ. ეს არავის შეურაცხყოფა არაა. გაკეთდეს სხვისი კუთხეც. ოღონდ იეღოველების არა. ბოლოს და ბოლოს, ეს უნივერსიტეტი ილია მართლის სახელს ატარებს. პირველი კურსიდან მოყოლებული ვითხოვთ სამლოცველოს გახსნას. თუმცა, ხელი ამას წინათ მოვაწერე, როცა ორგანიზება დაიწყო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო ძანძავა