კომენტარი

ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას უნდა ველოდოთ – სამხარაძე მობილიზაციაზე

21 სექტემბერი, 2022 • 1541
ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას უნდა ველოდოთ – სამხარაძე მობილიზაციაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ელის, რომ რუსეთში მობილიზაციის გამოცხადებასთან დაკავშირებით საქართველოში გაიზრდება ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოდინება.

სამხარაძის შეფასებით, მობილიზაციის გამოცხადებით “ნათლად გამოჩნდა, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდა”.

“აქამდე ისინი ამ ოპერაციას აფასებდნენ როგორც სპეციალურ ოპერაციას და ამბობდნენ, რომ მხოლოდ და მხოლოდ გაწვრთნილი საკონტრაქტო ჯარით აპირებდნენ საკუთარი მიზნების მიღწევას. როგორც ჩანს, მათ ეს უკვე ძალიან უჭირთ. შესაბამისად, გამოაცხადეს მობილიზაცია, რაც თავისთავად მათ სისუსტეზე მიუთითებს. რაც შეეხება გავლენას ჩვენზე, ალბათ, ეთნიკურად ქართველი რუსეთის მოქალაქეების შემოდინებას უნდა ველოდოთ. აქამდეც, იმ 30 000 რუსეთის მოქალაქიდან, რომელიც საქართველოში გრძელვადიანად შემოვიდა (მე არ ვგულისხმობ ტურისტებს), თითქმის ნახევარი ისედაც ეთნიკურად ქართველი იყო. ამ მხრივ, მე ველი, რომ შეიძლება უფრო მეტი ეთნიკურად ქართველი დაბრუნდეს საქართველოში”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” სამხარაძემ.

ის არ ფიქრობს, რომ ეთნიკურად არაქართველი რუსეთის მოქალაქეების “ძალიან დიდი რაოდენობა” ჩამოვა საქართველოში, ამბობს რა, რომ “აქ მათ საარსებოდ არ ექნებათ შესაბამისი პირობები”.

რაც შეეხება იმას, საჭიროა თუ არა რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის წესების შეცვლა ან გამკაცრება, სამხარაძე ამბობს, რომ ეს უშიშროების სამსახურის და შსს-ს პრეროგატივაა.

“ისინი უნდა დააკვირდნენ დინამიკას, განსაზღვრონ რისკები და ამის შედეგად გასცენ რეკომენდაციები, თუ რამე საკანონმდებლო ცვლილება იქნება საჭირო”, – დასძინა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი