კომენტარი

საქართველოსადმი აშშ-ის ინტერესის დაკარგვის რისკი არსებობს — ინტერვიუ დევიდ კრამერთან

7 სექტემბერი, 2022 • 1706
საქართველოსადმი აშშ-ის ინტერესის დაკარგვის რისკი არსებობს — ინტერვიუ დევიდ კრამერთან

კოვიდ-პანდემიით გამოწვეული 2-წლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ, მაკკეინის ინსტიტუტმა საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტმა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა თბილისში მე-6 საერთაშორისო კონფერენციას სახელწოდებით „დიდება უკრაინას!“ უმასპინძლეს.

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ქართველი, ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების, უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ბიზნესის წარმომადგენლების თავშეყრის ადგილს და დისკუსიის პლატფორმას წარმოადგენს, თუმცა „ქართულმა ოცნებამ“ მასში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ორგანიზატორები კი რადიკალური ოპოზიციის ლობირებაში დაადანაშაულა.

მმართველი გუნდის ბრალდებებზე, აშშ-საქართველოს ბოლოდროინდელი ურთიერთობების დინამიკასა და უკრაინისადმი ვაშინგტონის დახმარებაზე „ნეტგაზეთი“ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწეს და ამჟამად ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის წარმომადგენელს დევიდ კრამერს ესაუბრა.

— წელს პირველად, საქართველოს მთავრობა არ ესწრება თბილისის საერთაშორისო კონფერენციას და ღიად დაუპირისპირდა ორგანიზატორებს, თქვა რა, რომ აფილირებული ხართ რადიკალურ ოპოზიციასთან…

— დიახ, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მთავრობამ გადაწყვიტა, კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღოს, რაც, ვფიქრობ, შეცდომაა. ოპოზიციის სამი წარმომადგენელი იყო პანელისტებს შორის. „ქართულ ოცნებას“ შეეძლო, იქ ყოფილიყო და თავისი საქმიანობა წარმოეჩინა, თუმცა შესაძლებლობა ხელიდან გაუშვეს. მაგრამ ბრალდებები, რომ ჩვენ ვართ ოპოზიციის ლობისტები, სასაცილო და შეურაცხმყოფელია. თუ ეს არის ის, რა გზითაც ისინი ხელისუფლების ქმედებების კრიტიკის უარყოფას ცდილობენ, მეტი კრეატიულობა მართებთ. მე ვყოფილვარ კრიტიკული ოპოზიციური პარტიების მიმართ. ვფიქრობ, მათ შეცდომა დაუშვეს პარლამენტის ბოიკოტირებით და გავაკრიტიკე ამის გამო. მე არ ვუჭერ მხარს არცერთ პოლიტიკურ პარტიას საქართველოში. მხარს ვუჭერ ქართველ ხალხს და საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან. მე არ მომწონს მთავრობის კრიტიკა, მაგრამ გავაკეთებ ამას,  როცა ვფიქრობ, რომ  საჭირო და აუცილებელია. მაგრამ ვისურვებდი, რომ მათ ეს კრიტიკა მიიღონ, როგორც საქართველოს მტკიცე მეგობრისა და მხარდამჭერისგან, ვიდრე დამადანაშაულონ ოპოზიციის ლობირებაში.

— თქვენ თქვით, რომ ეს კონფერენცია ხაზს უსვამს ქართველ და ამერიკელ ხალხს შორის მეგობრობას ამ ძალიან რთულ პერიოდში. ფიქრობთ, რომ საქართველოს ხელისუფლება რისკავს საერთაშორისო მეგობრების დაკარგვას?

— ვფიქრობ კი და ეს არის ის, რაც მე მაშინებს. ევროპას და ამერიკის შეერთებულ შტატებს ბევრ პრობლემასთან უწევთ გამკლავება. პირველი და ყველაზე მთავარია უკრაინის დახმარება რუსეთის დამარცხებაში. საქართველო წარსულში იქცევდა აშშ-ის და ევროპის ყურადღებას იმიტომ, რომ იყო წარმატებული, პოზიტიური ამბავი რეგიონში, რომელსაც სხვა მხრივ, ბევრი გამოწვევები აქვს. აშშ-ისთვის და ევროპისთვის ადვილი იქნება საქართველოს იგნორირება, გვერდით გახედვა და სხვა პრიორიტეტებზე ფოკუსირება, თუ საქართველო უკუსვლას განიცდის,  უკან დაიხევს არადემოკრატიულ ქცევისკენ. ვიმედოვნებ, რომ საქართველო მტკიცედ დარჩება პოზიტიურ ისტორიად, როგორიც იყო წლების განმავლობაში, რომ ჩვენ შევძლოთ დავეხმაროთ წარმატების მიღწევასა და დასავლეთში ინტეგრაციაში. მაგრამ სხვა ყველაფრის ჩათვლით, რასაც დასავლეთი უნდა გაუმკლავდეს, ძალიან არ მინდა ვნახო, რომ ჩვენ ვკარგავთ ინტერესს საქართველოსადმი, რადგან ის ახალ პრობლემად იქცევა.

ამის რისკი არსებობს. აშშ დარჩება საქართველო ძლიერ მხარდამჭერად. ელჩმა დეგნანმა კონფერენციაზე ისაუბრა იმ ყველაფერზე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ აქ და ეს გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს ძლიერი ინტერესი დავეხმაროთ ქართველ ხალხს, საქართველოს უსაფრთხოებას, ეკონომიკას, საყოველთაო ჯანდაცვას. საქართველო საკვანძო ქვეყანაა რეგიონში. მაგრამ ოფიციალურ პირებს ვაშინგტონში ბევრი საქმე აქვთ და თუ საქართველო გახდება ერთ-ერთი  პრობლემურ ქვეყანათაგან, მან შეიძლება ვერ მიიღოს ის მხარდაჭერა, რაც წარსულში ჰქონდა. არ მინდა ეს მოხდეს. მინდა, აშშ-ის ჩართულობა საქართველოში. ამ კონფერენციის გამართვა თბილისში — ამ შესანიშნავ ქალაქში — საქართველოსადმი ჩვენი ინტერესის არეკვლაა. ვიმედოვნებ, ეს გაგრძელდება, მაგრამ შეშფოთებული ვარ  პოლიტიკური განვითარებებით, რაც აქ ხდება.

— „ქართული ოცნების“ პროპაგანდაა, რომ საქართველო დაისაჯა და ვერ მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იმის გამო, რომ უარი თქვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნაზე. რას ფიქრობთ ბრალდებაზე საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობის შესახებ?

— საოცრად სულელური ბრალდებაა. ისეთი, რომელიც ნამდვილად არ იმსახურებს პასუხს. მოსაზრება, რომ ჩვენ გვინდა ომის გაფართოება და საქართველოს ჩათრევა მასში, რეალობას დაშორებულია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკრაინას და საქართველოს ბევრი საერთო აქვთ. ორივე პუტინის აგრესიის მსხვერპლია. არავის სურს საქართველოს ჩართვა სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ ცხადია, უკრაინელები საქართველოს მთავრობისგან მხარდაჭერის ნაკლებობას გრძნობენ. მე განვასხვავებ მთავრობას და საქართველოს ხალხს. ქართველმა ხალხმა მრავალჯერ დააფიქსირა მათი ძლიერი სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. მაგრამ მთავრობის პოზიცია, როდესაც საქმე ეხება უკრაინის მხარდაჭერას, არ არის კარგი და გულს მტკენს უკრაინას და საქართველოს შორის დაძაბულობა.

— მეტი რა შეეძლო გაეკეთებინა საქართველოს მთავრობას უკრაინის მხარდასაჭერად?

— საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, შეუერთდეს სანქციებს თუ არა. ეს ძნელი გასაკეთებელია პატარა ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთის მეზობელია. მოლდოვა არ შეერთებია სანქციებს. მაგრამ ვფიქრობ, არ უნდა იყოს კითხვები, საქართველოს მთავრობა დგას თუ არა უკრაინის მთავრობის და უკრაინელი ხალხის გვერდში; აღიარებს, რომ რუსეთი — აგრესორი,  უკრაინა კი უდანაშაულო მხარეა ამ ომში; ნებისმიერი შესაძლებლობისას აჩვენებდეს სოლიდარობას უკრაინის მიმართ და არ დატოვოს ეჭვი, რომ სანქციების არიდებას ხელს არ უწყობს. მე არ მაქვს მტკიცებულება, რომ ეს ვივარაუდო. ვნახე ცნობები, რომ ეს ხდება და ვიმედოვნებ, რომ ასე არ არის.

— კონფრონტაციული განცხადებების მერე, „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული გადაჯგუფება გააკეთა. ოთხი დეპუტატი და საკრებულოების წევრები, რომლებიც უფრო პირდაპირები არიან დასავლეთის კრიტიკაში, მათ შორის, აშშ-ის ელჩს ადანაშაულებენ საქართველოს ომში ჩართვის განზრახვაში, გამოეყვნენ პარტიას. ვინმეს სჯერა შეერთებულ შტატებში, რომ ეს ადამიანები „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებლად მოქმედებენ?

— ეჭვი მეპარება. სასაცილოა იფიქრო, რომ ამ ოთხმა დეპუტატმა უცებ დატოვა პარტია და დამოუკიდებლად აკეთებენ განცხადებებს. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი აქ და ყველგან სხვაგან აშშ-ის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს წარმოადგენს. ელჩზე თავდასხმით ისინი თავს ესხმიან აშშ-ის პრეზიდენტს და ამერიკელ ხალხს.

— თქვენი აზრით, რატომ აკეთებენ ამას?

— არ ვიცი, ეს მათ უნდა ჰკითხოთ. თუ ისინი ფიქრობენ, რომ აშშ-ზე შეტევა ჭკვიანურია, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ. ჩემი აზრით, ეს არაგონივრულია.

— ბოლოს, აშშ-ში ზეც გკითხავთ. ახლოვდება შუალედური არჩევნები. როგორია თქვენი მოლოდინი და არჩევნების შედეგებმა რამდენად შესაძლებელია, რომ იმოქმედოს უკრაინის მხარდაჭერის პოლიტიკაზე?

— არა მგონია, იმოქმედოს. ვფიქრობ, უკრაინის მიმართ გაგრძელდება ორპარტიული მხარდაჭერა, რაც ძალიან ძლიერია. მართალია, ზოგიერთმა რესპუბლიკელმა უკრაინის მხარდაჭერის წინააღმდეგ მისცა ხმა. ასევე, ერთმა სენატორმა ჯოშ ჰოლმა არ დაუჭირა მხარი ნატო-ში ფინეთის და შვედეთის გაწევრიანებას. არ არის ჭკვიანური არჩევანი. მაგრამ ვფიქრობ, საერთო მხარდაჭერა გაგრძელდება აშშ-ში და ვფიქრობ, იგივე ეხება ევროპას. დიახ, ჩვენ მაღალ ფასს ვიხდით ომის გამო, გაიზარდა გაზის ფასები და ა.შ. არ უარვყოფ, რომ რთულია, მაგრამ იმასთან შედარებით, რასაც უკრაინელები გადიან — იბრძვიან და კვდებიან თავიანთი ქვეყნისთვის — ჩვენი მსხვერპლი ახლოსაც არ არის. ასე რომ, უკრაინის დახმარება, აღიარება, რომ მათი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და მათ გვერდში დგომა, ჩვენი საქმეა.

— აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის აზრით, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ არ უნდა გამოცხადდეს. რატომ არა?

— ეს რთული საკითხია. ერთი მხრივ, ნათელია, რომ რუსეთის მთავრობის ქმედებები უკრაინის წინააღმდეგ ტერორისტულია. ისინი კლავენ სამოქალაქო პირებს, ბომბავენ საავადმყოფოებს, სკოლებს, საფრთხეს უქმნიან ბირთვულ ენერგოსადგურებს. ამავდროულად, გვყავს ამერიკელები, რომლებიც რუსეთის ციხეში სხედან. ჩვენ გვინდა მათი დაბრუნება. ვფიქრობ, არსებობს წუხილი, რომ თუ რუსეთს გამოვაცხადებთ ტერორისტულ სახელმწიფოდ, ვერასოდეს გამოვიხსნით ამ ამერიკელებს. მე მესმის რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარების მნიშვნელობა და ამის მხარდაჭერა, მაგრამ ეს ცოტა უფრო რთული გასაკეთებელია, ვიდრე ზოგიერთი შეიძლება ფიქრობდეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი