ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები მომავალ წელს დაიწყება და შესაძლოა, ეს ქვეყნები უკვე 2029 წელს გაერთიანების წევრები გახდნენ.
კუბილიუსის თქმით, ევროპულმა საბჭომ და ევროკომისიამაც გასაგებად თქვა, რომ საქართველოს დეოლიგარქიზაცია სჭირდება და სწორედ ამ კონტექსტში მან ბიძინა ივანიშვილის გავლენებზე ისაუბრა.
„თქვენ გაქვთ ერთი პრობლემა, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ, ესაა რას ნიშნავს დეოლიგარქიზაცია საქართველოში, რაც მკაფიოდ თქვეს ევროკომისიამაც და ევროპულმა საბჭომაც. რა თქმა უნდა, ყველამ იცის რა გავლენა აქვს ბიძინა ივანიშვილს. ახალი არაფერია, ყველა პოსტსაბჭოთა ქვეყანას, რომელსაც სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მსგავსი პრობლემები აქვს. მოლდოვას ჰქონდა პრობლემა პლაჰოტნიუკითან, უკრაინას იანუკოვიჩთან, საქართველოს კი ივანიშვილის გავლენასთან აქვს. ეს არის ის რაც უნდა გადაწყვიტოთ.
შემდეგი ათწლეული იქნება მნიშვნელოვანი. გერმანია მზადაა გაუძღვეს გაფართოების პროცესს. მომავალ წელს დაიწყება რეალური მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან წევრობაზე. ჩემი აზრით, ეს მოლაპარაკებები 3-4 წელს გაგრძელდება და 2029 წელს, შესაძლოა, გაწევრიანდნენ კიდეც. სწორედ აქ ისმის კითხვა, სად იქნება საქართველო ამ დროს?“ – განაცხადა კუბილიუსმა, რომლის საუბრის თარგმანსაც „ფორმულა“ ავრცელებს.
საქართველომ და მოლდოვამ 3 მარტს, უკრაინის კვალდაკვალ, გააკეთეს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
17 ივნისს ევროკომისია გამოვიდა რეკომენდაციით, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მინიჭებოდათ, საქართველოსთვის კი – მხოლოდ ევროპული პერსპექტივა.
