კომენტარი

რუსმა სენატორმა საჯაროდ დაგმო საკუთარი შვილი უკრაინაზე პოზიციის გამო

20 აგვისტო, 2022 • 3384
რუსმა სენატორმა საჯაროდ დაგმო საკუთარი შვილი უკრაინაზე პოზიციის გამო

რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორმა ედუარდ ისაკოვმა საჯაროდ დაგმო და მოღალატე უწოდა საკუთარ შვილს, 25 წლის დიანას, რომელმაც უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკა.

რუსი სენატორის განცხადებით, დიანამ “გაყიდა მამა, ოჯახი, სამშობლო და რუსეთი დატოვა”.

“მეგობრებო, ჩემი ტელეფონი არ ჩერდება. მედიასაშუალებებმა, რომლებიც უცხოურ აგენტებად იქნენ ცნობილი, გამოაქვეყნეს ინტერვიუ დიანასთან, ჩემს უფროს ქალიშვილთან პირველი ქორწინებიდან. ის საუბრობს სპეციალური სამხედრო ოპერაციის, მისი ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგ. მან ამ მედიასაშუალებებისაგან ფული აიღო, სხვა სიტყვებით, გაყიდა მამა, ოჯახი, სამშობლო და რუსეთი დატოვა. ძნელია სიტყვების შერჩევა, როდესაც შენი ქალიშვილი მოღალატედ იქცევა.

აპრილში დიანამ მონაწილეობა მიიღო საპროტესტო აქციაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წინააღმდეგ. როცა ამის შესახებ შევიტყვე, ვცადე ამეხსნა, რით იყო გამოწვეული სპეციალური სამხედრო ოპერაცია, შევთავაზე მოენახულებინა სსრკ-ის სამხედრო დიდების აღმნიშვნელი ადგილები, წაეკითხა ქვეყნის ისტორია… შევთავაზე დონბასში მოხალისედ წასვლა და იმ ხალხისთვის დახმარება, რომელიც ომშია 8 წლის განმავლობაში, რათა პირველწყაროებისაგან მიეღო ცნობები სპეციალური სამხედრო ოპერაციის აუცილებლობის შესახებ.

მაგრამ, სამწუხაროდ, ჩემს შვილს მხოლოდ “ჰაიპი” სურს მსგავს საკითხებზე. მან მიმართა მედიას და მოუყვა საკუთარი პოზიციის შესახებ, არ დავიწყებია იმის აღნიშვნაც, რომ სენატორის შვილია.

დიანას აღზრდაში მონაწილეობა არ მიმიღია მისი 3 წლის ასაკიდან. ახლა 25 წლისაა. იუგორსკის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერშია რეგისტრირებული, სუიციდის მცდელობების გამო. მასთან კომუნიკაცია რთულია.

3 წელი ამტკიცებდა, რომ ლგბტ იყო, თავი გადაიპარსა და ბიჭივით იცვამდა, შემდეგ კაცთან დაიწყო ურთიერთობა და გადაწყვიტა, რომ ქალი იყო. დიანას [უმაღლესი] განათლება არ აქვს, სკოლის შემდეგ სწავლის გაგრძელება არ მოინდომა. მას ერთი დღითაც არ უმუშავია. მე მთხოვდა ფულს.

როგორც კი გავარკვიე, რომ ანტირუსული პოზიციები ჰქონდა, კომუნიკაცია შევწყვიტე, შევაჩერე მისი [ფინანსური] დახმარება და აღარ უზრუნველვყოფ საცხოვრებელი ადგილით. ვიმედოვნებდი, რომ იშოვიდა სამსახურს, დაიწყებდა ფიქრს და ცხოვრებას სრულწლოვანი ადამიანივით. მაგრამ გადაწყვიტა, ფული ინტერვიუს გაყიდვით ეშოვა, სადაც საკუთარ თავს სენატორის შვილად წარადგენდა”, – აცხადებს სენატორი ისაკოვი.

დიანამ მედუზასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მამისთან ურთიერთობა შემცირდა მას შემდეგ, რაც სკოლა დაამთავრა. დიანას მონაყოლის მიხედვით, მამამისს ოჯახში “პატრიოტიზმზე” არასდროს უსაუბრია და ამ საკითხზე განცხადებების გაკეთება მხოლოდ შემდეგ დაიწყო, რაც პოლიტიკაში მოვიდა. დიანას თქმით, უყვარს რუსეთი, თუმცა არ აქვს ფანატიკური თაყვანისცემა ხელისუფლების მიმართ.

სენატორმა ისაკოვმა, რომელიც 25 წლის დიანას განათლებას უსვამს ხაზს, თავად უნივერსიტეტი 2004 წელს დაამთავრა, როდესაც 31 წლის იყო. იმავე წელს “ედინაია რასიაში” [რუსეთის მმართველი პარტია] გაერთიანდა.

ისაკოვი რუსეთის შეჭრას უკრაინაში მხარს უჭერს და აცხადებს, რომ უკრაინელი ხალხი “ნეონაცებისგან უნდა გათავისუფლდნენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი