კომენტარი

როგორ შევაჩეროთ რუსეთი დაუყოვნებლივ | მოსაზრება

4 ივლისი, 2022 • 3129
როგორ შევაჩეროთ რუსეთი დაუყოვნებლივ | მოსაზრება

ავტორები:

  • გერმან გალუშენკო, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი
  • ოლეგ უსტენკო, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში.

აშშ-მა, ევროპამ და უკრაინის სხვა მოკავშირეებმა რუსეთის ეკონომიკის დასაჩოქებლად და პუტინის აგრესიული ომის ხელშეშლისთვის აუცილებელი სამი ზომიდან ორი უკვე მიიღეს. დაწესებულია ძლიერი ფინანსური სანქციები, ევროპამ კი ჩამოაყალიბა მყიდველთა კოალიცია ამავე წელს რუსეთიდან იმპორტირებული ნავთობის უდიდესი ნაწილის ემბარგოსთვის. თუმცა ახლა მესამე და გადამწყვეტი ზომა გვჭირდება: პუტინის შემოსავლის წყაროდან ზღვაში მოპოვებული დაუმუშავებელი ნავთობის ამოღება.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციები ეფექტიანია. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვამ დიდწილად გაანადგურა რუსეთის უსაფრთხოების ბალიში შოკების წინააღმდეგ. იქიდან მოყოლებული, რუბლის სტაბილურობა დამყარებულია კაპიტალის ძლიერ კონტროლზე და ნავთობისა და ბუნებრივი აირის გაყიდვისგან შემოსულ მყარ ვალუტაზე. ამ არასაიმედო სქემას მარტივად დაანგრევს ნეგატიური შოკები.

მყიდველთა კოალიციის შექმნით ევროკავშირმა უკვე შექმნა ამ შოკის გამოწვევისთვის საჭირო მექანიზმი. დებატების შემდეგ, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, შეწყვიტონ საზღვაო გზით ტრანსპორტირებული რუსული ნავთობის ყიდვა – დღევანდელი დღიდან ხუთ თვეში. იმის გათვალისწინებით, რომ საზღვაო გზით რუსეთს ახლაც გააქვს ევროკავშირში 1,25 მილიონი ბარელი ნავთობი, ამ ექსპორტის შემცირებას შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეს პუტინის შემოსავლებზე, რუბლის ძალაზე და რუსეთის ისედაც მყიფე ფინანსურ სისტემაზე.

თუმცა ხუთი თვით მოცდა მიუღებელია პუტინის სამხედრო მანქანის დასუსტებისთვის. ყოველდღიურად, რუსული ძალები უკრაინელებს კლავენ. ვერ დავიცდით. გვჭირდება იმ სტრატეგიის ბოლო ნაწილი, რომელიც შეამცირებს რუსეთისთვის ნავთობპროდუქტებში გადახდილ ფასს და შეამცირებს კრემლის შემოსავლებს.

შემოსავლები კი სტაბილური რჩება. მაისში ევროკავშირმა რუსეთისგან მხოლოდ საზღვაო გზით იმპორტირებული 5 მილიარდი დოლარის ნავთობი იყიდა და ივნისშიც ამავე რაოდენობის ყიდვას აპირებს. ყოველ გაყიდულ ბარელში პუტინი 100 დოლარამდე იღებს, რომლის დახარჯვაც მას ომში შეუძლია. ამავე შემოსავლების წყალობით რუბლი უფრო ძლიერია, ვიდრე სხვა შემთხვევაში იქნებოდა.

გარკვეულწილად კონტრინტუიციურია, რომ არ უნდა მოხდეს ფაზლის მესამე ნაწილის იმპლემენტაცია, რომელიც ითვალისწინებს სრულ ემბარგოს და კრძალავს ევროკავშირის მფლობელობაში, დაფინანსებული ან დაზღვეული გემით რუსული ნავთობის ექსპორტს. ასეთი ზომა დიდი ალბათობით გამოიწვევს ნავთობის ფასის ზრდას, ეკონომიკურ პრობლემას გაუჩენს სხვადასხვა ქვეყნებს და გაზრდის შემოსავალს, რომელსაც პუტინი იღებს ქვეყნებისგან, რომლებიც სანქციებს არ იცავენ.

თუმცა, თუ ზომების მესამე პაკეტი სწორადაა შემუშავებული, ამ ნეგატიური ეფექტების ნიველირება ან სულაც თავიდან აცილებაა შესაძლებელი. ჩვენ მხარს ვუჭერთ აშშ-ის ფინანსთა მდივნის, ჯანეტ იელენის და იტალიის პრემიერ-მინისტრის, მარიო დრაგის წინადადებას, რომელიც დაადგენს რუსული ნავთობის ბარელის ზედა ჭერს.

ევროკავშირს ამის გაკეთება შემდეგი ხუთი თვის განმავლობაში თავისი მსყიდველთუნარიანობის გამოყენებით და იმ ფაქტით შეუძლია, რომ რუსული ნავთობის დიდი ნაწილი, დაახლოებით 70%, ტრანსპორტირდება გემებზე, რომლებსაც ფლობენ, აზღვევენ ან აფინანსებენ კომპანიები ევროკავშირიდან, გაერთიანებული სამეფოდან და სხვა მოკავშირე ქვეყნებიდან. ევროკავშირის წევრები აქტიურად განიხილავენ ამ ზომებს და ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, მათ მხარი დაუჭიროს.

რადგანაც რუსეთის ნავთობის წყაროებზე წარმოების ფასი ძალიან დაბალია, მაქსიმალური ფასი (ფიქსირებული ზედა ჭერი, რომლის ზემოთაც რუსული ნავთობის ფასი აღარ გაიზრდება. რედ.) უნდა დაწესდეს რაც შეიძლება დაბალ ზღვარზე, რაც შეამცირებს პუტინის შემოსავალს, მაგრამ არ მოუსპობს რუსეთს ექსპორტის სურვილს. საერთაშორისო ბაზარს კვლავ მიეწოდება ნავთობი და მსოფლიოს მასშტაბით ნეგატიური და მოკლევადიანი ნეგატიური ეფექტი თავიდან იქნება აცილებული.

ფასის მაქსიმალური ზედა ჭერის დონის დაწესება რამდენიმე გზით შეიძლება – პირდაპირი აკრძალვის ან საბაჟო გადასახადის სახით. მეორე გზის, საგადასახადო ტიპის სტრუქტურის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ მიღებული შემოსავალი შეიძლება გამოყენებული იყოს ევროკავშირში მყოფი 5 მილიონი უკრაინელი ლტოლვილის დასაბინავებლად ან სხვა დაბალშემოსავლიანი პირების დასახმარებლად (ევროპაში თუ სხვაგან), ვისაც პუტინის აგრესიული ომის შედეგები მძიმედ დააწვა.

რა თქმა უნდა, რუსეთმა შეიძლება უარი თქვას ნავთობის მიყიდვაზე დაბალ ფასად. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ პანდემიისას, როცა ბარელის ფასი 20 დოლარამდეც კი დაეცა, რუსეთს სურდა  რაც შეიძლება მეტი ნავთობის გაყიდვა. უფრო მეტიც – თუ რუსეთი „ჩაკეტავს“ წარმოებას, ზიანი მიადგება ნავთობის წყაროებს, რუსეთი კი ფაქტობრივად დათმობს წევრობას OPEC+-ში. ეკონომიკის დანაკარგები უმალ დადგება, ხოლო ზეწოლა რუბლზე უზარმაზარი იქნება.

მყარი ვალუტის გარეშე პუტინს გაუჭირდება რაკეტების კომპონენტების და იარაღის შესყიდვა. შემოსავლის გარეშე ომის დასაფინანსებლად რუსეთს მეტი ფულის დაბეჭდვა დასჭირდება, რაც ინფლაციას ააჩქარებს. დასავლეთმა დიდ პროგრესს მიაღწია იმ სანქციების შემუშავებაში, რომლებიც პუტინის ომს შეაჩერებს. ახლა საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.


სტატია ქვეყნდება The Project Syndicate-ისა და „ნეტგაზეთის“ შეთანხმების შესაბამისად. 

თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი