კომენტარი

მთავრობას როცა სურს, შეუძლია სწრაფად მოქმედება – დეგნანი

29 ივნისი, 2022 • 938
მთავრობას როცა სურს, შეუძლია სწრაფად მოქმედება – დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქარველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობას სწრაფად მოქმედება შეუძლია, როცა ეს თავად სურს. მისი თქმით, ეს გამოჩნდა გასულ წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების პროცესშიც. აღნიშნული განცხადება კელი დეგნანმა დღეს, 29 ივნისს გააკეთა.

“ჩვენ ვიცით, რომ მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როდესაც კანონმდებლობის მიღება სურს. ჩვენ ვნახეთ დაჩქარებული წესით მიღებული კანონმდებლობა გასული წლის დეკემბერში, რომ გაეუქმებინათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ამასთან, ნანახი გვაქვს სხვადასხვა კანონის მიღებაც დაჩქარებული წესით.

ასე რომ, ვიცით, მთავრობას შეუძლია სწრაფად მოქმედება, როცა სურს. ჩვენ ვიცით, რომ ქართველ ხალხს სურს ამ რეფორმების გატარება, რათა მოემზადოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. აშშ მზადაა, რომ დაეხმაროს ამ პროცესში ნებისმიერი კუთხით. ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ მომავალი 6 თვე იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, რომ დასაწყებად. დასაკარგი დრო არ არის”, – განაცხადა დეგნანმა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო, რომლის მიხედვითაც უკრაინას და მოლდოვას წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ თანმხლები პირობებით, საქართველოს კი არა. სამივე ქვეყნის შემთხვევაში ევროპულმა საბჭომ მათი ევროპული პერსპექტივა აღიარა.

ამასთან, სამივე ქვეყანას მიეცა რეკომენდაციები. საქართველოს შემთხვევაში ქვეყანამ 12 რეკომენდაცია უნდა შეასრულოს იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი მოიპოვოს. რეკომენდაციების შესასრულებლად კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის, თუმცა ევროკომისია 6 თვის შემდეგ შეამოწმებს, რამდენად შესრულდება აღნიშნული რეკომენდაციები. წარმატებით შესრულების შემთხვევაში საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

მასალების გადაბეჭდვის წესი