კომენტარი

გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება ჩხიკვაძის უარყოფით როლს, როცა მე-2 დღეა ზეიმობს — ღია საზოგადოების ფონდი

24 ივნისი, 2022 • 1456
გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება ჩხიკვაძის უარყოფით როლს, როცა მე-2 დღეა ზეიმობს — ღია საზოგადოების ფონდი

„ღია საზოგადოების ფონდი“ აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „მტრის ხატის“ შექმნას ცდილობს მათი ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელისგან, ვანო ჩხიკვაძისგან.

„ღია საზოგადოების“ ფონდის განცხადებით, კობახიძე ცდილობს, ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი კრახი „ღია საზოგადოების ფონდს“ გადააბრალოს.

„ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აგრძელებს ცილისწამებლურ კამპანიას ღია საზოგადოების ფონდისა და მისი თანამშრომლის, ვანო ჩხიკვაძის წინააღმდეგ. ის ასე ცდილობს შექმნას „მტრის ხატი“ და ევროინტეგრაციის გზაზე საკუთარი კრახი ღია საზოგადოების ფონდს, მისი თქმით, „სოროსის ფონდს“ გადააბრალოს.

გაუგებარია, რაში ხედავს ხელისუფლება ღია საზოგადოების ფონდის და კერძოდ, ვანო ჩხიკვაძის უარყოფით როლს ევროპული საბჭოს გუშინდელ გადაწყვეტილებაში მაშინ, როცა უკვე მეორე დღეა ზეიმობს და დიდ გამარჯვებად წარმოაჩენს იმას, რაც საზოგადოებისთვის დიდი გულისტკივილის საგანია.

ჩვენთვის პატივია, რომ გვყავს კოლეგა, რომლის წვლილი ევროინტეგრაციის გზაზე საყოველთაოდ აღიარებულია. კობახიძის პროპაგანდა კი ადასტურებს, რომ ხელისუფლებას დღეს ყველაზე მეტად აშინებს ის ნდობა, რაც სამოქალაქო საზოგადოებამ ბოლო პერიოდში მოიპოვა“, – აცხადებს „ღია საზოგადოების ფონდი“.

„ღია საზოგადოების ფონდის“ განცხადებით, მათთვის უცხო არ არის თავდასხმები ულტრამემარჯვენე, რუსეთიდან მართული ჯგუფების მხრიდან და ისიც კარგად ცნობილია, რომ დემოკრატიაზე შეტევა ბევრ ქვეყანაში სწორედ „ღია საზოგადოების ფონდებზე“ თავდასხმით იწყებოდა.


„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სოროსის ფონდის თბილისის ოფისი „ომის პარტიის“ ერთ-ერთ დანამატადაა გადაქცეული. ამის შესახებ მან  პირველად 27 მაისს ისაუბრა, როცა კობახიძეს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელის, ვანო ჩხიკვაძისა და ბიოლის ფონდის რეგიონული დირექტორის, სონია შიფერსის სტატიაზე ჰკითხეს, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს.  ამის გამო კობახიძემ ვანო ჩხიკვაძე სერგო ორჯონიკიძეს შეადარა.

ამის შემდეგ კობახიძემ ჩხიკვაძე 22 ივნისს პარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა და კვლავ სერგო ორჯონიკიძეობა დასწამა.

დღეს, 24 ივნისს კი, მას შემდეგ, რაც ევროპულმა საბჭომ ის გადაწყვეტილება მიიღო, რაზეც ვანო ჩხიკვაძე სტატიაში წერდა, კობახიძემ განაცხადა, რომ ის მოღალატეა და ოპოზიციონერ პოლიტიკოს სალომე სამადაშვილთან ერთად ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საწინააღმდეგოდ აგიტაციაში დაადანაშაულია.

მასალების გადაბეჭდვის წესი