ჰელსინკის კომისია — აშშ-ის დამოუკიდებელი სამთავრობო სააგენტო, მოუწოდებს ევროპულ საბჭოს, კანდიდატის სტატუსი საქართველოსაც მიანიჭოს.
ოფიციალურ განცხადებაში უწყება წერს, რომ სიხარულით მიესალმება ევროკომისიის რეკომენდაციას – მიენიჭოს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატი ქვეყნების სტატუსი.
განცხადებაში, რომელსაც სხვა წევრების მსგავსად კომისიის თავმჯდომარე, ბენ კარდინიც აწერს ხელს, ნათქვამია, რომ როგორც უკრაინა, ასევე მოლდოვა დიდი ხანია სათუთად უვლიან ევროინტეგრაციის ოცნებას და ეს ხდება უწყვეტი და სასტიკი რუსული აგრესიის ფონზე.
„ათწლეულობის განმავლობაში, საქართველოს ხალხმა ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო მისი ევროპული იდენტობისთვის, მიუხედავად რუსული აგრესიისა და მტკივნეული რეფორმების თანმდევი გამოწვევებისა. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ ამ გამოწვევებზე მაღლა დგომა და მათი კურსი ნათელია. ჩვენ გვჯერა, რომ მათაც უნდა მიენიჭოს თანაბრად მკაფიო გეგმა ევროკავშირის წევრობისთვის.
ევროპული საბჭოს შეხვედრამდე ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ლიბერალურ დემოკრატიამდე გზას ყოველთვის თან ახლავს დროებითი უკუსვლები და აცდენები, ამასთანავე, მას სჭირდება სიფხიზლე, გულმოდგინე ძალისხმევა და კომპრომისი. ჩვენ გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭება სამივე ამ ქვეყანას მისცემს ბრძოლისუნარიან შანსს მათი საერთო ევროპული ოცნებისკენ“.
17 ივნისს ევროკომისიამ მხარი დაუჭირა მოლდოვისა და უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, თუმცა – პირობებით. რაც შეეხება საქართველოს – კანდიდატის სტატუსი ჯერ არ იქნება, თუმცა იქნება პირობები, რომელთა წარმატებით შესრულების შემდეგაც, ევროკომისია მოუბრუნდება საქართველოს საკითხს. საბოლოო გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს, რომელიც 23-24 ივნისს შეიკრიბება.
ამ თემაზე ნეტგაზეთი გირჩევთ:
რას ნიშნავს და რა განსხვავებაა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის სტატუსებს შორის | ამხსნელი