კომენტარი

100% რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს — დეგნანი

13 ივნისი, 2022 • 4277
100% რუსული დეზინფორმაციაა, რომ აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვა სურს — დეგნანი

აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი რუსულ დეზინფორმაციას უწოდებს განცხადებებს იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა სურს.

ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლური პროპაგანდის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ დეგნანმა განაცხადა:

„30 წლის განმავლობაში აშშ მუშაობდა საქართველოს სრული ინტეგრაციისთვის ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. თითქმის ყველაფერი, რაც გაგვიკეთებია და რასაც ვაკეთებთ საქართველოში, ორიენტირებულია საქართველოს მოსახლეობის მისწრაფებებზე, გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს და რასაც აშშ მტკიცედ უჭერს მხარს“, — განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატობას.

„აქ ზოგი ამბობს, რომ აშშ მუშაობს საქართველოს წინააღმდეგ ან საქართველოს ომში ჩასართავად, მეორე ფრონტის გასახსნელად. ეს არის 100% რუსული დეზინფორმაცია. აბსოლუტურად არ არის სიმართლე. აშშ-მა ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო, ამ ომის შესაჩერებლად. მის დაწყებამდე მუშაობდა პრევენციისთვის. ჩვენ საერთოდ არ გვინდა საქართველოს ჩართვა ამ ომში. რასაც ევროკავშირი და ნატო ემსახურება, არის მშვიდობა და კეთილდღეობა. ეს გვინდა საქართველოსთვის“, — განაცხადა დეგნანმა.

მისი თქმით, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად ვერ ისაუბრებს, მაგრამ, ასევე, არ იცის არავინ საქართველოში, ვისაც საქართველოს ამ ომში ჩართვა სურს.

„ყველამ საქართველოში და შეერთებულმა შტატებმა იციან, რა გამოიარა საქართველომ და რა ხდება უკრაინაში. ის გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება, რაც საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა, აჩვენებს, როგორ თანაუგრობენ ქართველები უკრაინელებს. ახლა არ არის ჩხუბის და დაპირსიპირების დრო. ეს ის მომენტია, როდესაც ყველა უნდა გაერთიანდეს ერთი კონკრეტული საკითხის ირგვლივ“, — განაცხადა დეგნანმა და დასძინა, რომ ის, რაც საქართველოს ახლა სჭირდება, გამოხატულია დევიზში „ძალა ერთობაშია“.

„ქართული ოცნება“ აქტიურად საუბრობს საქართველოს ომში ჩართვის კოორდინებულ ქმედებებზე. ადრე აღნიშნულთან დაკავშირებით ბრალდებები ოპოზიციისა და უკრაინის წარმომადგენლების მიმართ ისმოდა, ახლა მმართველი გუნდის წევრები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობასთან აკავშირებენ ევროპარლამენტის კრიტიკულ რეზოლუციასაც.

ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი არის კონსპირაციის ავტორი, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებული წინასწარ დაწერილი სცენარი საქართველოს ხელისუფლების „აყირავებას“ და ქვეყნის ომში ჩართვას ისახავს მიზნად (და ამ სცენარის ნაწილია შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილისთვის გადარიცხვების შეჩერებაც).  შათირიშვილის აზრით, „ქართული ოცნებას“ უბიძგეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთებისკენ, რათა შემდეგ არ მიეცათ კანდიდატის სტატუსი და ამით საქართველოს საზოგადოებაში რევოლუციური ვნებათაღელვა გამოეწვიათ. ამ შეთქმულების უკან, შათირაშვილის კონსპიროლოგიით, ამერიკელები დგანან, რომელთათვისაც „ქართული ოცნება“ მიუღებელია და რომლებიც ამ გზით ხელისუფლების შეცვლას და შემდეგ ქვეყნის ომში ჩართვას ესწრაფვიან.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ „მტკიცებით ვერაფერს ამტკიცებს“, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუცია „ამყარებს ცალკეული ექსპერტების მიერ გამოთქმულ ვარაუდს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის გახმოვანებულ ვადაზე ადრე მოთხოვნის თემა საქართველოს არაკეთილმოსურნეებმა მოიგონეს, რათა ჩვენი ქვეყნისთვის და ხელისუფლებისთვის ხელოვნური სირთულეები შეექმნათ“.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია მიზნად ისახავს დაბრკოლების შექმნას საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის და ამაში მონაწილეობენ „ამ თემის ცალკეული ევროპელი ინიციატორები და საქართველოს სამწუხარო და სამარცხვინო ოპოზიცია”.

„დაინტერესება არის ხელისუფლების ამოტრიალება და ამის შემდეგ, საქართველოში მეორე ფრონტი“, — ამბობს იგი და დასძენს, რომ „ქართველ ხალხს არ სჭირდება ისეთი ობიექტურობა, სადაც მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია დემოკრატებად არიან წარმოდგენილი და მათთვის სანქციების მოხსნას და ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ითხოვენ”.

თბილისის მერი კახა კალაძეც ამტკიცებს, რომ დასავლეთს საქართველოს ომში ჩართვა სურს.

„პირველ რიგში, ისინი ვითომ ქვეყნის მეგობრებად რომ გვევლინებიან, თავიანთი ქვეყნები ჩართონ ომში. ჩვენზე ძლიერი ეკონომიკა აქვთ, ჩვენზე ძლიერი ჯარები ჰყავთ, ტექნოლოგიურად უფრო ძლიერები არიან, ფინანსურადაც უფრო მაგრად არიან, ხალხის რაოდენობითაც მეტნი ცხოვრობენ და საკუთარი ქვეყნები ჩართონ ამ ომში. საქართველოს არასდროს დაუხევია უკან“, — თქვა მან.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა: „ევროკავშირი რუსეთს ყოველდღე უხდის მილიარდ დოლარს, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთში 90 მილიარდი დოლარი შევიდა იმ ვაჭრობის შედეგად, რომელიც რუსეთს დღემდე აქვს ევროპასთან და ჩვენ რა ხდება? ჩვენ არ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები თუ ჩვენთან არ ცხოვრობენ ადამიანები?! თუ ქართველმა ხალხმა ისევ უნდა მოითმინოს, დაიჩაგროს, ომში ჩაებას, დავკარგოთ ტერიტორიები, დავკარგოთ ჩვენი სახელმწიოფოებრიობა?!“

მასალების გადაბეჭდვის წესი