საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პოლიციის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ისაუბრა ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის პრობლემების შესახებ.
თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა სამართალდამცავი ორგანოს ყველა თანამშრომელს, შეაქო მათი პროფესიონალიზმი და დასძინა, რომ მათი მაღალი კვალიფიკაცია ევროინტეგრაციის ერთ-ერთი პირობაა. თუმცა იქვე დასძინა:
„მინდა ერთი საკითხი ვახსენო, მართალია, ზოგ-ზოგიერთს არ უყვარს სიტყვა სამარცხვინო, მაგრამ ჩემთვის, და ვიცი, რომ თქვენთვისაც, სამარცხვინოა, რომ საქართველოში დღეს ხდება კიდევ ის სასტიკი ქალთა მკვლელობა, ბავშვების თვალების წინაშე. ვიცი, რომ ამას თქვენც არ მოითმენთ, თქვენთვისაც ეს არის დიდი გამოწვევა და ვიცი, რომ კუთხით ბევრი რამე გაკეთდა, ბევრად უფრო დაცულად გრძნობენ თავს ქალები, როცა მიდიან პოლიციასთან და იციან, რომ ამას მოჰყვება შემაკავებელი ორდერი და ეს უკვე აღარ არის გამონაკლისი.
მაგრამ ისიც ვიცით, რომ თქვენც და მეც და ყველამ, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი ამ მიმართულებით, იმისთვის, რომ ეს საქართველოში აღარ მოხდეს, ეს აღარ უნდა დავუშვათ და ეს არის ჩვენი ერთობლივი მიმართულება, რომ ამისკენ ყველა ნაბიჯი გადავდგათ, ყველა ზომა მივიღოთ – ეს იქნება მთავრობა, პარლამენტი თუ თქვენი შიდა გადაწყვეტილებები, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მივაღწიოთ: ოჯახური ძალადობა ჩაბარდეს წარსულს და მაშინ ვიქნებით ნამდვილად თანამედროვე, ცივილიზებული და დემოკრატიული ქვეყანა და ეს იქნება თქვენი დამსახურება“, – აცხადებს ზურაბიშვილი.
სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის შემდეგ პოლიციელებს სიტყვით მიმართა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმაც. პრემიერმაც მადლობა გადაუხადა პოლიციელებს მათი შრომისთვის და თქვა, რომ აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციისადმი დაუმსახურებელი, შეურაცხმყოფელი გამოთქმები – „რა თქმა უნდა, ეს არ უნდა იყოს შეგუებული, არავითარი კომპრომისი ჩვენ არ უნდა დავუშვათ, არცერთი ასეთი ფაქტი არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. პოლიციელი უნდა იყოს ხელშეუხებელი და, რა თქმა უნდა, მე არ მაქვს საუბარი ცალკეულ გადაცდომებზე, რომლებზეც სამინისტრო შესაბამისად რეაგირებს, მაგრამ მიუღებელია და კატეგორიულად ვგმობ ნებისმიერ მცდელობას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ თქვენს საამაყო საქმიანობას“.
„ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, რომ ჩვენ შევძელით პოლიციის ტრანსფორმაცია. ქართული პოლიცია აღარ არის პოლიტიზებული. პოლიცია თანაბრად იცავს ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს“, – დასძინა მან.
