კომენტარი

რუსმა სამხედრო ექსპერტმა აზრი შეიცვალა

20 მაისი, 2022 • 5828
რუსმა სამხედრო ექსპერტმა აზრი შეიცვალა

რუსმა სამხედრო ანალიტიკოსმა და წარსულში რუსეთის გენშტაბის ყოფილმა წევრმა, მიხაილ ხოდარიონოკმა, მას შემდეგ, რაც განაცხადა, რომ უკრაინის ომში რუსეთის მდგომარეობა გაუარესდებოდა, საკუთარი ნათქვამი შეცვალა და განაცხადა, რომ პირიქით, ომი რუსეთის უპირატესობით მიმდინარეობს და რუსული არმიის მოქმედებები  მახრჩობელას ქცევას შეადარა.

მან ახალი განცხადება მორე დღესვე, ტელეკომპანია „Россия-1-ის“ ეთერში, იმავე გადაცემაში გააკეთა, სადაც მანამდე აცხადებდა, რომ რუსეთს რეალობისთვის უნდა გაესწორებინა თვალი.

„რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებასა და უკანასკნელ ცნობებს, პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ყველაფერი, საბოლოოდ, კეთილსაიმედოდ მიმდინარეობს… როგორც წესი, რუსი სამხედროები მოქმედებენ კარგად გამოცდილი და ძველი პრინციპით – არტილერია ამუშავებს, ქვეითი ჯარი იკავებს. ჩვენი ძალების მოქმედება მე მაგონებს მახრჩობელას მოქმედებას, მოწინააღმდეგის თითოეული ამოსუნთქვისას, მახრჩობელა კიდევ უფრო ძლიერად ეხვევა მას.

ჯარები ნელ-ნელა, თუმცა წინ მიიწევენ, უკრაინისთვის ლენდ-ლიზის მეშვეობით დასავლური იარაღისა და ასევე ევროპის 30-მილიარდიანი დახმარების მიწოდებამდე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, ჩვენი ძალების მსხვილი ოპერატიული-სტატიკური და სტრატეგიული წარმატებები დონბასსა და მთლიანად აღმოსავლეთ უკრაინაში“, – განაცხადა მიხაილ ხოდარიანოკმა.

მანამდე ხოდარიანოკმა განაცხადა, რომ ტყუილია, თითქოს უკრაინული არმია მორალურად გატყდა და დასავლური შეიარაღების გათვალისწინებით, უკრაინელ მოწინააღმდეგის პირისპირ, რუსეთის პოზიციები გაუარესდებოდა.

„ყველაფერს უნდა შევხედოთ ზოგად-სტრატეგიული პოზიციიდან და სასურველია — უახლოესი ისტორიული პერსპექტივის გათვალისწინებით. არ არის საჭირო ინფორმაციული დამამშვიდებლის დალევა, თორემ ხანდახან ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის არმიაში მორალურად და ფსიქოლოგიურად გატყდნენ. ეს სინამდვილეს არ შეესაბამება. რა თქმა უნდა, არის გარკვეული ნაწილები, ტყვეები, განყოფილებები, მაგრამ ეს ინდივიდუალური შემთხვევებია.

კითხვა იმაში მდგომარეობს, რამდენად შეძლებენ ისინი ამ არმიის უზრუნველყოფას თანამედროვე იარაღით და სპეციალური ტექნიკით. საკუთარი ძალებით, რა თქმა უნდა, ვერაფერს იზამდნენ, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ დღე-დღეზე ამუშავდება „ლენდ-ლიზი“ და სრული მოცულობით ამუშავდება ევროპული დახმარება, მილიონი შეიარაღებული უკრაინელი სამხედრო უნდა აღვიქვათ უახლოესი პერიოდის რეალობად. უნდა გავითავლისწინოთ ჩვენს ოპერატიულ სტრატეგიულ გათვლებში, რომ ჩვენთვის სიტუაცია ამ თვალსაზრისით გაუარესდება“, — აცხადებდა მიხაილ ხოდარიონოკი.

მისივე თქმით, რუსეთის მთავარი ნაკლი მდგომარეობდა იმაში, რომ იგი გეოპოლიტიკურ მარტოობაში იმყოფებოდა.


უკრაინაში ომის თითქმის სამი თვის გასვლის შემდეგ, რუსეთის საოკუპაციო ძალები, საერთო ჯამში იმაზე ნაკლებ ტერიტორიას აკონტროლებენ, ვიდრე ომის დაწყების პირველი კვირის ბოლოს.

რუსული ჯარები, უკრაინული წინააღმდეგობის შედეგად, გავიდნენ ჟიტომირის, კიევის, ჩერნიჰივის, სუმის, ოლქებიდან. ასევე დატოვეს დაკავებული ტერიტორიები მიკოლაევის ოლქშიც.

უკრაინული ძალები ამჟამად საოკუპაციო გარნიზონებს ხარკოვის ოლქში უტევენ. ვრცელდება ცნობები, რომ რიგ მიმართულებებზე უკრაინულმა არმიამ რუსეთთან სახელმწიფო საზღვრამდეც მიაღწია.

ბრძოლები მიმდინარეობს ლუგანსკის ოლქში, სადაც რუსული ძალები ქალაქ სევეროდონეცკის აღებას ცდილობენ.

ასევე ბრძოლებია დონეცკის, ხერსონის, ჟაპოროჟიას ოლქებსა და შავი ზღვის აკვატორიაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი