კომენტარი

ტიმოთი სნაიდერი ხსნის, რატომ არ არის საჭირო დარდი “პუტინის გამოსავალზე”

19 მაისი, 2022 • 2089
ტიმოთი სნაიდერი ხსნის, რატომ არ არის საჭირო დარდი “პუტინის გამოსავალზე”

„ომის დასრულება ნიშნავს მეტ ფიქრს უკრაინელ ხალხზე და მათ მომავალზე და ნაკლებს — იმ პრობლემებზე, რაც პუტინს სინამდვილეში არ აქვს“, — წერს ისტორიკოსი ტიმოთი სნაიდერი, იელის უნივერსიტეტის პროფესორი.

ის ეხმაურება და აკრიტიკებს დასავლეთის პოლიტიკურ და ანალიტიკურ წრეებში გავრცელებულ მიდგომას, რომ ომის დასასრულებლად საჭიროა რუსეთს დაუტოვონ უკრაინაში შექმნილი მდგომარეობიდან “ღირსეული გამოსავალი”, რაც ვლადიმერ პუტინს რუსეთის მოსახლეობის თვალში სახის შენარჩუნების საშუალებას მისცემს.

„უაზრობაა პუტინის დაცვა იმ გრძნობისგან, რომ ის აგებს. ის ამას თავად გაარკვევს და იმოქმედებს თავდასაცავად. რუსები კუთხეში არ არიან მიმწყვდეულნი. რუსული არმია არ არის კედელთან მიმწყვდეული. ეს არის დამპყრობელი ძალა. დამარცხების შემთხვევაში, ქვედანაყოფები უბრალოდ უკან დაიხევენ რუსეთის საზღვრებში. პუტინი მართავს ვირტუალურ რეალობაში, სადაც ყოველთვის არის გაქცევის გზა. შეუძლებელია უკრაინაში მისი კუთხეში მომწყვდევა, რადგან უკრაინა ნამდვილი ადგილია. სხვა საზოგადოებებისთვის ძნელია იმის გაგება, რომ პუტინი არის დიქტატორი, რომელიც აკონტროლებს თავისი ქვეყნის მედიას. ის მართავს თემის შეცვლით“, — წერს სნაიდერი.

მისი თქმით, პუტინი გამუდმებით ცვლის თემას — ადრე როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, მისმა მედიამ ერთ დღეში შეცვალა თემა სირიით და რუსებიც ახალ თემაში წაჰყვნენ.

„როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ამ თებერვალში, რიტორიკა, რომ შეჭრა შეუძლებელი იყო, მედიამ სწრაფად შეცვალა იმის თქმით, რომ ეს გარდაუვალი იყო. რუსების გაჰყვნენ ამ ლოგიკაში. თუ რეალურად დამარცხდება, პუტინი უბრალოდ გამოაცხადებს გამარჯვებას ტელევიზიით და რუსები მას დაუჯერებენ ან თავს მოიკატუნებენ, რომ დაიჯერეს. მას ამაში ჩვენი დახმარება არ სჭირდება. უაზროა რეალურ სამყაროში ასეთი „გადასასვლელის“ შექმნა, როცა ერთადერთი რაც პუტინს სჭირდება ვირტუალურ სამყაროში, ის მთლიანად აკონტროლებს“, — ამბობს სნაიდერი.

მისი შეფასებით, პუტინი შესაძლოა, შეცდეს და ვირტუალურ სამყაროში გამარჯვების გამოცხადება გააჭიანუროს.

„ამ შემთხვევაში ის ძალას დაკარგავს. ჩვენ ვერ ვიხსნით მას ასეთი მცდარი განსჯისგან და არც უნდა ვეცადოთ“, — ამბობს ის და დასძენს, რომ გროტესკულია უკრაინელებისთვის იმის თხოვნა, რომ ომის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღონ რუსი ტელეპროდიუსერების კომფორტისთვის, რომლებიც მაინც არ იღებენ მიმართულებას რეალური სამყაროდან.

„რუსეთის არასწორად გაგება კლიშეებით კუთხეში მიმწყვდევისა და გამოსავლის შესახებ, ომს გაახანგრძლივებს. უკრაინა სულ სხვა ამბავია. ზელენსკი, პუტინისგან განსხვავებით, დემოკრატიულად არჩეულია, გრძნობს პასუხისმგებლობას თავისი ხალხის წინაშე და მართავს სამყაროში, სადაც სხვებს აქვთ მნიშვნელობა. უკრაინას აქვს პრესა, რომელსაც ხელისუფლება არ ხელმძღვანელობს. ზელენსკის არ შეუძლია, უბრალოდ შეცვალოს თემა. მან უნდა მიიყვანოს თავისი ხალხი ნებისმიერ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაზე. პუტინისგან განსხვავებით, ზელენსკიმ უნდა დაარწმუნოს თავისი ხალხი, რომ დაასრულოს ეს ომი. ამიტომ მას სჭირდება დახმარება როგორც ომის მოსაგებად, ასევე უკრაინელებისთვის იმის თქმაში, თუ რა მოხდება შემდეგში. რუსი ჯარისკაცებისგან განსხვავებით, უკრაინელებს სხვაგან წასასვლელი არსად აქვთ. მათ უბრალოდ არ შეუძლიათ სახლში წასვლა. ომი მათ ქვეყანაში მიმდინარეობს. ისინი დაბრუნდებიან თავიანთ სახლებში და აღადგენენ მათ“, — წერს ისტორიკოსი.

რუსეთი 24 თებერვალს შეიჭრა რუსეთში მოკლევადიანი გამარჯვების იმედით, თუმცა ამ დრომდე ვერ მიაღწია სტრატეგიულ მიზნებს. მას შემდეგ, რაც წინსვლას ვერ შეძლეს, რუსეთის შეიარაღებული ძალები გავიდნენ კიევისა და ჩერნიჰივის ოლქებიდან. ამჟამად ძირითადი ბრძოლები დონბასის რეგიონში მიმდინარეობს.

საომარი მოქმედებების პარალელურად ფაქტობრივად შეჩერებულია დიპლომატიური მოლაპარაკებები რუსეთსა და უკრაინას შორის.

რუსეთს დაუწესდა არაერთი სანქცია, ხოლო დასავლეთი აგრძელებს უკრაინის შეიარაღებას.

ცოტა ხნის წინ, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის — საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც ომის მიმდინარეობის განმავლობაში იმ გამონაკლის დასავლელ ლიდერებს შორისაა, რომელსაც მუდმივი კომუნიკაცია აქვთ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინთან, თქვა, რომ ევროპამ არ უნდა გაიმეორეს პირველი მსოფლიო ომის შემდგომი შეცდომა და ამჯერად არ დაუშვას რომელიმე მხარის დამცირება ომის დასრულების შემდეგ.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს, დაიდო ვერსალის ზავი, რომლითაც გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ ომის გაჩაღებაში, დაეკისრა რეპარაციები, დაკარგა ტერიტორიები, კოლონიური სამფლობელოები, აღიარა ავსტრიის, პოლონეთისა და მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, ასევე, შეეზღუდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა. ითვლება, რომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა ნაციონალიზმი გერმანიაში და ხელი შეუწყო ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას.

ომის შემდეგ არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული — მაკრონი

მასალების გადაბეჭდვის წესი