საზოგადოება

ომის შემდეგ არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული — მაკრონი

10 მაისი, 2022 • 2500
ომის შემდეგ არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული — მაკრონი

ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე და დარწმუნდეს, რომ არცერთი მხარე არ იქნება დამცირებული, როცა რუსეთი და უკრაინა სამშვიდობო მოლაპარაკებას აწარმოებენ, — განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ევროპარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას.

მაკრონის თქმით, ევროპა ახლა უკრაინას ეხმარება, თუმცა დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი სამშვიდობო შეთანხმებამდე მივლენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გამორიცხული, როგორც ეს მოხდა გერმანიასთან დაკავშირებით 1918 წელს, I მსოფლიო ომის შემდეგ.

”ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები იქნება ძალიან რთული”, — თქვა მაკრონმა და დასძინა, რომ ევროკავშირი გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებას.

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, 1919 წელს, დაიდო ვერსალის ზავი, რომლითაც გერმანია გამოცხადდა დამნაშავედ ომის გაჩაღებაში, დაეკისრა რეპარაციები, დაკარგა ტერიტორიები, კოლონიური სამფლობელოები, აღიარა ავსტრიის, პოლონეთისა და მაშინდელი ჩეხოსლოვაკიის დამოუკიდებლობა, ასევე, შეეზღუდა შეიარაღებული ძალების რაოდენობა. ითვლება, რომ ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებმა გააძლიერა გერმანიაში ნაციონალიზმი და ხელი შეუწყო ხელისუფლებაში ადოლფ ჰიტლერის მოსვლას.

მასალების გადაბეჭდვის წესი