პასუხი სტატიაზე „კონკურსები და გარიგებები უნივერსიტეტში“
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენი ქვეყნის მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, ამიტომ ბუნებრივია საზოგადოების ინტერესი მასში მიმდინარე პროცესებისადმი. მაგრამ ამ ინტერესს არ უნდა შეეწიროს უნივერსიტეტის ღირსება და ავტორიტეტი მოვლენების ტენდენციური გაშუქებით. მიმდინარე წლის 10 მარტს გაზეთ „ბათუმელებში“ (№7(329)) გამოქვეყნდა სტატია: „კონკურსები და გარიგებები უნივერსიტეტში“, რომელშიც მრუდე სარკეშია წარმოდგენილი უნივერსიტეტში ჩატარებული აკადემიური კონკურსი.
საზოგადოებას უნდა მიეწოდოს ობიექტური ინფორმაცია, ამიტომ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო საჭიროდ თვლის რამდენიმე განმარტების გაკეთებას.
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქმიანობას არეგულირებს უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონი და რსუ-ს წესდება. კანონმდებლობის თანახმად, აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას უძღვება აკადემიური თანამდებობის პირი (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი). აკადემიური თანამდებობის დაკავება შესაძლებელია მხოლოდ ღია კონკურსის წესით. კონკურსის ჩატარების წესს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო (კანონი უმაღლესი განათლების შესახებ, მუხლი 34). აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები დაკომპლექტებულია ფაკულტეტებიდან არჩეული წარმომადგენლებით.
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად პირველი კონკურსი რსუ-ში ჩატარდა 2006 წლის აგვისტოში. აღნიშნული კონკურსის შედეგად არჩეულ იქნა აკადემიური პერსონალი 3 წლის ვადით. 2009 წლის სექტემბერს რსუ-ს აკადემიურ პერსონალს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა. ბუნებრივია, უნივერსიტეტმა დაიჭირა თადარიგი ახალი კონკურსის ჩასატარებლად. 2009 წლის 10 ივლისს წარმომადგენლობითმა საბჭომ აკადემიური საბჭოს წარდგინებით დაამტკიცა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესი, რომლის საფუძველზეც აკადემიურმა საბჭომ, №80 დადგენილებით, გამოაცხადა კონკურსი. ცხადია, დღის წესრიგში დადგა საკონკურსო კომისიების დაკომპლექტების საკითხი. რსუ-ს მთელი პერსონალი ამ დროისათვის უკვე კონკურსანტად ითვლებოდა და მათი მონაწილეობა საკონკურსო კომისიებში გამოიწვევდა ინტერესთა კონფლიქტს, ამიტომ 2009 წლის 27 აგვისტოს რსუ-ს აკადემიურმა საბჭომ თხოვნით მიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის რექტორებს, წარმოედგინათ საკონკურსო კომისიების წევრთა კანდიდატურები, ცალკეული საკონკურსო მიმართულებების მიხედვით.
2009 წლის 3 ივნისის №55 დადგენილებით აკადემიურმა საბჭომ დაამტკიცა სასწავლო და სამეცნიერო მუშაობის შეფასების წესი. აღნიშნული წესის განხილვა მიმდინარეობდა რამდენიმე თვის განმავლობაში, თითოეული დეპარტამენტის დონეზე. გამოიკვეთა სასწავლო და სამეცნიერო პრიორიტეტები. ვინაიდან საკონკურსო კომისიები კომპლექტდებოდა სხვადასხვა უნივერსიტეტების წარმომადგენლებით, კონკურსანტთა მონაცემების შეფასება რომ არ მომხდარიყო სხვადასხვა მიდგომებით, აკადემიურმა და წარმომადგენლობითმა საბჭოებმა მიზანშეწონილად ჩათვალეს საკონკურსო კომისიებისთვის დაეზუსტებინათ ასარჩევი აკადემიური პირებისთვის უნივერსიტეტში მიღებული პრიორიტეტები, კერძოდ, 2009 წლის 27 აგვისტოს №101 დადგენილებით აკადემიურმა საბჭომ მიმართა წარმომადგენლობით საბჭოს, შეეტანა ცვლილება ”შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსის ჩატარების წესში”, რაც წარმომადგენლობითმა საბჭომ გაითვალისწინა და ზემოთხსენებულ ღია კონკურსის ჩატარების წესში 5.6 პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
”საკონკურსო კომისია აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი კანდიდატების მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და დოკუმენტების შეფასების საფუძველზე, რსუ-ს 2009 წლის 03 ივნისის №55 დადგენილებით დამტკიცებული „შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო_კვლევითი მუშაობის შეფასების წესის“ მოთხოვნათა გათვალისწინებით, კონკურსით დადგენილ ვადებში გამოავლენს საუკეთესო მაჩვენებლების მქონე კონკურსანტებს და შეადგენს დასკვნას აკადემიურ თანამდებობებთან კანდიდატების შესაბამისობის თაობაზე“ (ამონარიდი წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 31 აგვისტოს №01 გადაწყვეტილებიდან).
კონკურსის ჩატარების წესი ითვალისწინებდა საუკეთესო მაჩვენებლების მქონე კანდიდატების გამოვლენას ღია კენჭისყრით.
კონკურსის ჩატარების შემდეგ, ბუნებრივია, კონკურსანტთა ნაწილი დარჩა აკადემიური თანამდებობის გარეშე, მათ კონკურენტებს ამ ეტაპზე (უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში) უკეთესი მონაცემები აღმოაჩნდათ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამა თუ იმ მიმართულებით ვაკანტური ადგილების რაოდენობა განისაზღვრება შესაბამის პროგრამებზე სტუდენტთა რაოდენობით. საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ ფუნდამენტური მიმართულებების ცალკეულ პროგრამებზე სწავლის მსურველთა რიცხვი შემცირდა, რამაც განაპირობა ვაკანტური ადგილების შემცირება. რსუ-ს ადმინისტრაციამ გაითვალისწინა რა, კვალიფიციური კადრების გადინების საშიშროება, ვაკანტურ ადმინისტრაციულ და დამხმარე თანამდებობებზე, სადაც კანონმდებლობა ამის საშუალებას იძლეოდა, დაასაქმა კვალიფიციური კადრები, რომლებიც ვაკანსიების სიმცირის გამო აკადემიურ თანამდებობებზე არ იქნენ არჩეულნი. აკადემიურმა საბჭომ კონკურსის შედეგად გარკვეული მიმართულებებით დარჩენილი ვაკანსიები გადაანაწილა იმ მიმართულებებზე, სადაც განსაკუთრებით დიდი კონკურსი იყო (კანონმდებლობა აკადემიურ საბჭოს ამ მხრივ არ ზღუდავს). სწორედ, აღნიშნული ვაკანსიების ხარჯზე ჩატარდა დამატებითი კონკურსი.
გაზეთ „ბათუმელების“ სტატიაში დაშვებული ლაფსუსები და შეცდომები ადასტურებს, რომ ავტორი სათანადოდ არ იცნობს უნივერსიტეტს. მისთვის უცნობია, რომ დეკანის მოადგილის თანამდებობა ადმინისტრაციის მოგონილი არ არის, იგი ვერ ხედავს განსხვავებას შტრიხკოდსა და სამეცნიერო შიფრს შორის, წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებასა და რექტორის ბრძანებას შორის… ჩვენ შეგნებულად ვიკავებთ თავს დავაკონკრეტოთ სტატიაში მოყვანილი ალოგიკური ფრაზები, მათი განსჯა ზემოთ მოყვანილი განმარტებების შემდეგ მკითხველისათვის მიგვინდია.
