კომენტარი

ეკიპაჟმა „მასკვა“, სავარაუდოდ, ზედმეტად ადრე მიატოვა – კაპიტანი ჯონ კონრადი

19 აპრილი, 2022 • 14075
ეკიპაჟმა „მასკვა“, სავარაუდოდ, ზედმეტად ადრე მიატოვა – კაპიტანი ჯონ კონრადი

საზღვაო ოპერაციების სპეციალისტი, კაპიტანი ჯონ კონრადი, ავტორი წიგნისა „ცეცხლი ჰორიზონტზე“, ეხმაურება რუსული ფლოტის ფლაგმანის, „მასკვას“ ჩაძირვას და მიიჩნევს, რომ ეკიპაჟმა და გემის კაპიტანმა ხომალდი დროზე ადრე დატოვეს.

ჯონ კონრადი თავის მსჯელობას აფუძნებს 18 აპრილს სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ფოტოზე, რომელიც, დიდი ალბათობით, ასახავს რუსულ სარაკეტო კრეისერ „მასკვას“ დაზიანებას. „ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მისი მოსაზრების თარგმანს:

„ეს არის რუსეთის ფლოტის ფლაგმანი „მასკვა“ ჩაძირვამდე.

გემზე სიტუაციის შეფასება მხოლოდ ერთი სურათის საფუძველზე შეუძლებელია, მაგრამ საზღვაო საევაკუაციო სამუშაოების ექსპერტები ვალდებულნი არიან, გამოთქვან ვარაუდები მცირე ინფორმაციის საფუძველზეც კი.

როგორც გემის კაპიტანი და გემის ხანძრის ავტორი, გაგიზიარებთ ჩემს მოსაზრებას, თუ, სავარაუდოდ, რა მოხდა:

პირველი შეკითხვა, რომელსაც გემების სამაშველო სიტუაციების ნებისმიერი ექსპერტი დასვამს, არის ის, თუ რამდენად ახლოა გემი ჩაძირვასთან.

ამ ფოტოზე წითელი ხაზი უჩვენებს წყლის ახალი ხაზის სავარაუდო მდებარეობას [ანუ ახალ ფოტოზე ამ დონემდეა წყლის დონე, – ამ „ხაზამდეა“ გემი ჩაძირული].

როგორც ფოტოების შედარებით ხედავთ, გემს დაკარგული აქვს ამომგდები ძალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

თუმცა მას, სავარაუდოდ, ფოტოს გადაღების მომენტში არ ემუქრება დაუყოვნებლივ ჩაძირვის საფრთხე რამდენიმე მიზეზის გამო:

  •  მას ჯერ კიდევ შერჩენილი აქვს გარკვეული ამომგდები ძალა, – რადგან გემბანის კიდეს ჯერ კიდევ არ მიუღწევია იმ წერტილისთვის, საიდანაც შემობრუნება შეუძლებელი იქნებოდა, – გემი ასეთ ეტაპზე რომ იყოს მისული, ჩაძირვა გარდაუვალი იქნებოდა.
  • ამინდი შედარებით მშვიდია. ტალღების მომძლავრების შემთხვევაში ჩაძირვის საფრთხე ექსპონენტურად გაიზრდებოდა.

კიდევ რა ვიცით?

სამაშველო ნავები უკვე გაშვებულია და გემბანზე, – თუნდაც უკანა მხარეს, სადაც დაკვამლიანება არ შეინიშნება, – არავინ არ არის.

კიდევ რა ვიცით? კვამლი მუქი და მძიმეა. ეს არის სერიოზული ხანძარი, დიდი მხურვალებით. მუქი კვამლი არის მძიმე საწვავის [მაზუთის?] ან სინთეზური მასალების წვისა და [ძრავის] არასრულყოფილი წვის შედეგი. ძალიან საშიში სიტუაციაა.

ჩვენ ასევე ვიცით, რომ სურათი გადაღებულია შედარებით მალევე იმ დროიდან, რაც ხანძარი გაჩნდა. ეს შეგვიძლია დარწმუნებით ვივარაუდოთ, რადგან გემზე საღებავის დიდი ნაწილი დაუზიანებელია. ამ პირობებში კიდევ ერთი საათიც და საღებავი, სავარაუდოდ, აიქერცლება და გაიჭვარტლება.

შემდეგ უნდა ვიკითხოთ, რა არის უჩვეულო ამ ფოტოში? ჩემთვის ყველაზე თვალშისაცემი ისაა, რომ კვამლი წინ გროვდება და მას შენარჩუნებული აქვს გარკვეული ამომგდები ძალა. ეს სახიფათო სიტუაციაა, მაგრამ უკანა ნაწილში დაკვამლიანება არ შეინიშნება და საკმარისად გრილი უნდა იყოს სამუშაოდ.

ეს რომ კომერციული გემი ყოფილიყო, კაპიტანი, სავარაუდოდ, მიატოვებდა „არასაჭირო“ პერსონალს და გადააჯგუფებდა სახანძრო გუნდებს „უსაფრთხო დგომის ზონაში“ (ანუ, უკანა მხარეს, სადაც დაკვამლიანება არ შეინიშნება). მაგრამ ეს სამხედრო ხომალდია, ასე რომ, ჯგუფმა, რომელიც სამაშველო გუნდად არის მოაზრებული, ჩასხდომამდე უნდა იცოდეს, თუ სად არის განლაგებებული აფეთქებადი ნივთიერებები.

ჩვენ, კაპიტნებს, აღჭურვილობა არ გვადარდებს, – საზღვაო საგანგებო სიტუაციების დროს ერთი წესით ვცხოვრობთ და ვიხოცებით. ამ მასშტაბის აფეთქების დროს ჩვენი საქმეა არა ყველას გადარჩენა, არამედ ადამიანების მაქსიმალური რაოდენობის გადარჩენა. ამან შეიძლება დაგვაყენოს რთული გადაწყვეტილებების მიღების რისკის წინაშე.

როგორც კომერციული გემის კაპიტანი, სავარაუდო სწორი პასუხი აქ არის გემის მიტოვება იმ ცოდნით, რომ ის, სავარაუდოდ, ჩაიძირება და დაზღვევა ზარალს აანაზღაურებს. მაგრამ საზღვაო ხომალდების კაპიტანს ეს ფუფუნება არა აქვს.

კომერციული გემის კაპიტანსა და საზღვაო ფლოტის კაპიტანს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ ჩვენ, სამოქალაქო პირებს, მხოლოდ ეკიპაჟზე გვიწევს ფიქრი. საზღვაო ძალებს არ აქვთ ეს ფუფუნება. მათ უნდა იფიქრონ ეკიპაჟსა და სტრატეგიულ მისიაზე.

გაიხსენეთ ოქროს წესი: „გადაარჩინე რაც შეიძლება მეტი ადამიანი“ – ის ხალხი, რომლებზეც სამხედრო ხომალდის კაპიტანმა უნდა იფიქროს, არიან არა მხოლოდ ეკიპაჟის წევრები, არამედ არმია და საზღვაო ქვეითები, რომელთა საჰაერო და საარტილერიო მხარდაჭერასაც მისი გემი უზრუნველყოფს.

გემის ნაადრევად მიტოვებით მან შეიძლება გადაარჩინოს ეკიპაჟი, მაგრამ წააგოს ომი.

ანალიტიკოსების ძალიან დიდი ნაწილის თანახმად, ფლაგმანი „მასკვა“ ძალიან მნიშვნელოვანი ხომალდი იყო ამ ომში. ჩემი ვარაუდი – რომელიც არცთუ დიდი რაოდენობით მტკიცებულებაზეა დაფუძნებული – ასეთია:

1) ომში ამ გემის მნიშვნელობიდან გამომდინარე;
2) ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ მონტროს კონვენცია [კონვენციის ძალით თურქეთი] არ აძლევს რუსეთის ფედერაციას შესაძლებლობას, „მასკვას“ ჩამნაცვლებელი გემი გაგზავნოს;
3) მშვიდი ამინდიდან, ამომგდები ძალის ნაწილის შენარჩუნებიდან და იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ მისი გადარჩენა ჯერაც შესაძლებელი იყო;
4) იმ ფაქტიდან გამომდინარე, რომ გემის უკანა მხარეს დაკვამლიანება არ შეინიშნებოდა…

„მასკვას“ კაპიტანმა გემი ნაადრევად მიატოვა“.


„მასკვას“ ჩაძირვა

უკრაინული მხარის ცნობით, 13 აპრილს „მასკვას“, – რომელიც შავ ზღვაში რუსული ფლოტის ფლაგმანი იყო, – უკრაინული წარმოების „ნეპტუნის“ რაკეტები მოარტყეს, რის გამოც ხომალდს ცეცხლი გაუჩნდა, საბოლოოდ კი, რამდენიმე დღეში, შტორმისა და წარუმატებელი საევაკუაციო სამუშაოების ფონზე, ჩაიძირა.

ხომალდზე თავდაპირველად ცეცხლის გაჩენის, შემდეგ კი ჩაძირვის შესახებ ინფორმაცია რუსულმა მხარემაც გაავრცელა, თუმცა უკრაინული თავდასხმა არ უხსენებია და ხომალდის ჩაძირვა შტორმსა და ხომალდზე „იარაღის აფეთქებას“ დაუკავშირა.

18 აპრილს ტვიტერის გვერდზე მომხმარებელმა OSINTtechnical-მა, რომელიც სამხედრო ჟურნალისტია, გამოაქვეყნდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, „მასკვას“ დაზიანებას ასახავს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებდა, რომ გემის დაზიანების შემდეგ ეკიპაჟის ევაკუაცია მოხდა და ისინი სხვა გემებზე გადასხეს.

უკრაინული Forbes-ის ცნობით, „მასკვას“ ღირებულება დაახლოებით 750 მილიონი დოლარია და ამ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ერთეული სამხედრო ტექნიკაა, რომელიც უკრაინულმა მხარემ ომში გაანეიტრალა.

ექსპერტების შეფასებით, რუსული სარაკეტო კრეისერის, „მასკვას“ დაზიანებას როგორც სიმბოლური, ისე სამხედრო ღირებულება აქვს.

2022 წლის 24 თებერვალს, როდესაც უკრაინის ზმეინის კუნძულს სწორედ ხომალდი „მასკვა“ მიადგა და დანებება მოსთხოვა, ზმეინის მცველებმა მას უპასუხეს: „რუსულო სამხედრო ხომალდო, იდი ნახუი“ [Русский военный корабль, иди на хуй]. ამის შემდეგ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კუნძული დაბომბეს და ყველა, ცამეტივე მათგანი დახოცეს.

ეს ფრაზა კადრების გავრცელების წამიდანვე იქცა ცნობილ მიმად, – უკრაინის წინააღმდეგობის ერთგვარ სიმბოლოდ, – რომელსაც რუსეთის სამხედრო აგრესიის მოწინააღმდეგეები იყენებენ.


რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა, რასაც ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, 200-მდე ბავშვი. აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის, რადგან უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონებში ამ დრომდე ბრძოლები მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი