კომენტარი

“მე გამაუპატიურეს, ჩემი ქმარი მოკლეს” – ომის ისტორიები უკრაინიდან

12 აპრილი, 2022 • 6146
“მე გამაუპატიურეს, ჩემი ქმარი მოკლეს” – ომის ისტორიები უკრაინიდან

“იარაღის მუქარით მიმიყვანა ახლომდებარე სახლთან. მიბრძანა: “გაიხადე, თორემ გესვრიო”, – იხსენებს 50 წლის ქალი კიევის ოლქიდან. მისი თქმით, ის რუსეთის ჯარისკაცმა გააუპატიურა. საკუთარ ისტორიას ანა BBC-ის უყვება.

“მოკვლით მემუქრებოდა, თუ იმას არ ვიზამდი, რასაც მეტყოდა. შემდეგ კი დაიწყო ჩემი გაუპატიურება. გაუპატიურების პროცესში ოთხი ჯარისკაცი შემოვიდა. ვიფიქრე, რომ მომკლავდნენ, თუმცა გაიყვანეს და აღარასდროს მინახავს”, – ამბობს ანა.

ამის შემდეგ ქმრის მოსაძებნად სახლში დაბრუნდა, თუმცა მისი ქმარი მუცელში იყო დაჭრილი, ორი დღის შემდეგ კი გარდაიცვალა. მიმდინარე ბრძოლების გამო კლინიკაში მისი გადაყვანა ვერ მოხერხდა.

“მან ჩემ საშველად სცადა გამოქცევა, თუმცა ტყვია ესროლეს”, – იხსენებს ანა, რომელმაც მეუღლე მეზობლების დახმარებით საკუთარი სახლის უკანა ეზოში დაასაფლავა. მის საფლავზე ხის ჯვარი დგას.

ანას ქმრის საფლავი. ფოტო: BBC

მომხდარის შემდეგ რუსი ჯარისკაცები რამდენიმე დღე დარჩნენ ანას სახლში. მისი თქმით, ჯარისკაცები იარაღის მუქარით ითხოვდნენ მისი მეუღლის ნივთების მათთვის მიცემას.

“როცა წავიდნენ, ნარკოტიკები და ვიაგრა ვიპოვე. ისინი ხშირად იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ, ან მთვრალები. მათი უმრავლესობა მკვლელები, მოძალადეები და მძარცველები არიან. მხოლოდ ძალიან ცოტა მათგანია ნორმალური”, – თქვა მან.

ანამ BBC-ის უთხრა, რომ ადგილობრივ კლინიკასთან აქვს კონტაქტი და საჭირო ფსიქოლოგიურ დახმარებას იღებს.

ანას სახლთან ახლოს, იმავე ქუჩაზე გააუპატიურეს და მოკლეს კიდევ ერთი ქალი. მეზობლები იხსენებენ, რომ ის საკუთარი სახლიდან გაიყვანეს და ომის დაწყებისას მიტოვებულ სახლში შეიყვანეს. მეზობლების თქმით, ქალი ანაზე მოძალადემ მოკლა და გააუპატიურა, სანამ ანას სახლში მივიდოდა.

BBC-ის კადრებში ჩანს ოთახი, რომელშიც ქალი გააუპატიურეს და მოკლეს. არეულ ოთახში სისხლის კვალი კვლავ შემორჩენილია, სარკეზე კი პომადით წარწერაა გაკეთებული, სადაც წერია:

“აწამეს უცნობმა პირებმა, დაასაფლავეს რუსმა სამხედროებმა”.

წარწერა სარკეზე. ფოტო: BBC

მოკლული ქალის მეზობლის თქმით, ვინც ქალის ცხედარი იპოვა და დაასაფლავა, წარწერა რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს, .

“რუსმა ჯარისკაცებმა მითხრეს, რომ ის [ქალი] იყო გაუპატიურებული და ყელგამოჭრილი და სისხლისგან დაიცალა. თქვეს, რომ ძალიან ბევრი სისხლი იყო”, – უყვება BBC-ის მოკლული ქალის მეზობელი.

ქალი სახლის ეზოში დაკრძალეს.

მოკლული ქალის საფლავი. ფოტო BBC

კიევის რეგიონის პოლიციის უფროსმა, ანდრიი ნებიტოვმა BBC-ის უთხრა, რომ ისინი იძიებენ კიევიდან 50 კილომეტრის მოშორებით დასახლებაში მომხდარ შემთხვევას:

“9 მარტს რუსეთის ჯარის რამდენიმე ჯარისკაცი შევიდა სახლში. ქმარმა საკუთარი ცოლისა და ბავშვის დაცვა სცადა, თუმცა მას ეზოში ესროლეს. ამის შემდეგ ორი ჯარისკაცი აუპატიურებდა მის ცოლს. ისინი მიდიოდნენ ხოლმე, შემდეგ კი ბრუნდებოდნენ უკან. სამჯერ დაბრუნდნენ მის გასაუპატიურებლად. ემუქრებოდნენ, რომ თუ წინააღმდეგობას გაწევდა, მის პატარა ბიჭს დაუშავებდნენ რამეს. საკუთარი შვილის დასაცავად ის წინააღმდეგობას არ უწევდა”, – ჰყვება ადგილობრივი პოლიციის უფროსი.

მისი თქმით, წასვლისას ჯარისკაცებმა სახლი დაწვეს, ოჯახის ძაღლი კი მოკლეს. ქალი შვილთან ერთად გაიქცა, შემდეგ კი პოლიციას დაუკავშირდა. პოლიციის უფროსის თქმით, მათ ქალის ჩვენება აქვთ.

ქალის მეუღლე მეზობლებმა დაკრძალეს ეზოში. პოლიცია გეგმავს, რომ მომხდარი ამბავი საერთაშორისო სასამართლოში წაიღოს.

ოჯახის დამწვარი სახლი. ფოტო: BBC

უკრაინის ომბუდსმენი ლიუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ რამდენიმე მსგავსი შემთხვევა აქვთ დაფიქსირებული.

“ბუჩაში, ერთ-ერთი სახლის სარდაფში 14-დან 24 წლამდე დაახლოებით 25 გოგოს აუპატიურებდნენ. ცხრა მათგანი ორსულადაა. რუსი ჯარისკაცები გოგოებს ეუბნებოდნენ, რომ იქამდე გააუპატიურებდნენ, სანამ კაცთან სექსის სურვილი საერთოდ არ გაუქრებოდათ, რათა აღარ გაეჩინათ უკრაინელი ბავშვები”, – ამბობს ომბუდსმენი.

დენისოვას თქმით, ამჟამად შეუძლებელია რუსეთის ჯარისკაცების მიერ ჩადენილი სექსუალური დანაშაულების მასშტაბის შეფასება, რადგან ყველა მსხვერპლს ამ ეტაპზე არ სურს საუბარი. მათ უმრავლესობას კი ამჟამად ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, ოფიციალური ჩვენების მიცემამდე კი მათი ამბების დანაშაულებად შეფასება ვერ მოხდება.

დენისოვას ცნობით, უკრაინას სურს გაეროს მიერ სპეციალური ტრიბუნალის ორგანიზება, სადაც პირადად ვლადიმერ პუტინი გასამართლდება ომის დანაშაულებისთვის, მათ შორის, გაუპატიურებებისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი