კომენტარი

ზელენსკი გაეროს: გარიცხეთ რუსეთი ან თავი გაიუქმეთ

5 აპრილი, 2022 • 20759
ზელენსკი გაეროს: გარიცხეთ რუსეთი ან თავი გაიუქმეთ

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გაეროს სთხოვს, რუსეთს პასუხისმგებლობა დააკისროს და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს. ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სიტყვით დღეს, 5 აპრილს, მიმართა.

„სად არის უსაფრთხოება, რომლის გარანტიაც უშიშროების საბჭომ უნდა უზრუნველყოს? ის აქ არ არის. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს უშიშროების საბჭო. სად არის მშვიდობა? რა არის ის გარანტიები, რომელიც გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს?”- იკითხა ზელენსკიმ თავის გამოსვლაში.

ზელენსკის თქმით, რუსეთის წინაშე პასუხისმგებლობა „გარდაუვალი უნდა იყოს“.

„მინდა შეგახსენოთ გაეროს წესდების პირველი მუხლის პირველი თავი. რა არის ჩვენი ორგანიზაციის მიზანი? მისი მიზანია მშვიდობის შენარჩუნება,  ახლა კი გაეროს წესდება დაირღვა ფაქტიურად, პირველი მუხლით დაწყებული. რა აზრი აქვს ყველა სხვა მუხლს?“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ რუსეთს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდება, ქვეყნები თავიანთი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ იარაღის ძალის იმედზე იქნებიან და გაეროს შეუძლია დაიხუროს.

„ახლა მთავარია გაეროს სისტემის გარდაქმნა. მე გთავაზობთ კონფერენციის ჩატარებას კიევში და განხილვას, თუ როგორ უნდა მოხდეს მსოფლიო უსაფრთხოების სისტემის რეფორმირება, როგორ განვამტკიცოთ საერთაშორისო სამართალი. კონფერენციაზე ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს გარანტირებული სახელმწიფოების საზღვრების ხელშეუხებლობა, როგორ გავაძლიეროთ საერთაშორისო სამართალი.

მაგრამ თუ არ იცით, როგორ მიიღოთ გადაწყვეტილება, გაქვთ 2 გზა – ან გააძევეთ რუსეთი, როგორც ომის წყარო, რათა რუსეთმა არ დაბლოკოს საკუთარ აგრესიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები, და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ მშვიდობის დასამყარებლად.

მეორე ვარიანტია საკუთარი თავის გაუქმება. თუ ლაპარაკის გარდა სხვა არაფერი შეგიძლიათ, სხვა გზა აღარ დაგრჩენიათ. უკრაინას სჭირდება მშვიდობა, ევროპას სჭირდება მშვიდობა, მთელ მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მასალების გადაბეჭდვის წესი