კომენტარი

ელისაშვილი: როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას

31 მარტი, 2022 • 3578
ელისაშვილი: როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ალეკო ელისაშვილი, რომელიც უკრაინაში საბრძოლველად არის წასული, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბრობს.

ელისაშვილის თქმით, ძალიან აწუხებდა, როგორ იბომბებოდა მთელი უკრაინა და წუხდა ხელისუფლების სამარცხვინო პოზიციების გამო:

„შინაგანად მაწუხებდა, რომ ვხედავდი, როგორ იბომბებოდა მთელი უკრაინა და ძალიან მაწუხებდა ჩვენი ხელისუფლების და ქვეყნის სამარცხვინოება. ამიტომ გადავწყვიტე, როგორც ერთმა უბრალო ადამიანმა, ვერ გავძელი უბრალოდ და პატარა ბავშვივით გამოვიპარე…“, – ამბობს ელისაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“.

მისი თქმით, უკრაინელების თვალში ახლა საქართველო არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს. ქართველი მებრძოლები კი ქვეყნისთვის ნამუსის მოწმენდას ცდილობენ:

„რამდენადაც ჩვენი მთავრობა არის შერცხვენილი, ვცდილობ გამოვასწორო და ვთქვა, ჩვენ საფრთხეები გვაქვს… მაინც ვუხსნი ადამიანებს, მომწონს თუ არა ღარიბაშვილი, მაინც ჩვენს ქვეყანას ხელმძღვანელობს… თავს აქნევენ, თქვენი იმედი გვქონდა და თქვენ რა გაგვიკეთეთო, ასეთი პოზიციაა.

მეორე მხრივ, ქართველ მეომრებს ძალიან მაგარი სახელი აქვთ. ჩვენ როგორც შეგვიძლია, ისე ვწმენდთ ნამუსს ჩვენს ქვეყანას. საქართველო დღეს უკრაინელების თვალში არის ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს რუსეთს“ ,- ამბობს ელისაშვილი ტელეკომპანია „პირველთან“.

რაც შეეხება უკრაინის მიერ საქართველოდან ელჩის გაწვევას, ელისაშვილი ამბობს, რომ უკრაინამ კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი მათ მხარს უჭერს და ვოლოდიმირ ზელენსკის ეს გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია. თუმცა, მეორე მხრივ, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ ქვეყანა ახლა ომშია:

„ჩემთვისაც საწყენია, შეიძლება ხელისუფლება იმსახურებს და იმსახურებს კიდეც, მაგრამ ძალიან კარგად იცის უკრაინის ხელისუფლებამ, როგორია ქართველების დამოკიდებულება უკრაინის მიმართ. ამაზე მეტყველებს ისიც, რამდენი ადამიანია საბრძოლველად ჩამოსული საქართველოდან. უბრალოდ, გულდასაწყვეტია. მაგრამ, მეორე მხრივ, ზელენსკისაც უნდა გავიგოთ და უკრაინელებისაც, ეს ხალხი ომშია. ყველაზე მეტად მხარდაჭერას ვისგანაც მოელოდა, იმისგან ვერ იგრძნო ზელენსკიმ“, – ამბობს ალეკო ელისაშვილი.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების განცხადებები სიფრთხილეს სცდება და უღირსობაშია გადასული:

„საქართველოს ხელისუფლების [ქმედებები] შეიძლება სიფრთხილით ახსნა, მაგრამ ეს არ არის სიფრთხილე, ეს უღირსობაშია გადასული. ღარიბაშვილი რომ გამოვიდა და სანქციებს არ ვუერთდებიო… საქართველოს თავისი არსებობის მანძილზე ასე ზურგი მეგობრისთვის არ შეუქცევია. ჩემი წამოსვლის ერთ-ერთი მიზეზიც ეს იყო. მოქმედი დეპუტატი ვარ…“ ,- ამბობს ელისაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი