კომენტარი

თუ დავმარცხდებით უკრაინაში, პუტინი შეუტრიალდება საქართველოს და მოლდოვას — ფარკასი

22 მარტი, 2022 • 2440
თუ დავმარცხდებით უკრაინაში, პუტინი შეუტრიალდება საქართველოს და მოლდოვას — ფარკასი

აშშ-ის თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში, თავდაცვის ექსპერტი ეველინ ფარკასი მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს არ შეაჩერებენ უკრაინაში, ის არსად გაჩერდება.

CNN-თან ინტერვიუში ეველინ ფარკასმა განაცხადა, რომ რუსული ჯარის ლოჯისტიკური და კომუნიკაციის პრობლემები ჯერ კიდევ 2008 წელს, საქართველოსთან ომის დროს გამოჩნდა და, როგორც აღმოჩნდა, გაცხადებული მოდერნიზაციის მიუხედავად, მათ დღესაც იგივე პრობლებები აქვთ.

„მეზიზღება სიტყვა „რუსეთის პროვოკაცია“. თუ ვინმეა პროვოკატორი, ეს რუსეთია. რუსეთმა აირჩია ეს ომი და რუსეთმა აირჩია დაეხოცა უდანაშაულო უკრაინელები. ამიტომ, ცხადია, ისინი პროვოკატორები არიან. ლეგიტიმურია კითხვა ესკალაციის საფრთხეზე. ეს სიტყვა უფრო მომწონს. ჩვენ არ გვინდა ესკალაცია, არ გვინდა ისეთი რამის გაკეთება, რაც გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ესკალაციას. ამის მიუხედავად, არ შეიძლება იმდენად გვეშინოდეს ესკალაციის, რომ გამოვრიცხოთ უკრაინის დახმარება. რისკები ფრთხილად უნდა შევაფასოთ, მაგრამ უნდა შეგვეძლოს ზოგიერთ რისკზე წასვლა. იმიტომ, რომ თუ დავმარცხდებით უკრაინაში, თუ უკრაინელები დამარცხდებიან, ვლადიმერ პუტინი, თუ სხვა რამის გასაკეთებლად საკმარისი ძალა ექნება, შეუბრუნდება საქართველოს და აიღებს კონტროლს მასზე, შეუტრიალდება მოლდოვას და იქ დაამყარებს კონტროლს. შემდეგ ის გამოიწვევს ნატო-ს, ეცდება ნატოს-ს დაშლას, გამოწვევას მოუწყობს ჩვენს დემოკრატიას. ის არ გაჩერდება, თუ უკრაინაში არ იქნება შეჩერებული“, — თქვა ეველინ ფარკასმა.

რაც შეეხება უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებებს, ფარკასის აზრით, შეთანხმება შეუძლებელია მანამ, სანამ ორივე მხარე ფიქრობს, რომ მოგება შეუძლია. გეგმა ბ, ფარკასის აზრით, შეიძლება რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენებას ნიშნავდეს, როგორც ეს სირიაში გააკეთა. სწორედ ამის გამო, ფარკასის აზრით, დღის წესრიგიდან არ უნდა მოიხსნას ჰუმანიტარული არასაფრენი ზონის შემოღების ალბათობა და რაც შეიძლება სწრაფად, უკრაინისთვის მეტი და საჭირო იარაღის მიწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი