კომენტარი

გაუქმების კულტურა და კულტურის გაუქმება | ანტონ დოლინი

22 მარტი, 2022 • 4232
გაუქმების კულტურა და კულტურის გაუქმება | ანტონ დოლინი

ანტონ დოლინი, კინოკრიტიკოსი


ყურადღება: ეს პოსტი განკუთვნილია მხოლოდ მათთვის, ვინც გმობს ომს უკრაინაში და საშინელ ბოროტებად მიაჩნია. თუმცა, სხვებთან საუბრის სურვილი არც მაქვს.

როგორ ბევრისთვისაა ცნობილი, მე კულტურის ადამიანი ვარ, 90%-ით კულტურისგან შევდგები და მის გარეშე ვერც ვცოცხლობ. უფრო მეტიც: მე სწორედ რომ რუსული კულტურის ადამიანი ვარ. ოდესღაც, მშობლების ნების მიუხედავად, ჩავაბარე მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსულ ფილოლოგიაზე და არა პერსპექტიულ რომანულ-გერმანულ განყოფილებაზე.

თუმცა, საერთოდ არ მესმის ოხვრა მთელ მსოფლიოში რუსული კულტურის გაუქმების გახშირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც – ეს ოხვრა ხან კომიკური, ხან უადგილო და უზნეოც კი მგონია. შევეცდები ავხსნა (საკუთარი თავისთვის მაინც, რატომ):

დავიწყოთ უმარტივესით. კანონზომიერია იმ ადამიანების გამოსვლების გაუქმება და მათთვის რაღაც წევრობების ჩამორთმევა, ვინც საკუთარი ავტორიტეტით პირდაპირ უჭერდა მხარს პუტინის პოლიტიკას. არც ისე მნიშვნელოვანია, ისინი ამას ახლა აკეთებენ, როგორც პიანისტი ბერეზოვსკი, თუ ყოველთვის აკეთებდნენ და ახლა ისე აღარ აქტიურობენ, როგორც დირიჟორი გერგიევი. 

კი მაგრამ, გენიოსები? ისინი რატომ უნდა „აუქმონ“? კონტექსტზეა დამოკიდებული. ჩვენთან ატრიალებდნენ ისტორიას, როგორ თქვეს უელსში უარი ჩაიკოვსკის მუსიკის დაკვრაზე, მაგრამ მორცხვად არ ახსენეს, რომ საუბარია უვერტიურაზე „1812“. მართლაც, ახლა არცთუ ისე კარგად ჟღერს პატრიოტული მუსიკა, რომელიც რუსულ იარაღს ადიდებს. ტოლსტოის პაციფიზმის მიუხედავად, „ომი და მშვიდობაც“ არსებულ ვითარებაში არცთუ ისე კარგად გამოიყურება (მით უმეტეს, რომ პროკოფიევმა და ბონდარჩუკმაც დიდებული რომანი რუსი მეომრის სადიდებლად მიიჩნიეს).

ან კიდევ უფრო უარესი სიტუაცია. ყოველთვის ვიყავი დიდებული საბჭოთა (ანტი)საომარი კინოს – „მიფრინავენ წეროები“, „ბალადა ჯარისკაცზე“, „ივანის ბავშვობა“ – დიდი თაყვანისმცემელი. დღეს როგორ ვუყუროთ ამ კინოს? სიყალბე ხომ არაა, ახლა აგიჩუყდეს გული საბჭოთა ჯარისკაცის მსხვერპლზე, რომელიც ფაშისტებისთან ბრძოლაში იღუპება, სანამ მისი თვითგამოცხადებული მემკვიდრეები წარმოსახვით „ნაცისტებთან“ ბრძოლის დროშის ქვეშ ქალაქებს ბომბავენ და ბუჰენვალდის ყოფილ ტუსაღებს კლავენ?

თუმცა, როგორც ვიცით, არსებობს დიდებული შედევრები, რომელთაც კავშირი არ აქვთ პატრიოტიზმთან ან სამხედრო საქმესთან. „ევგენი ონეგინი“, „ვაი ჭკუისგან“, „ალუბლის ბაღი“ და ასე შემდეგ. ნუთუ, მათაც უნდა დავემშვიდობოთ? გამოჩენილი მხატვრები-ჰუმანისტები, კლასიკოსები და თანამედროვეები? რეჟისორები, არქიტექტორები, დრამატურგები…

თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე, როგორც საბჭოთა კონსტრუქტივიზმის არქიტექტურის ვნებიან თაყვანისმცემელს, მხოლოდ ხარკოვზე ფიქრი შემიძლია – ავანგარდისტული არქიტექტურის აკვანზე, რომელიც რამდენიმე დღეში განადგურდა.

ხელოვნება ამშვიდებს და ართობს. ეხმარება ადამიანს, საშიშ რეალობას გაექცეს. ანესთეზია ხდება მაშინ, როცა არ შეიძლება ტკივილს არ განიცდიდე. არადა, ოდესღაც სწორედ რუსული კულტურა ამტკიცებდა – „ჩვენ არ ვართ ექიმები, ჩვენ ვართ ტკივილი“. გახსოვთ?

ივან კარამაზოვი უარს ამბობდა უმაღლეს ჰარმონიაზე, თუ მისი ყიდვისთვის ნაწვალები ბავშვის ცრემლი იყო საჭირო. შეხედეთ ლვოვში, ცარიელი საბავშვო ეტლებით სავსე მოედანს. ნუთუ, ამის ხილვისას არ გიქრებათ სურვილი, დატკბეთ „გედების ტბით“ და „ხოვანშჩინათი“?

კულტურისა და სინდისის გაუქმებას შორის მე მაინც კულტურის გაუქმებას ავირჩევდი.

მრავალი წელი რუსული კულტურა ყველა ჩვენგანისთვის გამართლება იყო. დიახ, ჩვენ არ ვიცით დემოკრატია, პატივს არ ვცემთ პიროვნებას, ვითმენთ დამცირებას. როგორც ძველ რასისტულ ანეკდოტშია ნათქვამი, „სამაგიეროდ კარგი სიმღერები გვაქვს“. შეიძლება, კულტურაა ერთ-ერთი იმ მიზეზთაგან, რომელთა გამოც მსოფლიო პუტინს ითმენდა. ჩვენც ვითმენდით, ის კულტურაში დიდად არც ერეოდა. ჩვენ კი მის საქმეებში არ ვერეოდით.

იგი აპატიმრებს უდანაშაულოებს – ჩვენ კურენტზისის კონცერტზე [მივდივართ].

იგი მედიას კრძალავს – ჩვენ ტრეტიაკოვკას [გალერეაში], ვრუბელის [ნახატების სანახავად მივდივართ].

იგი მიტინგებს არბევს – ჩვენ კინოში მივდივართ, თანაც, არა აუცილებლად [ფიოდორ] ბონდარჩუკის [ფილმზე], ზვიაგინცევზეც შეიძლება.

მოდით, პაუზა გავაკეთოთ.

თუ რუსული კულტურა, რომელშიც ყოველთვის საკმარისად იყო სხვადასხვა იმპერიული ნაგავი, რამით ჭეშმარიტად არის ღირებული, ეს არის ლმობიერება, ყურადღება ტანჯულების, დამცირებულების და შეურაცხყოფილების მიმართ. ტერმინი „პატარა ადამიანი“ რუსული ლიტერატურიდან მოდის და არა კაფკას [ნაწარმოებებიდან].

მოდით, სწორედ ამ ლმობიერების სახელით შევწყვიტოთ გაუქმებული პრემიერების, კონცერტებისა და სპექტაკლების დატირება. იქამდე მაინც, სანამ ომი მიდის. 

ნუთუ, ჩვენი კულტურაა ფასი, რომლის გადახდაც ხელისუფლების დანაშაულებისთვის მოგვიწევს?

რა თქმა უნდა, არა. კულტურის რეზისტენტულობა უსაზღვროა. კვდებიან ადამიანები, რეჟიმები, ქალაქები, ქვეყნები, ცივილიზაციები. მხოლოდ კულტურა რჩება.

აღარ არიან არც აქაველები და არც ტროელები და ხალხი არაა დარწმუნებული, რომ ისინი არსებობდნენ… აი „ილიადა“ კი მხნედ და ცოცხლადაა.

კულტურა უკვდავია. ის ამასაც გაუძლებს.

მოკვდავია ადამიანი. ყოველდღე ადამიანები უკრაინეში იღუპებიან.

მოდით, ახლა მათზე ფიქრი ვცადოთ.


თარგმანი: ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი