კომენტარი

რას შეცვლის დრონები და ახალი ჰსთ სისტემები ომში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

18 მარტი, 2022 • 12366
რას შეცვლის დრონები და ახალი ჰსთ სისტემები ომში – ინტერვიუ გადამდგარ გენერალთან

„ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით, იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს“, – აღნიშნა ვახტანგ კაპანაძემ, გადამდგარმა გენერალ-მაიორმა და ამჟამად ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველმა, როცა მას ვკითხეთ: რა დატვირთვა აქვს ახლა მოლაპარაკებებს რუსეთ-უკრაინას შორის?

სამხედრო ექსპერტი თვის ბოლოსთვის რუსეთისგან ფართომასშტაბიანი შეტევის მეორე ტალღას ელოდება უკრაინაში. რა მოხდება ამჯერად?

ვახტანგ კაპანაძე გადამდგარი გენერალ-მაიორია და სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი. ის საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. „ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ აშშ-სგან უკრაინისთვის სამხედრო იარაღის მიწოდებაზე საუბრით დაიწყო, იმაზე, თუ რამდენად შეიცვალა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა.

  • ბატონო ვახტანგ, რამდენად გაიზარდა უკრაინის თავდაცვისუნარიანობა იმ სამხედრო აღჭურვილობით, რაც აშშ-მა მიაწოდა უკრაინას, მათ შორის, 100 ერთეული „კამიკაძე დრონი“? 

ძირეულ გარდატეხას ვერ შეძლებს, მაგრამ მნიშვნელოვანია. რაც მთავარია, სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება აშშ-დან და სხვა ქვეყნებიდან გრძელდება. „კამიკაძე დრონის“ რამდენიმე ვარიანტი არსებობს, ერთ-ერთი ვარიანტია გაშლადი დრონი, რომელსაც ნაღმტყორცნებს ესვრიან, ეს ეფექტურია ძალიან, მაგრამ ვერ გეტყვით, რომ ეს გარდატეხა იქნება ომში. დრონი ძირითადად ჯავშანსაწინააღმდეგო და ბუნკერსაწინააღმდეგო საშუალებაა.

მნიშვნელოვანი იქნება, თუ უკრაინას გადაეცემა ის ტექნიკა, რაზეც ისაუბრეს, ესაა ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები: „SA 8“, „SA 10“, „SA 14“…

ეს არის ნატოს აბრევიატურა და ეს SA 8 – არის იგივე ASA, რომელიც საშუალო მანძილზეა გათვლილი, ცოტა მოძველებულია, მაგრამ საკმაოდ ქმედითია. SA 10  – არის S 300. ეს საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, განსაკუთრებით ფრთოსან რაკეტებთან, SA 12 – არის S 308, SA 14  – „სტრელა 3“. ესენია გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელიც მთავარია მიიღონ დროუალად. ეს შეიარაღება აქვს სლოვაკეთს, ბულგარეთს, საბერძნეთს ჰქონია ასევე S 300-ები. თუკი მოხდება ისე, რომ დაეხმარება აშშ ამ ქვეყნებს, რომ გადაწყვეტილება მიიღონ, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი იქნება.

ეს ბრიტანული starstreak, რაც გადასცეს უკრაინას, თავის კლასში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესოა, რომელსაც 7 კილომეტრზე შეუძლია გარანტირებულად დააზიანოს და ჩამოაგდოს თვითმფრინავი, ესაა ალბათ უფრო გადამწყვეტი.

  • რა დატვირთვა აქვს ახლა, თქვენი დაკვირვებით, მოლაპარაკებებს? იცვლება საომარი პოზიციები ისე, რომ იკვეთება მოლაპარაკების შედეგით დასრულების შესაძლებლობა? 

ახლა პუტინი სარგებლობს მოლაპარაკების პერიოდით და იყენებს ოპერატიულ პაუზას იმისთვის, რომ მოახდინოს გადაჯგუფებები და ძალები მოიკრიბოს. ის აწარმოებს მოლაპარაკებებს და ამავდროულად ახორციელებს დარტყმებს. რუსეთს ნახევარი მარიუპოლი ფაქტობრივად აღებული აქვს, თუმცა იქ ვინცაა მებრძოლი – აზოვის პოლკი, ტყვიები თუ გაუთავდება, კბილებით დაგლეჯენ რუსებს.

საომარი პოზიციები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა. რუსეთის მხრიდან მთავარი აქცენტი იქნა გადატანილი მარიუპოლის მიმართულებაზე, რადგან მხოლოდ აქ აქვთ გარკვეული წარმატება. ჩემი მონაცემებით, რუსეთმა კიევის მიმართულებიდანაც მოხსნა გარკვეული დანაყოფები და აქეთკენ გადმოიყვანა, რომ ზეწოლა გააძლიეროს მარიუპოლის მიმართულებაზე.

რუსეთი ღიად აცხადებს, რომ აგროვებს მოხალისეებს. მას უკრაინაში კიევის და ჩრდილოეთის მიმართულებით პოზიციურ მდგომარეობაში ჰყავს უკვე დანაყოფები, მხოლოდ ლოკალური შეტაკებებია. ვნახეთ, რომ ოდესის მიმართულებით ვერავითარი წინსვლა ვერ გააკეთეს ნიკოლაევთან. ეგ კი არა, ქერჩთანაც კონტრშეტევაზე გადავიდნენ უკრაინელები, გარკვეული ნაწილი წაართვეს რუსებს.

უკრაინისთვის ახლა მთავარი პრობლემა, ბუნებრივია, არის მშვიდობიანი მოსახლეობა, რომელსაც იყენებს რუსეთი. მშვიდობიანი მოსახლეობის დანაკარგით ცდილობს რუსეთი ზელენსკიზე მორალურ და ფსიქოლოგიურ წინააღმდეგობას, რომ დროულად მიაღებინოს გადაწყვეტილებები, რაც პუტინისთვისაა მისაღები.

მთავარი პრობლემაა დიდი რაოდენობით მოსახლეობის  სიკვდილიანობა, რომელიც პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით რთული გადასატანია.

  • წინა ინტერვიუში გვითხარით, რომ ისევ ელოდებით ფართომასშტაბიან შეტევას რუსეთისგან. ისევ გაქვთ ეს მოლოდინი, თუ მიგაჩნიათ, რომ რუსეთის გენშტაბმა სხვა დავალება მიიღო? 

დიახ, ისევ იმავეს ვფიქრობ. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ თვის ბოლოს, დაახლოებით 10 დღეში, ცოტა ადრე, ან ცოტა გვიან, გამომდინარე ვითარებიდან, შეიძლება იქ იყოს შეტევის მეორე ტალღა. რუსეთი ელოდება რესურსების შეკრებას, ინტეგრირებას ოპერატიულ წყობაში და შემოყვანას ბრძოლაში.

ვერ გეტყვით, რუსეთი რომელიმე კონკრეტულ მიმართულებას აიღებს თუ არა. მგონია, რომ ეს კიევი არ იქნება, რადგან კიევის მიმართულებით ვერაფერი გააკეთეს. პუტინის თავში რა ხდება ახლა, ღმერთმა უწყის, თუმცა ვფიქრობ, რომ რუსეთი იმდენ ძალას ვეღარ მოიკრებს, რაც ომის დაწყებამდე ჰქონდა.

ცხადია ისიც, რომ რუსეთი არაფრის დათმობაზე არ მიდის, ის დროს წელავს… ეს ადამიანების სიცოცხლეზეა დამოკიდებული, თორემ უკრაინას აქვს ყველა რესურსი, წინ აღუდგეს შეტევას. მთავარია, მოსახლეობა გამოიყვანონ, რაც შეიძლება სწრაფად.

  • რა ფაქტორზეა ახლა დამოკიდებული სამხედრო წარმატება ოკუპანტის შესაჩერებლად? 

ჰაერის დახურვა – თუ მოახდინეს ეს დახმარება ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებით, განსაკუთრებით ეს ეხება ფრთოსან რაკეტებს, რადგან თვითმფრინავების წინააღმდეგ ძალიან წარმატებულად იბრძვიან უკრაინელები. აღმოჩნდა, რომ რუსი მფრინავებიც ვერ არიან ისე დაოსტატებულები, რომ საჰაერო ბრძოლები მოიგონ და ზუსტი დაბომბვები აწარმოონ. ჩანს, რომ ეშინიათ მაღალ სამიზნეზე გასვლა, ცდილობენ დაბლა იფრინონ, რომ ლოკატორების ხედვის არეში არ მოხვდნენ. ორ წყვილზე მეტი არ მინახავს, რომ ეფრინოს.

საჰაერო გამანადგურებლები, რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, შეიარაღებულ ძალებში ყველაზე არამობილური სახეობაა, რომელიც მიბმულია სახმელეთო უზრუნველყოფაზე, ტექნიკურ მომსახურებაზე და ასე შემდეგ.

რუსეთი ცდილობს ისარგებლოს ტექნიკური უპირატესობით და იყენებს დისტანციური დარტყმის ტაქტიკას, შორი დარტყმებით ცდილობს მოახდინოს ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოსახლეობის დიდი დანაკარგით, რომ შეთანხმებაზე დაიყოლიოს. მას ასე წარმოუდგენია.

  • რა წარმოუდგენია რუსეთს, რომ, მაგალითად, დაიკავებს მარიუპოლს და იქ გააჩერებს უკრაინელებს? 

სხვა რამე ხდება ტრიპოლში, ან ყარაბაღში 20 – 30 წელიწადი? იქ არც ომია და არც მშვიდობა… არაა გამორიცხული, სამშვიდობოს ჯარების ჩაყენება მოითხოვონ ამ დაკავებულ ტერიტორიებს და უკრაინას შორის. იქნება ეს დაუსრულებელი პროცესი, თუ უკრაინამ მნიშვნელოვანი კონტრდარტყმა არ განახორციელა.

რუსეთს აქვს იმის საშუალება, რომ დაცვა განახორციელოს და გაამაგროს დაკავებული ტერიტორიები. რუსეთს შეუძლია დიდი ხანი დაიკავოს ეს ტერიტორიები.

  • ამ ვითარებაში რამდენად იზრდება შანსი, ნატო ჩაერთოს ამ ომში ზელენსკის განაცხადის მიუხედავად: „ჩვენ უკვე გავიგეთ, რომ ნატოში ვერ შევალთ და საჭიროა ამის აღიარება“? 

ნატო ამ ოპერაციებში არ ჩაერთვება. საჰაერო სივრცის დახურვისთვის ეს დახმარებები მარტო თვითმფრინავები ხომ არაა? ეს არის საჰაერო სივრცის დახურვა. მე ვერ ვხედავ ნატოს ჩართვის შესაძლებლობას. ან ნატოს ჩართულობა რაში გამოიხატება, მოსკოვი დაბომბოს? ნატო არის 30 ქვეყანა, უკრაინას კი, ახლა ეხმარება 15 – 16 ქვეყანა, ლუქსემბურგი და ალბანეთი როგორ დაეხმარება, ეს რუსეთს ნაკლებად ადარდებს, რადგან არ აქვს ლუქსემბურგს ის რესურსი, რომ გარდატეხა შეიტანოს უკრაინის თავდაცვაში.

  • რა არის გამოსავალი, რის იმედი უნდა ჰქონდეს უკრაინას? 

მე ვხედავ ასე: უკრაინა ამ ომში არ დამარცხდება, წერტილი. რუსეთი უკვე დამარცხებულია, წერტილი. ნატოს მონაწილეობა გამორიცხულია, წერტილი. ნატოს მხარდაჭერის გაზრდა შესაძლებელია, წერტილი.

უკრაინამ უნდა გაიყვანოს მოსახლეობა მაქსიმალურად სწრაფად და მოწინააღმდეგეს მიაყენოს მაქსიმალურად დიდი ზარალი, სხვანაირად ომი არ მოიგება: ან უნდა დაამარცხო მოწინააღმდეგე, ან უნდა დანებდე, ფრე არაა ომში. არც პირველი, მეორე და მესამე ადგილი არ თამაშდება ომში. ომში ან უნდა გაიმარჯვო, ან უნდა დამარცხდე, ან უნდა გაჩერდე, როცა ვერც ერთი მხარე ვერ მოიპოვებს უპირატესობას.

უკრაინამ რუსეთის მეტი თვითმფრინავი უნდა ჩამოაგდოს, მეტი ტანკი დაწვას, მეტი გემი ჩაძიროს.

  • თქვენი აზრით, რამდენად რეალური შეიძლება იყოს „უკრაინული მოდელით“ უსაფრთხოების მიღწევა, როცა რუსეთი ცნობილია შეთანხმებების დარღვევით? 

ეს პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ზოგადად ჩემს აზრს მოგახსენებთ. ეს არის დიპლომატიის და პოლიტიკის საკითხი.

ზოგადად, ნატოს საკითხით უკრაინას შეუძლია ივაჭროს, რადგან შეუძლია ნატოსთან ერთად შექმნას სამხედრო კავშირი, ალიანსი. მოგეხსენებათ, საუბარიც არის უკრაინა, ბრიტანეთი, აშშ-ის, ასევე სხვა კავშირის შექმნაზე, რომელიც არანაკლებ ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე ნატო. ამ ეტაპზე, რომელშიც ახლა უკრაინაა, შესაძლოა ეს უფრო მოქნილი იყოს, ვიდრე 30 ქვეყნის თანხმობა, თუმცა ნატოზე უკეთესი ჯერ არაფერი მოუფიქრებია მსოფლიოს.

  • რამდენად იზრდება იმის რისკი, რომ საქართველოსაც მოსთხოვოს ნეიტრალიტეტი რუსეთმა? დღევანდელ სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილმა თქვა, რომ მისი ინფორმაციით, იგეგმება პროვოკაცია ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფ ხაზთან. 

მიხეილ სააკაშვილს, ეტყობა, კარგი წყაროები აქვს, ვიდრე მე. თუ ასეთი ინფორმაცია აქვს, უნდა ითანამშრომლოს ქვეყნის უშიშროებასთან და გადასცეს ეს მონაცემები. ამიტომაც არსებობენ სპეციალური სამსახურები, რომ არ დაუშვას მსგავსი შემთხვევები.

მინდა შევახსენო ყველას ის, რომ ნეიტრალურობა არაფერს ცვლის, როცა ძლიერ ქვეყანას სურს, შენი ტერიტორია გამოიყენოს. ნეიტრალური იყო მოლდოვა, მაგრამ რაიმეთი დაეხმარა ეს ნეიტრალიტეტი? ბელგიაც ნეიტრალური იყო, როცა იქ მეორე მსოფლიო ომი მოხდა.

შესაბამისად, უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთის მხრიდან საფრთხე მუდმივად არსებობს. ამისთვის არსებობენ სამსახურები, რომ განიხილებოდეს გარკვეული სცენარები – რა შეიძლება განვითარდეს. ასე უნდა დგებოდეს მოქმედების გეგმა. ალბათ, ვინმე ფიქრობს კიდეც ამაზე. მე გარედან მიჭირს ამაზე საუბარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი