კომენტარი

შესაძლოა, უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ – ინტერვიუ გენერალ ჩაჩიბაიასთან

18 მარტი, 2022 • 23793
შესაძლოა, უკრაინელები კონტრშეტევაზე გადავიდნენ – ინტერვიუ გენერალ ჩაჩიბაიასთან

როგორ მიმდინარეობს უკრაინაში ომი, რა უპირატესობები და ნაკლოვანებები გააჩნია როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს, რა მიზნები და ამოცანები გააჩნია რუსეთს და რამდენად რეალისტურია მათი შესრულება, რა როლს შეასრულებს უკრაინისთვის გადაცემული ახალი შეიარაღება ან ომში ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოსული მებრძოლების მონაწილეობა. ამ და სხვა კითხვებით ნეტგაზეთმა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ჩაჩიბაიას მიმართა:

ბატონო ვლადიმერ, პირველ რიგში, როგორ შეაფასებდით საბრძოლო მოქმედებებს უკრაინაში. ომი უკვე 23-ე დღეა გრძელდება, ამ დროის განმავლობაში რა შეიძლება ითქვას მხარეების პოზიციებზე. რატომ არ გამოვიდა რუსული ბლიცკრიგი და რამდენად ბრძოლისუნარიანი აღმოჩნდა უკრაინული არმია?

დავიწყოთ იმით, რომ ომამდე, მაშინ როდესაც რუსეთმა თავი მოუყარა ძალებს უკრაინის საზღვრებთან, მე ვერც დავუშვებდი, რომ ის ასეთი მასშტაბის სამხედრო აგრესიას განახორციელებდა.

მე არ ვუშვებდი მოვლენების ამგვარ განვითარებას, მაგრამ, მეორე მხრივ, რომც დამეშვა, ვფიქრობდი, რომ მაქსიმუმ ლუგანსკისა და დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვრებში გაიშლებოდნენ და დაიკავებდნენ შავი ზღვის სარტყელს.

მოხდა გაუგონარი რამ, რადგან დაგეგმარების პროცესში არცერთ შემთხვევაში არ იკითხებოდა ის თანაფარდობა, რომელიც შეტევის შემთხვევაში უნდა გააჩნდეს შემტევ ძალას. 250 00 სამხედრო, რომელსაც [რუსებმა] თავი მოუყარეს უკრაინის საზღვრებთან, ვერ პასუხობდა ოპერატიულ მოთხოვნილებებს, რადგან იმის გათვალისწინებით, თუ რა ძალა იცავდა უკრაინას, 250 ათასი სამხედრო ვერანაირად ვერ იქნებოდა საკმარისი [სრული შეტევისთვის], რადგან როდესაც შეტევაში გადადიხარ, რუსული შეიარაღების გათვალისწინებით, 1 დამცველ ჯარისკაცზე მინიმუმ 3 თავდამსხმელი მაინც უნდა მოდიოდეს. ამ დროს უკრაინას დაახლოებით 180 000 ჯარისკაცის გამოყვანა შეეძლო.

ჩვენ როცა ვსაუბრობთ 250 000 ჯარისკაცზე, ეს არ არის მხოლოდ „ხიშტი“, ანუ ქვეითი ძალები, ესაა ყველა – თავისი საბრძოლო უზრუნველყოფისა და ლოჯისტიკური ელემენტების ჩათვლით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეითი სამანევრო ქვედანაყოფის რაოდენობაზე, ეს რიცხვი დამატებით კიდევ ორზე ან სამზე უნდა გავამრავლოთ. საბრძოლო მხარდაჭერაში შედის არტილერია, ავიაცია და ყველა სხვა, რომელიც ქვეითს მიღმა არსებობს.

რუსული ჯარის მიერ ეს პროცესები არ იყო გათვალისწინებული. რუსეთის გათვლა იყო, 48 საათის განმავლობაში მოეხდინათ შოკური წარმატების ეფექტი, სანამ უკრაინა თვითგამორკვევას შეძლებდა, მაგრამ დაავიწყდათ ის, რომ უკრაინას თავდაცვითი ოპერაციის წარმოების გამოცდილება უკვე დაგროვილი ჰქონდა 2014 წლიდან.

მათ აგრესიის პირველი ტალღა იმ დროს [2014-ში] შეაჩერეს, როდესაც არ ჰქონდათ ადეკვატური შეიარაღება და არც მომზადების დონე იყო შესაბამისი. შემდგომში პარტნიორების მიერ უკრაინის ჯარის მომზადება დაიწყო, როდესაც პრინციპულად იცვლება ტაქტიკური დონე. მე უკრაინაში ჩასვლა ხშირად მიწევდა. ოპერატიულ და სტრატეგიულ დონეზე დიდი ცვლილებები არ შემიმჩნევია, მაგრამ ტაქტიკურ დონეზე, სადაც უკრაინამ წარმატებას მიაღწია, იქ რადიკალური ცვლილებები განხორციელდა.

ომის წარმოების მანერაც და პრინციპებიც შეცვლილია. რუსეთმა ეს ვერ გაითვალისწინა.

როდესაც გადაწყვეტილებას იღებს სამხედრო შტაბი, ყოველთვის ხდება მისიის ანალიზი. ეს შედგება 19 პუნქტისგან, მათ შორისაა სადაზვერვო მონაცემებიც. როგორც ჩანს, რუსულ მხარეს არასრულყოფილად გააჩნდა ის ინფორმაცია, რამაც მათ მისცა იმის საშუალება და უფლება, რომ ოპერაცია წამოეწყოთ. როგორც დავინახეთ, კარგად არ იყო შესწავლილი არც მოწინააღმდეგისა და არც საკუთარი შესაძლებლობები: ძლიერი და სუსტი მხარეები.

აღსრულების პროცესში – თავიდანვე, როდესაც მათ დაიწყეს [სამხედრო] ოპერაციები, დავინახეთ, რომ წინასწარ მომზადებულ მიზნებზე განახორციელეს საავიაციო და სარაკეტო დარტყმები, მაგრამ როდესაც წინასაომარი მდგომარეობაა, არცერთი ქვედანაყოფი თავის ორგანულ ბაზაზე არ იმყოფება. ყველა გადის სათადარიგო ბაზებზე. მათ დაარტყეს ორგანულ ბაზებს, რადგანაც ეგონათ, რომ უკრაინის ქვეითი თუ სხვა ჯარები იქ იქნებოდნენ. ეს წყალში გადაყრილი ძალისხმევა იყო.

შემდგომში ვერ დავინახე მართვისა და კონტროლის სისტემა, სინქრონიზაცია. არ ჩანს კარგად აწყობილი ლოჯისტიკური გეგმა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს დიდი რაოდენობის საწვავის მარაგები აქვს, ის ვერ ახორციელებს მიწოდებას.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ცუდად დაგეგმა სამხედრო აგრესია?

ცუდად დაგეგმა და ცუდად ახორციელებს დღესაც.

მაგალითად რომ ავიღოთ… ამ დონის ფიზიკური ძალა რომ ჰყოლოდა მობილიზებული, მაგალითად, დასავლეთს,  ომი დიდი ხნის მორჩენილი იქნებოდა, რადგან არის ასეთი ცნება „კომბინირებული შეიარაღებითი სწავლებები ან ომის წარმოება“.  ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ქვეითი გადაადგილდება და გადააწყდება წინააღმდეგობას, მას უნდა ჰქონდეს საარტილერიო ან საჰაერო ცეცხლის გამოძახების უნარი. მან უნდა განსაზღვროს, მის წინაშე არსებული დაბრკოლება თავისი ძალებით უნდა განადგურდეს თუ დახმარებით.

დამხმარე ცეცხლს ვინც იძახებს, ის უნდა იყოს სერტიფიცირებული, კარგად მომზადებული, რომ ზუსტი დამიზნებით მოხდეს მოწინააღმდეგის განადგურება, რათა თავადაც არ მოჰყვეს „მეგობრულ ცეცხლში“. ამას სჭირდება ინტენსიური მომზადება. ამ მიზნებისთვის ყველა მფრინავი და ყველა ჯარისკაცი არ გამოდგება. ეს პროცესები რუსულ ჯარში არ მიმდინარეობდა. ამიტომაც ვხედავთ, რომ ძალების ყველა ჩამონათვალი: სატანკო, ქვეითი, საარტილერიო, საჰაერო, საზღვაო – ასრულებს ერთმანეთისგან განსხვავებულ ოპერაციას. არ არის სინქრონიზაცია.

ვაკვირდებით, რომ რუსეთმა შეჭრიდან რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინაში ტაქტიკა შეცვალა და ძირითადად საჰაერო დარტყმებზე, მათ შორის დასახლებული პუნქტების დაბომბვაზე გადავიდნენ, ხოლო სახმელეთო ბრძოლებში წინსვლა არ აქვთ და ძირითადად სტატიკურად არიან განლაგებულნი, რატომ ხდება ასე?

2008 წლის ომმა გარკვეული ცვლილებები შეიტანა რუსულ არმიაში, მაგრამ ისინი დოქტრინულად მაინც ვერ განვითარდნენ. დოქტრინას (არასაბჭოური გაგებით) ვუწოდებთ სახელმძღვანელო დოკუმენტებს, მაგალითად, საველე წესდებებს. ამ შემთხვევაში რუსულ არმიაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ მათ საქართველოშიც იომეს, ჩეჩნეთშიც და ბევრ სხვა ადგილასაც, ისინი დოქტრინულად ვერ განვითარდნენ.

2008 წლის ომის დროს მათ ხელში ჩაიგდეს ქართული შეიარაღების გარკვეული ნაწილი. ამან მოახდინა სტიმული და დაიწყეს გადაიარაღების პროცესი. თუმცა სერიულად ისინი ვერ უშვებენ [ახალ] საბრძოლო აღჭურვილობას, როგორიცაა ტანკები, სარაკეტო სისტემები, ამიტომ ის, რაც არის სასაწყობე მეურნეობაში (საბჭოთა კავშირის დროს შექმნილი ტექნიკა), იმას უტარებენ განახლებას, რემონტს, ამიტომ მათი თანამედროვე შეიარაღების არსენალი შეზღუდულია.

როდესაც რუსებმა წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე დაიწყეს დარტყმა ომის პირველ დღეებში, მათ ზუსტი დამიზნების შეიარაღება გამოიყენეს. შემდეგ პროცესში, როდესაც ბრძოლები გაგრძელდა, ეს საშუალებები ამოიწურა. ახლა ისინი გადასულები არიან ნაკლებად ზუსტი დაბომბვის საშუალებებზე.

ზოგადად არსებობს დაბომბვის ორი ფორმა, პირველი, როდესაც წერტილოვნად, ზუსტად ბომბავ და მეორე, როდესაც დაბომბვისას იფარება კონკრეტული ტერიტორია, სადაც სამიზნე ობიექტი მდებარეობს. დღეს რუსეთის მიერ მიმდინარეობს, პრაქტიკულად, მეორე მსოფლიო ომის პრინციპებით დაბომბვა, რასაც აქვს რამდენიმე მიზეზი, მათ შორის, არასაკმარისი ტექნოლოგიური შესაძლებლობები წერტილოვანი დაბომბვისთვის, ფსიქოლოგიური ზეწოლა უკრაინელებზე, დასავლეთზე – ლტოლვილთა ნაკადების გაზრდით. ასევე ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზეწოლა და უკრაინული დასახლებების ეთნიკური წმენდა.

უახლეს მოვლენებზეც მინდა გკითხოთ. ორი დღის წინ ვაშინგტონმა უკრაინისთვის მხარდაჭერის ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ განაცხადა, რომელიც კიევისთვის დრონების, ანტისაჰაერო და საზენიტო დანადგარების გადაცემას გულისხმობს. როგორ შეცვლის ახალი შეიარაღების გადაცემა ომის მიმდინარეობას, და შეასრულებს თუ არა ეს „ცის ჩაკეტვის“ მისიას, რომელსაც უკრაინული მხარე დიდი ხანია ითხოვს?

მაშინ, როდესაც ყველა საუბრობდა იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებდა უკრაინაზე თავდასხმას, გამომდინარე ამ ნაბიჯის სულელურობისა, არ მეგონა, რომ ეს მოხდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს სულელური გადაწყვეტილება საბოლოოდ მაინც მიიღეს.

თუ ეს უტყუარად იცოდნენ (დასავლეთში), რომ თავდასხმა მოხდებოდა, რატომ აქამდე არ მიეწოდა უკრაინას ის შეიარაღება, რაც მას სჭირდებოდა, ეს ჩემში ერთგვარ აღშფოთებას იწვევს.

მეორე მხრივ, უკრაინა ითხოვდა საავიაციო შესაძლებლობებს. უკრაინის შემთხვევაში თვითმფრინავებს სარგებელი იმაზე ნაკლები აქვს, ვიდრე, დავუშვათ, საჰაერო თავდაცვის სისტემებს. უკრაინას ის სჭირდებოდა, რაც ახლა უნდა შევიდეს – საშუალო და შორი რადიუსის სარაკეტო სისტემები, ესაა, რაც კიევს სჭირდებოდა. მიკვირს, თავიდან (უკრაინის მხრიდან) რატომ კეთდებოდა აქცენტი ავიაციაზე. როდესაც ჰაერში მოწინააღმდეგეს აქვს უპირატესობა, ხარ მოწყვლადი, მაგრამ როდესაც გაქვს საჰაერო თავდაცვის ეფექტური სისტემები, გაქვს უფრო დიდი სივრცე მანევრირებისთვის, ასევე იძენ მოულოდნელობის ეფექტს.

საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო მეტ მოქნილობას გაძლევს. მას შემდეგ, რაც უკრაინაში ამგვარი შესაძლებლობების შეტანა დაიწყეს… მგონი, ამდენი რუსული თვითმფრინავი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ჩამოუგდიათ, არ ვიცი, კიდევ დარჩათ მფრინავები თუ არა.

თუ ეს იარაღი დროულად შევიდა უკრაინაში, გაიმართა და ამუშავდა, ეს იქნება ერთგვარი „GAME CHANGER“ (თამაშის შემცვლელი) უკრაინისთვის და არ გამოვრიცხავ უკრაინული ჯარების კონტრშეტევაზე გადასვლასაც.

კარგია, რომ კონტრშეტევა ახსენეთ და ამაზე გკითხავთ, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ მაგალითად, ხარკოვის ფრონტზე ერთგვარი წინსვლა ჰქონდათ, ხოლო გარკვეულ მიმართულებებზე რუსები თავდაცვით პოზიციებში დგებიან, რა შესაძლებლობები აქვს უკრაინულ მხარეს კონტრშეტევაზე ბრძოლისთვის?

უკრაინაში ოპერატიული გარემო მუდმივად ცვალებადია. შეიძლება უყურებდე წარმატებას და პატარა ცვლილებამ ეს წარმატება შეგიტრიალოს.

რუსების შორსმიმავალი ამოცანა კიევის ალყაში მოქცევაა. ამას ისტორიული და სიმბოლური დატვირთვაც აქვს, რადგან კიევს საკუთარ ქალაქად თვლიან და მდინარე დნეპრზე გასვლა უნდათ.

უკრაინას მდინარე დნეპრი ორ გეოგრაფიულ ნაწილად ყოფს. მდინარე დნეპრზეა გაშენებული ქვეყნის უმნიშვნელოვანესი ქალაქების ნაწილი, მათ შორის კიევი, დნიპროზაპოროჟია და ხერსონი.

უახლოესი ამოცანაა დაკავებული ტერიტორიების გამაგრება. ვფიქრობ, რუსული ძალები იმდენად დასუსტდნენ ბოლო დღეებში, რომ ახლა ცდილობენ შეინარჩუნონ დაკავებული ტერიტორიები და შემდგომი შეტევებისთვის პირობები მოამზადონ. რუსეთს განსაკუთრებულად ძლიერი და კარგად აღჭურვილი ქვედანაყოფები ჰყავდა სამხრეთ და დასავლეთ სარდლობებში, თუმცა სწორედ ამ ორმა სარდლობამ განიცადა ძირითადი დანაკარგები, ახლა კი ბრძოლის ველზე მასიურად გადაჰყავს ნაკლებად ძლიერი ქვედანაყოფები აღმოსავლეთი და ცენტრალური სამხედრო სარდლობებიდან, ასევე მიმდინარეობს მოხალისეების მობილიზებაც.

ისინი ცდილობენ კრიტიკული მასის მობილიზებას, მაგრამ არანაკლები პროცესები მიმდინარეობს უკრაინული მხარის მხრიდან. უკრაინელებიც იღებენ მოხალისეებს და მათაც ჰყავთ კრიტიკული მასა.

მოდი, ვიმსჯელოთ, სად არის მხარეების ძლიერი და სუსტი მხარეები. როდესაც კონტრშეტევაზე ვსაუბრობთ, უკრაინის მხარეს არის მორალი და ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის ნება. რუსეთის მხარეს ეს ასე არ არის, რადგან ყველა რუსმა ჯარისკაცმა იცის, რომ ისინი ნატოსა და ამერიკის ჯარებს კი არა, უკრაინელებს ებრძვიან, ბომბავენ ქალაქებს, ბავშვებს. ბევრში ეს პროტესტს იწვევს. მათ არ აქვთ ნება, რომ თავი შესწირონ ამ ამოცანებს. ამიტომაცაა, რომ ის ქვედანაყოფები, რომლებიც ახალწვეულებით არიან დაკომპლექტებულნი, ნაკლებად ბრძოლისუნარიანები არიან. ამიტომ ცდილობენ, რომ აქცენტები მოხალისეებზე გააკეთონ.

უკრაინის კონტრშეტევაზე გადასვლის ალბათობა დიდია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთსაც აქვს ამოცანები. მე ვფიქრობ, რომ კიდევ უფრო გააქტიურდება დაბომბვები. ისინი შეეცდებიან შეძლებისდაგვარად სწრაფად პროგრესის მიღწევას, რადგან, თუ უკრაინამ საჰაერო თავდაცვის საშუალებების მიღება გააგრძელა, რუსები ცუდ დღეში აღმოჩნდებიან.

მოხალისეების საკითხს აუცილებლად დავუბრუნდებით, მანამდე კი მინდა გკითხოთ ომის სამხრეთი ფრონტის შესახებ. რა სტრატეგიული და სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მარიუპოლს, ასევე ოდესას, და რატომ ვერ შეძლო რუსეთმა შავი ზღვის სანაპიროს სრულიად დაკავება ამ დრომდე? 

მარიუპოლში არის საზღვაო პორტი, თუმცა მაშინ, როდესაც ყირიმისა და ქერჩის ნახევარკუნძულებს აკონტროლებს რუსეთი, აზოვის ზღვა და ,შესაბამისად, მარიუპოლის პორტი მნიშვნელობას კარგავს. მარიუპოლს რუსეთისთვის ის დანიშნულება აქვს, რომ ყირიმამდე სახმელეთო გზის გაერთიანება სურს.

მეორეც, რუსეთი ვერ განავითარებს შეტევას სხვა მიმართულებით, სანამ მას ზურგში, ანუ მარიუპოლში პრობლემები აქვს. ამიტომ ამ ქალაქის აღებას აქვს მნიშვნელობა არა მხოლოდ სამხედრო, არამედ რესურსების კუთხითაც, რადგან მარიუპოლის აღებით გამოთავისუფლდება გარკვეული ძალები სამომავლო შეტევისათვის. ამ ქალაქის აღების შემთხვევაში გამოჩნდება შეტევის ახალი მიმართულებები, რომელიც რუსეთს მანევრის ახალ გზებს გაუჩენს.

შესაბამისად, ამ ქალაქს ორივე მხარისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

მარიუპოლის მდებარეობა. ამჟამად ქალაქი რუსეთის მიერ ალყაშია მოქცეული. იგი რუსეთის მიერ კონტროლირებად დონეცკის ოლქისა და ყირიმის ნახევარკუნძულის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობს.

რაც შეეხება ოდესას, ჩემი ხედვით, ოდესაში რუსული ძალები ვერ შედიან, რადგან მათ ჯერ კიდევ არ აუღიათ მიკოლაევი. სანამ სამანევრო სივრცე არ შეიქმნება, სანამ რუსეთი არ იქნება დარწმუნებული, რომ ფლანგიდანაც აქვს შეტევის მიმართულებები (სანამ რუსული ქვედანაყოფები ოდესას არ მიუახლოვდებიან ხმელეთიდან), მანამდე საზღვაო-სადესანტო ოპერაციას ვერ დაიწყებს, რადგან დიდია ალბათობა იმისა, რომ სადესანტო ძალები ალყაში აღმოჩნდებიან. ოდესაში დესანტის გადასხმა მაშინაა ლოგიკური, თუ ის ხმელეთიდან მომავალ ძალებს შეუერთდება.

თავიდან რუსეთი აცხადებდა, რომ ეს იყო არა ომი, არამედ სამხედრო ოპერაცია. რამდენად თანხვედრაშია სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში უცხოელი და ადგილობრივი მოხალისეებისა და დაქირავებული მებრძოლების ჩართვა? რაზე შეიძლება ეს მიანიშნებდეს?

ეს იყო ნარატივი, რომელიც უნდა გაეყიდათ შიდა და გარე აუდიტორიაზე. რუსეთს მიაჩნდა, რომ ყველა მოითმენდა იმას, რასაც იგი უკრაინაში გააკეთებდა. დღეს რაც უკრაინაში ხდება, ესაა იმის გამოძახილი, რაც საქართველოში მოხდა 2008 წელს და რასაც არ მოჰყოლია დასავლეთის მხრიდან რეაგირება.

რუსეთში ამჟამად ინფორმაციული ვაკუუმია უკრაინის შესახებ. მოსახლეობამ უბრალოდ იცის, რომ უკრაინაში გარკვეულ ესკალაციას აქვს ადგილი, სადაც ნატოს ჯარები არიან ჩართულნი. მათ დაბლოკეს სოციალური ქსელები და რიგი ტელევიზიები, რათა მოსახლეობა „დაეცვათ“ დასავლეთის ინფორმაციისგან, თუმცა დრო გავა და არაფერი დაიმალება. ამ მოკლე დროის იმედი ჰქონდათ რუსებს, რომ წარმატებას მიაღწევდნენ, მაგრამ ეს დრო დაკარგულია.

რაც შეეხება მებრძოლებს უცხო ქვეყნებიდან, ზოგადად, რუსეთის შესუსტება ავტომატურად აისახება სირიის, ჩეჩნეთისა და ყველა იმ რეჟიმის პოზიციებზეც, რომლებიც ითვლებიან რუსეთის სატელიტებად. ამიტომ ყველას ინტერესშია, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე, დასრულდეს ისე, რომ რუსეთი გამარჯვებული გამოვიდეს.

ბაშარ ალ-ასადი რუსეთს იმიტომ უდგას გვერდით, რომ იცის, პუტინის დასასრული მისი დასასრულიცაა.

შეიძლება თუ არა შეცვალოს ახლო აღმოსავლეთიდან ჩამოყვანილმა მებრძოლებმა ომის ბედი? რა როლს შეასრულებენ ისინი, რა არის მათი უპირატესობა ან ნაკლი, ან საერთოდ  რამდენად რეალურია მათი აქტიურად ჩართვა ომში?

კლიმატური პირობები, რომელიც უკრაინაშია, არაა მათთვის სასურველი, რადგან ისინი თბილ კლიმატურ პირობებში არიან ბრძოლას მიჩვეულნი.

ის ძალა, რომელიც ასადის მებრძოლებს თავის დროზე დაუპირისპირდა, ანუ ისლამური სახელმწიფო, წარმოადგენდა მიუღებელ, თუმცა რელიგიურ, იდეურ პრინციპებს. ასადის მებრძოლები რაზე დგანან? რა არის მათი მოტივაცია? რა არის ამ ომში მონაწილეობის მორალი? ისინი მიხვდებიან, რომ ტყუილად კვდებიან სხვის ომში. მათი განწყობა ვერ იქნება უკრაინულ მორალზე უფრო ძლიერი.

ვიცით, რომ მეტწილად, მხარეთა შორის დიპლომატიური მოლაპარაკებების მიმდინარეობას განაპირობებს სიტუაცია ბრძოლის ველზე. რა უპირატესობები აქვს როგორც ერთ, ისე მეორე მხარეს ამჟამად, რაც შესაძლოა განაპირობებდეს ამ მოლაპარაკებების პროცესს?

ორივე მხარეს აწყობს მოლაპარაკებების გაწელვა.

რუსეთს სჭირდება დრო რეორგანიზაციისა და კონსოლიდაციისთვის. ორი თვე დასჭირდა 250 000 ჯარისკაცის მოგროვებას და ერთ კვირაში იმ დანაკარგების შევსება, რაც რუსეთმა მიიღო, შეუძლებელია.

თუმცა, რეალურად, დრო ახლა უკრაინელებზე მუშაობს. ეს სამხედრო ფილოსოფიაშიც ასეა. ჩინელი ფილოსოფოსის, სუნ ძის (ეპოქალური ნაშრომის „სამხედრო ხელოვნების“ ავტორი) თანახმად, დამპყრობელი მხარის ინტერესში დროში გაწელილი ომი არ არის. უკრაინას აქვს ლოჯისტიკური ზურგი, მას შეუძლია ოპერაციის უწყვეტობა. რა თქმა უნდა, რუსეთსაც აქვს ასეთი ზურგი, მაგრამ უკრაინის გარშემო ახლა გაერთიანებულია მთელი მსოფლიო, რუსეთის ირგვლივ კი არავინაა.

ამიტომაც სურს რუსეთს ძალების მაქსიმალური გაერთიანება და დიდი შეტევის დაწყება. თუ ეს დაიწყო და შედეგს ვერ მიაღწია, მაშინ თამამად შეგვეძლება იმის თქმა, რომ უკრაინას კონტრშეტევაზე გადასვლა შეეძლება.

უკრაინისთვის უფრო ხელსაყრელი პირობებია, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს უკვე აქვს დაკავებული ტერიტორიები, შეიძლება გადავიდნენ ორგანიზებულ თავდაცვაზე, გაჩერდნენ იქ, სადაც არიან და ამ შემთხვევაში, ალბათ, არაფერს კარგავენ.

თუმცა, ამ შემთხვევაში, თავდაპირველ მიზანს, რომ შეეცვალათ ქვეყნის ხელისუფლება და სრულიად დაეკავებინათ უკრაინა, ვერ მიაღწევენ. 

ამ მიმართულებით, დიახ – სრული ფიასკოა. ამას არაფერი ეშველება.

თუ რუსეთს ოპერატიული მდგომარეობა მისცემს საშუალებას, წინ წაიწევს, მაგრამ თუ არა, რაც აქვს, იმით დაკმაყოფილდება, ოღონდ მარიუპოლი იქნება, როგორც ყელში გაჩხერილი ფხა.

რუსეთმა (ომის დაწყებით) ენით აღუწერელი გადაწყვეტილება მიიღო. უბედურება ისაა, რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის ხარჯზე ხდება.

თქვენ საუბრობთ შესაძლო დიდ, ფართომასშტაბიან თავდასხმაზე, რა მიმართულებით ელით ამ თავდასხმას? შეიძლება ეს იყოს დასავლეთ უკრაინის ქალაქი ლვოვი, რაზეც მომარაგების ხაზები გადის?

არა, ამ მიმართულებით ვერ გაშლიან ომს. ეს იქნება დიდი კატასტროფა რუსეთისთვის. ძირითადი ძალისხმევა, ვფიქრობ, მიმართული იქნება მარიუპოლზე. თეორიულად შეიძლება ეს იყოს ხარკოვიც, მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს იქნება კიევისა და მარიუპოლის მიმართულება.

ბოლო ხანებში ბევრი საუბრობს ომში ბელარუსის  შესაძლო ჩართვაზე. უკრაინულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ბელარუსი უკრაინის ტერიტორიიდან დაბომბეს, რათა ბელარუსი ომში ჩართულიყო, თუმცა მინსკი თავს იკავებს ომში ჩართვისგან. თეორიულად რა შემთხვევაში შეიძლება, რომ ბელარუსი ომში ჩაერთოს და როგორ შეცვლის ეს ომის ბედს?

როგორც მონეტას აქვს ორი მხარე, ამ კითხვასაც ორი შესაძლო პასუხი აქვს. ერთი ის, რომ ბელარუსის ხელისუფლებამ მიბაძოს, მაგალითად, სირიას, ხოლო მეორეა ის, რომ გაემიჯნოს მას და მსოფლიოს დაანახოს, რომ ის არ ასრულებს რუსეთის სურვილს, რომ უკრაინაში ინტერვენცია განახორციელოს.

მე არ გამოვრიცხავ, რომ ბელარუსმაც განახორციელოს გარკვეული ტიპის ოპერაციები, თუმცა ბელარუსის მოსახლეობას კარგად ესმის არსებული ომის ის შედეგები (სოციო-ეკონომიკური), რომელიც მათ ქვეყანაზეც აისახება. ბელარუსი უკან დასახევ გზას მაინც იტოვებს, რაც იმედის მომცემია.

თუ ის ომში ჩაერთვება, უკრაინა, ცხადია, ძალიან რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება. იმედი დავიტოვოთ, რომ ეს ასე არ მოხდება.

ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა ნატოსგან განსხვავებული, ახალი ალიანსის შექმნა, რომელიც ქვეყნების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. რაზეა ამგვარი ალიანსის მართლაც შექმნა და შესაძლებელია თუ არა მასში საქართველოსაც მოვიაზრებდეთ?

ზელენსკის აქვს იმედგაცრუება ნატოსთან დაკავშირებით, თუმცა (ღია ჩარევით) ვერავინ  დახურავს უკრაინულ ცას და ვერავინ გააგზავნის სამხედროებს უკრაინაში, რადგან ამ დროს კონფლიქტის მხარედ ნატოც განიხილება. ამ დროს არსებობს საფრთხე, რომ რუსეთი ღიად განახორციელებს დარტყმებს (ნატოს წევრ ქვეყნებზე) და მსოფლიოს მესამე მსოფლიო ომში გადაიყვანს, სადაც მას დასაკარგი არაფერი ექნება და შეეცდება, რომ მაქსიმალური ზიანი მიაყენოს თავის თავსაც და მსოფლიოსაც.

მესმის ზელენსკის, ეს ისეთივე განცდაა, როგორიც მე მქონდა 2008 წელს. ეს ემოციური განწყობა ყველას აქვს, მაგრამ ვფიქრობ, როგორი ახალი ალიანსიც არ უნდა შეიქმნას, ის ყველა ომზე რეაგირებას ვერ მოახდენს. კონფლიქტები სულ იქნება და ეს ახალი ალიანსი მუდმივად ვერ იქნება „სუპერ-გმირის“ პოზიციაში.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ნატო ყველაფერს გააკეთებს შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის დასახმარებლად. ის, რომ საჰაერო თავდაცვის საშუალებები შედის უკრაინაში ამერიკის დახმარებით, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია.


ვლადიმერ ჩაჩიბაია წარსულში იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი 2008-2009 და 2016-2018 წლებში, ხოლო თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმის შემდეგ, 2018-2020 წლებში, იკავებდა უკვე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის თანამდებობას. ამჟამად ვლადიმერ ჩაჩიბაია არის საქართველოს პარლამენტის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი