კომენტარი

ოლენა ზელენსკას ღია წერილი მსოფლიოს: “ჩაკეტეთ ცა და მიწაზე თავად ვიბრძოლებთ”

9 მარტი, 2022 • 4573
ოლენა ზელენსკას ღია წერილი მსოფლიოს: “ჩაკეტეთ ცა და მიწაზე თავად ვიბრძოლებთ”

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ქვეყნის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილს ავრცელებს. 8 მარტით დათარიღებული წერილით ზელენსკა მიმართავს მედიას და საერთაშორისო საზოგადოებას.

“ნეტგაზეთი” ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ.


ბოლო დროს ინტერვიუს თხოვნით მთელი მსოფლიოდან უამრავმა მედიასაშუალებამ მომმართა. ეს წერილი არის  პასუხი ამ თხოვნებზე და ჩემი ჩვენება უკრაინიდან.

შეუძლებელი იყო იმის დაჯერება, რაც ერთი კვირის წინ მოხდა. ჩვენი ქვეყანა იყო მშვიდი, ჩვენი ქალაქები და სოფლები კი, სიცოცხლით სავსე.

24 თებერვალს ყველამ გავიღვიძეთ რუსეთის შემოჭრის შესახებ განცხადებით. ტანკებმა უკრაინის საზღვრები გადმოკვეთეს, თვითმფრინავები ჩვენს საჰაერო სივრცეში შემოიჭრნენ, ჩვენი ქალაქები საზენიტო დანადგარებითაა გარშემორტყმული.

კრემლის მიერ მხარდაჭერილი პროპაგანდისტული საშუალებების რწმუნების მიუხედავად, რომლებიც ამ ყველაფერს “სპეციალურ ოპერაციას” უწოდებენ – რეალურიად ეს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობაა.

ალბათ, ყველაზე საშინელი და დამთრგუნველი ამ შემოჭრაში ბავშვების მსხვერპლია. 8 წლის ალისა, რომელიც ოხტირკას ქუჩებში მოკვდა, როდესაც ბაბუამისი მის დაცვას ცდილობდა… ან პოლინა კიევიდან, რომელიც მშობლებთან ერთად დაბომბვას ემსხვერპლა. 14 წლის არსენი, რომელსაც თავში ნამსხვრევები მოხვდა და ინტენსიური სროლების გამო სასწრაფო დახმარებამ დროულად მისვლა ვერ შეძლო.

როდესაც რუსეთი ამბობს, რომ “არ აწარმოებს ომს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ”, მე ამ მოკლული ბავშვების სახელებით ვპასუხობ.

ჩვენი ქალები და ბავშვები ახლა ბუნკერებსა და სარდაფებში ცხოვრობენ. ალბათ, ყველამ ნახეთ კიევისა და ხარკოვის მეტროსადგურის სურათები, სადაც ხალხი ბავშვებთან და ცხოველებთან ერთად იატაკზე წვანან – გაჭედილები არიან ქვემოთ. ზოგისთვის ეს მხოლოდ ომის შედეგებია, უკრაინისთვის კი საშინელი რეალობა. ზოგიერთ ქალაქში უკვე რამდენიმე დღეა ოჯახები ბუნკერებიდან გარეთ გამოსვლას ვერ ახერხებენ, რადგან სამოქალაქო ინფრასტრუქტურას მუდმივად ბომბავენ.

პირველი, რაც ომში დაბადებულმა ჩვილებმა ნახეს, სარდაფის ჭერი იყო, პირველად მიწისქვეშა ჰაერი ჩაისუნთქეს და მათ გამომწყვდეული, დატერორებული საზოგადოება მიესალმა. ამ დროისთვის, ათობით ბავშვია, რომელსაც მშვიდობა არასდროს უნახავს.

ეს ომი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მიმდინარეობს და არ არის მხოლოდ დაბომბვა.

ზოგიერთი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობასა და მკურნალობას, ამის მიღება კი ახლა არ შეუძლიათ. რამდენად მარტივია სარდაფში ინსულინის ინექციის გაკეთება? ან ასთმის სამკურნალო მედიკამენტების მიღება ძლიერი ცეცხლისას? რომ არ ვახსენო სიმსივნით დაავადებული ათასობით პაციენტი, რომელთა ქიმიოთერაპია და სხივური მკურნალობა განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.

ადგილობრივი სოციალური მედიები სავსეა სასოწარკვეთით. უამრავი ადამიანი, მათ შორის მოხუცები, მძიმედ დაავადებულები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონენი, მოწყვეტილები არიან ოჯახებს და ყოველგვარ მხარდაჭერას. ამ უდანაშაულო ხალხის წინააღმდეგ ომი ორმაგი დანაშაულია.

გზები სავსეა დევნილებით. თვალებში ჩახედეთ ამ გადაღლილ ქალებსა და ბავშვებს. ისინი თან ატარებენ საყვარელი ადამიანებისა და ომამდე არსებული ცხოვრების მიტოვებით გამოწვეულ ტკივილს. კაცები, რომლებიც მათ საზღვრებთან აცილებენ, ცრემლად იღვრებიან, რადგან ოჯახების დატოვება უწევთ. თუმცა მამაცად ბრუნდებიან ჩვენი თავისუფლებისთვის საბრძოლველად. ამ ყველაფერის შემდეგ, მიუხედავად ამ საშინელებისა, უკრაინელები არ ნებდებიან.

აგრესორი პუტინი ფიქრობდა, რომ უკრაინაზე ბლიცკრიგს გააჩაღებდა. მაგრამ მან სათანადოდ ვერ შეაფასა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი და მათი პატრიოტიზმი. პოლიტიკური შეხედულებების, მშობლიური ენის, რწმენის და ეროვნების მიუხედავად, უკრაინელებს უპრეცედენტო ერთიანობა აქვთ.

მაშინ, როცა კრემლის პროპაგანდისტები ტრაბახობდნენ, რომ მათ აქ ყვავილებით დახვდებოდნენ, როგორც მხსნელებს, უკრაინელები მათ მოლოტოვის კოქტეილებით აცილებენ.

მადლობელი ვარ თავდასხმის მსხვერპლი ქალაქების მცხოვრებლების, ვინც გაჭირვებულებს ეხმარება. მათი, ვინც მუშაობა გააგრძელა აფთიაქებში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სოციალურ სამსახურებში – და აჩვენა, რომ უკრაინაში სიცოცხლე იმარჯვებს.

ვაღიარებ მათ, ვინც ჩვენს მოქალაქეებს ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. და ჩვენს მეზობლებს, რომლებმაც საზღვრების კარი კეთილად გააღეს და ჩვენს ქალებსა და ბავშვებს თავშესაფარი მისცეს. მადლობა, რომ მათ უსაფრთხოებაზე ზრუნავთ, როდესაც აგრესორმა ეს ყველაფერი შეუძლებელი გახადა ჩვენთვის.

მსოფლიოში ყველა ადამიანს, ვინც დემონსტრაციებზე გამოდის უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ გხედავთ! ჩვენ გიყურებთ და ვაფასებთ თქვენს მხადაჭერას.

უკრაინას მშვიდობა სურს. მაგრამ უკრაინა თავის საზღვრებს დაიცავს. დაიცავს საკუთარ იდენტობას. ამას არასდროს დათმობს.

ქალაქებში, სადაც დაბომბვა გრძელდება, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ ხვდებიან, უკვე რამდენიმე დღეა სარდაფებიდან გამოსვლას ვერ ახერხებენ, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხეობის დერეფნები ჰუმანიტარული დახმარებისთვის და მოქალაქეების ევაკუაცია მათი უსაფრთხოებისთვის. ვისაც ამის ძალაუფლება აქვს, ჩვენ ცის ჩაკეტვა გვჭირდება!

ჩაკეტეთ ცა და მიწაზე ბრძოლას თავად შევძლებთ.

ძვირფასო მედია, თქვენ მოგმართავთ: გააგრძელეთ იმის ჩვენება, რაც აქ ხდება. გააგრძელეთ სიმართლის ჩვენება. რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებულ საინფორმაციო ომში ყველა მტკიცებულება გადამწყვეტია.

და ამ წერილით მე ვამოწმებ და ვეუბნები მსოფლიოს: უკრაინაში მიმდინარე ომი არ არის ომი “სადღაც იქ”. ეს არის ომი ევროპაში, ევროკავშირის საზღვრების მიმდებარედ. უკრაინა აკავებს ძალას, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის საბაბით ხვალ შეიძლება თქვენს ქალაქებში შემოიჭრას.

გასულ კვირას მე და ჩემს ხალხს ეს გაზვიადება გვეგონა, თუმცა დღეს ამ რეალობაში ვცხოვრობთ. და არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდება. თუ არ შევაჩერებთ პუტინს, რომელიც ატომური ომის დაწყებით იმუქრება, მსოფლიოში არცერთი ჩვენგანისთვის აღარ დარჩება უსაფრთხო ადგილი.

ჩვენ გავიმარჯვებთ. ჩვენი ერთიანობის გამო გავიმარჯვებთ. ერთიანობის, რომელიც უკრაინის სიყვარულია.

დიდება უკრაინას!

მასალების გადაბეჭდვის წესი