კომენტარი

„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით“ — ელჩის მრჩეველი

3 მარტი, 2022 • 2144
„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების კომენტარებით“ — ელჩის მრჩეველი

„გაოცებულები ვართ საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგებლების კომენტარებით, რომლებიც ჩვენთვის გაუგებარი მიზეზების გამო საქართველოს შიდაპოლიტიკურ სიტუაციას უკრიანის მოვლენებთან აკავშირებენ“, — ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის ​მრჩეველმა, ანდრეი კასიანოვმა განაცხადა.

„უკრაინას გააჩნია პარტნიორული ურთიერთობები საქართველოსთან. ქართველი ხალხი არის ჩვენი მეგობარი ხალხი. ახლა უკრაინაში ყველა უკრაინელია და ყველა ომშია. ეს არის ომი ევროპისთვის, მათ შორის, ომი საქართველოსთვის. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არავინ ეკითხება, რომელი პარტიული ბილეთი აქვს რომელიმე ქართველს, ვინც მზადაა, დაეხმაროს უკრაინას ყველა შესაძლებლობით“, — განაცხადა კასიანოვმა უკრაინის საელჩოში გამართულ ბრიფინზე.

მან მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევისთვის, ასევე, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის თანასპონსორობისთვის გაეროში.

„ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ 2 მარტს განაცხადა, რომ „აშკარაა კოორდინირებული მცდელობა, საქართველო ჩათრეულ იქნას სამხედრო კონფლიქტში“ და აღნიშნული მცდელობის კოორდინაცია საქართველოდან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხორციელდება. კობახიძის თქმით, ენმ-ს ჰყავს თავისი წარმომადგენლები უკრაინის ხელისუფლებაში, მათ შორის, პრეზიდენტის უშუალო გარემოცვაშიც. ის ასახელებს დავით არახამიას, პრეზიდენტ ზელენსკის ნდობით აღჭურვილ პირს და უკრაინის დელეგაციის ერთ-ერთ მთავარ მომლაპარაკებელს რუსეთში, საქართველოს ყოფილი გენპროკურორ ზურაბ ადეიშვილს და თავად მიხეილ სააკაშვილს.

მასალების გადაბეჭდვის წესი