ნეტგაზეთი | კახა გოგოლაშვილი: რუსეთი საქართველოს საზოგადოების გახლეჩას ცდილობს კახა გოგოლაშვილი: რუსეთი საქართველოს საზოგადოების გახლეჩას ცდილობს – Netgazeti
RU | GE  

კახა გოგოლაშვილი: რუსეთი საქართველოს საზოგადოების გახლეჩას ცდილობს

პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების წარმოება კარგი არგუმენტია რუსეთისთვის   საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლის შესუსტებისთვის.  ამასთან მისი აზრით ქართველი პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობით რუსეთს საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები შემოაქვს და ცდილობს მის გახლეჩას:

პოლიტოლოგ კახა გოგოლაშვილის აზრით, ქართველ პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებების წარმოება კარგი არგუმენტია რუსეთისთვის   საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ზეწოლის შესუსტებისთვის.  ამასთან მისი აზრით ქართველი პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობით რუსეთს საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები შემოაქვს და ცდილობს მის გახლეჩვას. ინტერვიუ ევროპული კვლევების ხელმძღვანელთან:

ნეტგაზეთი: გუშინ რუსეთის ხელისუფლებას ზურაბ ნოღიდელის შემდეგ ნინო ბურჯანაძე შეხვდა. როგორ შეაფასებთ ამ ფაქტს? რას ნიშნავს ასეთი ნაბიჯები ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან?

კ. გოგოლაშვილი: მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი ფაქტია.  ერი, თუ არ არის შეთანხმებული მრავალ პოლიტიკურ საკითხში და არის აზრთა სხვადასხვაობა და დაპირისპირება, ამ საკითხში მაინც უნდა იყოს ერთიანი. ეს არის აგრესორთან ურთიერთობის საკითხი. სხვა შემთხვევაში ჩვენი პოზიციები სუსტდება საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, რასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ჩვენ სხვა გზა  არ გაგვაგჩნია. ერთადერთი გზა არის მაქსიმალურად საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება. ნოღაიდელის და ბურჯანაძის ქმედებები  რუსეთს ხელს უწყობს, რომ მან საერთაშორისო თანამეგობრობასთან თავი იმართლოს, რომ ის ცდილობს საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარებას და საქართველოში არიან ძალები, რომლებთანაც ისედაც გვარდება ურთიერთობები. თუ რუსეთი იტყვის, რომ საქართველოში ცნობილი პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც დიდი ხანი იყვნენ ხელისუფლებაში, მიდიან რუსეთთან დიალოგზე და  უნდათ რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება ყოველგვარი წინაპირობების გარეშე,  ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი   მათი მხარდამჭერების შესაბამისად ეგუებიან საქართველოს ტერიტორიის მიტაცებას რუსეთის მიერ.  მათთვის ეს საკმაოდ კარგი არგუმენტია, იმისათვის რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა რუსეთზე შესუსტდეს და ნაკლები შანსები დაგვრჩეს ამ ბრძოლაში მათი (საერთაშორისო საზოგადოების) ჩვენს მხარეზე ყოფნისა.

მართლაც არის თუ არა  საერთაშორისო საზოგადოების რეკომენდაციები  რუსეთთან დიალოგის დაწყება? ხელისუფლება ამბობს, რომ არ იცის რაზე ელაპარაკოს ქვეყანას, რომელსაც მისი ტერიტორიები ოკუპირებული აქვს…

მე ასეთ რეკომენდაციებს არ ვიცნობ. ასეთი მოწოდებები იყო ომამდე, როდესაც ისინი მოგვიწოდებდნენ გვეცადა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება.  მას შემდეგ რაც რუსეთმა დაიპყრო ჩვენი ტერიტორია, ჩვენ გვაქვს ერთადერთი ფორმატი– ჟენევის და ვერავინ ვერ გვეტყვის, რომ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან. საერთაშორისო თანამეგობრობა ამ შემთხვევაში დგას საქართველოს გვერდზე და რუსეთს კატეგორიულად თხოვს გაიყვანოს ჯარები ამ ტერიტორიებიდან. საქართველოს მხარემ მოაწერა ხელი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას და ამ შეთანხმებას არ ასრულებს რუსეთის მხარე. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მე არ მინახავს რაიმე ზეწოლა საქართველოს მიმართ. ისინი ყოველთვის აღნიშნავენ, რომ საქართველომ თავისი ხელშეკრულებით აღებული პირობები შეასრულა მთლიანად. ამას ევროპის საბჭოც და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაც ამბობდა.  რუსეთი არ ასრულებს თავის პირობებს, ამიტომ ამ შემთხვევაში საქართველოს მიმართ პრეტენზიები არავის არ აქვს.

ოპოზიციის ვიზიტები რუსეთის ხელისუფლებასთან , როგორ შეიძლება შეფასდეს საქართველოს მოკავშირეების  ევროკავშირის, აშშ–ს მხრიდან?

ისინი უბრალოდ ყურადღებით უყურებენ ამ პროცესებს, თორემ მათი მხრიდან არ შეიძლება შეფასებებს ჰქონდეს ადგილი. ეს ჩვენი, შიდა საკითხია. ეს არის ქართველების გასარჩევი და მოსაგვარებელი საქმე. მათ ხომ არ იციან რეალურად რა სენტიმენტები აქვთ ქართველებს. იქნებ საქართველოში მოსახლეობის დიდ ნაწილს სურს, რომ დაუთმოს რუსეთს ეს ტერიტორიები და აღარ გააგრძელოს ამაზე დავა. ამ შემთხვევაში საერთაშორისო თანამეგობრობა მხოლოდ მიესალმება ამას. მათთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია რომ იყოს სტაბილურობა ამ რეგიონში,  მნიშვნელოვანია რომ რუსეთ–საქართველოს შორის აღდგეს ურთიერთობები, მაგრამ თუ ასეთ პირობებში საქართველო ამას ჩათვლის შესაძლებლად, ამას არავინ შეეწინააღმდეგება. სწორედ ამიტომ ამ საკითხებზე ისინი კომენტარებს არ გააკეთებენ.

ეს ყველაფერი არჩევნებიდან ორი თვით ადრე, ხომ არ ნიშნავს იმას რომ მომავალ არჩევნებში აქტიურად ერევა რუსეთი? მიუხედავად იმისა, რომ  ბურჯანაძე არ აპირებს არჩვნებში  მონაწილეობას.

ეს მაინდამაინც პირდაპირ არჩევნებთან დაკავშირებული არ არის. რუსეთისთვის ეს არის გრძელვადიანი პოლიტიკა. დაკანონება იმ ტერიტორიების, რომელიც წაგვართვა. შემდეგ საქართველოსთან ურთიერთობების მოგვარება, რათა შესუსტდეს საერთაშორისო პრესი რუსეთზე . ამ გზით ნელნელა შესაძლებელია მთავრობის შეცვლაც, მაგრამ ამ მომენტში ეს რუსეთისთვის პირველი რიგის ამოცანა არ არის. მათთვის ეხლა მთავარი ამ ტერიტორიების დაკანონებაა. არჩევნებს რაც შეეხება, რუსეთის ჩარევა რა თქმა უნდა  მოსალოდნელი იქნება, მაგრამ მათ იციან ისიც, რომ ამ არჩევნებში მაინცდამაინც მათი აქტიურობა არანაირ ხეირს არ მოუტანს იმ ოპოზიციურ ძალებს, რომლებიც აპირებენ არჩევნებში გარკვეული წარმატებების მოპოვებას. ამიტომ  ისინი ღიად  არ გამოჩნდებიან, მაგრამ აუცილებლად დააფინანსებენ და დაეხმარებიან იმ პოლიტიკურ პარტიებს და ძალებს, რომლებიც მათთან ღია დიალოგზე და პირდაპირ თანამშრომლობაზე მიდიან.

ითვლება თუ არა ქართველი პოლიტიკოსების ეს ქმედებები ქვეყნის პოლიტიკური კურსის საწინააღმდეგო მიმართულებად?

დიახ, ზუსტად ამაზეა საუბარი.  როდესაც ქვეყანაში ქვეყნის ოკუპანტთან ან აგრესორთან ურთიერთობაში ერთიანი კურსი არ არის და ურთიერთსაწინააღმდეგო მიმართულებებით მოძრაობენ ხელისუფლება და ზოგიერთი ოპოზიციური ძალები, მთლიანად ქვეყნის  პოზიციები სუსტდება საერთასორისო თანამეგობრბის წინაშე.  

როგორ ფიქრობთ, მომვალში კიდევ უნდა ველოდოთ სხვა ქართველი პოლიტიკოსების რუსეთის ხელისუფლებასთან ვიზიტს?

დიახ, მე მგონია რომ კი. ზვიად ძიძიგურმა უკვე განაცხადა ამის შესახებ და როგორც ვხედავთ კონსერვატორები და მათთან დაკავშირებული ძალები  აპირებენ რუსეთთან იგივე სახით ურთიერთობას. მათ გარდაც, შეიძლება იყვნენ სხვა ძალებიც, რომლებიც ჯერ არ ჩანან ასპარეზზე.

რა შედეგებამდე მიიყვანს ეს საქართველოს  საბოლოოდ?

რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ სხვადასხვა ფორმებით  იბრძვის. ინფორმაციულ ფრონტზე, საერთაშორისო ასპარეზზე, შიდაპოლიტიკური არეულობის,   საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირების და  პოლიტიკური გახლეჩის მცდელობით. ატარებს სამხედრო მანევრებს  და პირდაპირ სამხედრო მუქარით ახორციელებს ზეწოლას.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ქართველი პოლიტიკოსების გადაბირების მცდელობით რუსეთს საზოგადოებაში გარკვეული ეჭვები შემოაქვს და ცდილობს მის გახლეჩვას. შეიძლება მე ან ვინმე სხვას არ სჯერა, რომ ბურჯანაძე ჩადის იქ და საქართველოს პრობლემებს აგვარებს და ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს, მაგრამ ხომ შეიძლება გამოჩნდეს მოსახლეობაში ნაწილი, რომელმაც შეიძლება რაღაცნაირად დაიჯეროს ეს. ყველა არ არის კარგად ინფორმირებული და ყველას არ შეუძლია გაანალიზება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გაანალიზების გარეშე იღებენ იმას, რასაც აწვდიან. ჩვენი ერთიანობის თვალსაზრისით ეს არის საკმაოდ დამაზიანებელი პოლიტიკა. მე იმედი ამქვს, რომ ეს ყველაფერი ისეთ გავლენას არ იქონიებს, რომ დრამატულად დასრულდეს ჩვენი სამართლიანი ბრძოლა.

 

კახა გოგოლაშვილი
კახა გოგოლაშვილი

 

 

 

კახა გოგოლაშვილი გახლავთ  სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი და ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნია ქურთიშვილი