კომენტარი

რა არის “ფინლანდიზაცია” და რატომ არაა საქართველოსთვის გამოსავალი

23 თებერვალი, 2022 • 2007
რა არის “ფინლანდიზაცია” და რატომ არაა საქართველოსთვის გამოსავალი

ავტორები: კორნელი კაკაჩია, შოთა კაკაბაძე 


უკრაინის გარშემო დატრიალებული მოვლენები და შავიზღვისპირეთის რეგიონის მზარდი მილიტარიზაცია  მიუთითებს, რომ კვლავ რეალურია რუსეთის ფედერაციის მხრიდან ახალი სამხედრო აგრესიის შესაძლებლობა მეზობლების მიმართ. კრემლის მიერ წარმოებული  რევიზიონისტული პოლიტიკა სერიოზულ გავლენას ახდენს რეგიონის უსაფრთხოებაზე, მათ შორის, საქართველოს  სასიცოცხლო ინტერესებზე.

მოსკოვში ბოლო ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა თავის რუს კოლეგასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საქართველო, მოლდოვა, უკრაინა და ბელარუსი ევროპის კოლექტიური უსაფრთხოების წევრებად მოიაზრებიან. თუმცა, იმავე ვიზიტის დროს, საფრანგეთის ლიდერმა აღნიშნა,  რომ უკრაინის ფინლანდიზაცია იქნებოდა მოლაპარაკების მაგიდასთან განსახილველი ერთ-ერთი საკითხი რუსეთთან დაძაბულობის განსამუხტად , რამაც, როგორც მოსალოდნელი იყო, გარკვეული შეშფოთება გამოიწვია როგორც უკრაინაში, ასევე, მის ფარგლებს გარეთაც .მოგვიანებით მაკრონმა უარყო ეს განცხადება და თქვა, რომ მას არასწორად გაუგეს. თუმცა ბრიტანული გამოცემა Daily Mail – ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას რამოდენიმე ისეთი წინადადება შესთავაზა, რომელიც ნატოსა და აშშ-თან შეთანხმებული არ იყო. 

მიუხედავად იმისა, სინამდვილეში რა დიალოგი გაიმართა ორი სახელმწიფოს ლიდერთა შორის, უკრაინის, როგორც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებული ნეიტრალური ბუფერის იდეა თანდათან  იძენს პოპულარობას დასავლეთის როგორც პოლიტიკურ, ასევე, ექსპერტულ წრეებში, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე კრიზისის გადაწყვეტის გზა. საქმე იქამდე მივიდა რომ ამ მოსაზრებების გასაქარწყლებლად ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი იძულებული იყო განეცხადებინ: “ ჩვენ ვერ მივიღებთ  გავლენის სფეროების ეპოქის დაბრუნებას, სადაც დიდი ძალები აბუჩად იგდებენ, აშინებენ ან კარნახობენ სხვებს, როგორ მოიქცნენ. უკრაინის შესახებ გადაწყვეტილებები ვერ იქნება უკრაინის გარეშე. არანაირი გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ-საქართველოს გარეშე“ (Stoltenberg 2022). მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტის წინადადება მხოლოდ იდეის დონეზე გახმიანდა და ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, განხორციელების შემთხვევაში, მას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს არა მხოლოდ კიევის ევროატლანტიკურ პერსპექტივაზე, არამედ საქართველოსა და, ზოგადად, შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთან მიმართებით ფინლანდიზაციის გეგმაზე საუბარი, ფორმალურად არ მიმდინარეობს, საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების სტრატეგია, რომელიც ორიენტირდება უკიდურესად ფრთხილ და კონიუნქტურაზე მორგებულ საგარეო პოლიტიკურ  გადაწყვეტილებებზე, გარკვეულ რისკებს წარმოშობს ქვეყნის ევროტლანტიკური კურსის მდგრადობასთან დაკავშირებით. ეს რისკები ბევრად უფრო საფრთხის შემცველია ქვეყანაში მიმდინარე შიდაპოლიტიკური კრიზისის, ანტიდასავლური პოლიტიკური ჯგუფების მომძლავრებისა და დასავლეთთან გაციებული ურთიერთობების ფონზე. საქართველოს საგარეო პოლიტიკის ართანმიმდევრულობა გარკვეულ კითხვებს იწვევს დასავლეთში და იმედებს აჩენს მოსკოვში, რომლისთვისაც საკმაოდ სასურველი სცენარია როგორც საქართველოს ასევე  აღმოსავლეთ პარტნიორობის  ქვეყნების ფინლანდიზაციის პერსპექტივა. სწორედ ამიტომ, საჭიროა საგნობრივი მსჯელობა, თუ რას გულისხმობს მცირე ქვეყნისთვის ფინლანდიზაცია, როგორც საგარეო პოლიტიკური სტატუსი და რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს მან საქართველო.

ფინეთის მოდელი, რომელიც  რუსეთის მოთხოვნების გათვალისწინებით  ხშირად განიხილება ნატოს ღია კარის პოლიტიკის ფორმალურად შენარჩუნების კომპრომისად, გულისხმობს სამხედრო ალიანსებში გაწევრებისგან თავის შეკავებას და წარმოადგენს არა მხოლოდ მოსკოვის, არამედ საქართველოში რუსეთისადმი კეთლგანწყობილი პოლიტიკური ჯგუფების სასურველ გეოპოლიტიკურ მიზანს . ცივი ომის პერიოდში ფინეთმა, რუსეთთან გეოგრაფიული სიახლოვის მიუხედავად,  საბჭოთა კავშირის მიმართ კრიტიკის შეზღუდვისა და ფინურ საზოგადოებაში არსებული ანტაგონიზმის მოთოკვის შედეგად, შეძლო, შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა და განემტკიცებინა დასავლური ტიპის დემოკრატია და ეკონომიკური მოდელი. თუმცა, მეორე მხრივ, თავად ნატოს წარმომადგენლები, ცივის ომის პერიოდში, ხშირად იყენებდნენ ტერმინ ფინლანდიზაციას იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი შეიძლება იყოს  საბჭოთა ინტერვენციის საფრთხის ფონზე, საკუთარ დამოუკიდებელ ქმედებებში შედარებით შეზღუდული სუვერენიტეტის მქონე დასავლური სახელმწიფო.  საქართველოს შემთხვევაში კი, რამდენიმე დამატებითი ასპექტიც არსებობს, რაც ფინლანდიზაციას ამ ქვეყნისთვის არასასურველს ხდის. 

ჯერ კიდევ 2014 წლის კრიზისის დროს ისეთმა ავტორიტეტულმა მოაზროვნეებმა, როგორიცაა ზბიგნევ ბჟეზინსკი, და რეალიზმის სკოლის წარმომადგენლებმა, ჰენრი კისინჯერმა, ჯონ მერშაიმერმა თუ სტეფან ვოლტმა, წამოჭრეს საკითხი უკრაინის ფინლანდიზაციის აუცილებლობის შესახებ . მათ მიაჩნდათ, რომ კიევის ნატოში არმიღებით გამოირიცხებოდა უკრაინის  „ინსტიტუციური მტრობა“ რუსეთთან. თუმცა, კრიტიკოსთა აზრით, ასეთი მიდგომა სრულად უგულებელყოფს ისტორიულ კონტექსტს და იმას, რომ ფინეთის მოდელი არ არის უნივერსალური და ნებისმიერი შემთხვევისთვის შესაბამისი მოდელი. მნიშვნელოვანია, რომ ფინეთის ნეიტრალიტეტი გარანტირებული იყო 1947 წლის პარიზის ხელშეკრულებით, რამაც ჰელსინკის საშუალება მისცა, საკუთარ საზღვრებში, რუსეთისგან დამოუკიდებლად, განევითარებინა ლიბერალური დემოკრატია და ნატოსა თუ ევროკავშირის წევრობის გარეშე თანდათანობით დაახლოებოდა დასავლეთს . საქართველოს და უკრაინის შემთხვევაში კი ასეთი გარანტიები არ არსებობს და დღევანდელი გეოპოლიტიკური კონიუნქტურის პირობებში მათი პერსპექტივა ძალზედ ბუნდოვანია. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიით მისივე ხელმოწერილი ბუდაპეშტის მემორანდუმის უხეში დარღვევის გამოცდილებაც არავითარ იმედებს არ აღძრავს რუსეთის სანდოობასთან დაკავშირებით. 

ამას ემატება ის ფაქტორიც, რომ რუსეთის დღევანდელი ავტოკრატიული რეჟიმის პირობებში, რომელიც მის უშუალო სამეზობლოში დემოკრატიის გავრცელებას ნომერ პირველ საფრთხედ მიიჩნევს, ნაკლებად შესაძლებელია საქართველომ კოლექტიური დასავლეთის დახმარების გარეშე შეძლოს საკუთარი დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნება და მათი შემდგომი კონსოლიდაცია. განსაკუთრებით ეს შეეხება ქვეყნის ევროპეიზაციას და მის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ფინეთისგან განსხვავებით,  ლიბერალური დემოკრატიისა და ნეიტრალიტეტის პირობებში საქართველოს, განვითარების პერსპექტივას ასევე მნიშვნელოვნად აფერხებს ყარაბაღის მეორე ომის შემდგომ რეგიონში შეცვლილი გეოპოლიტიკური სურათი – დასავლეთის ნელ-ნელა ჩაჩოჩების სანაცვლოდ, არალიბერალური რუსეთის, თურქეთის   და ირანის სტრატეგიული პოზიციების გაუმჯობესება. 

აღსანიშნავია ისიც, რომ კრემლის მიერ ფინური მოდელის აღქმა ძირითადად ორ პუნქტს ემყარება: 1. ოკუპირებული ტერიტორიების დათმობა ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ (ფინეთის შემთხვევაში კარელიის რეგიონი) და 2. მხოლოდ იმ სამხედრო ალიანსებსა და ბლოკებში გაწევრებისგან თავის შეკავება, რომელთა წევრიც არ არის რუსეთი (Makarychev 2022). ფინეთისგან განსხვავებით, რომელმაც დათმო თავისი ტერიტორიები, საქართველოს მოსახლეობა არ ამჟღავნებს სურვილს, შეეგუოს საკუთარი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ჩრდილოელი მეზობლის მიერ, რომელიც არათუ არ აპირებს, რომ გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან, არამედ უარს ამბობს ამ რეგიონების სტატუსის განხილვაზეც კი. კრემლის გადმოსახედიდან საქართველოს ტერიტორიაზე 3 სახელმწიფო არსებობს, რაც წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებთან, ასევე, საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ  ნორმებთან.

ამას ემატება ისიც, რომ მიუხედავად ნეიტრალობისა, ოფიციალურ ჰელსინკის რუსეთისგან მომავალი საფრთხეების შემცირების განცდა არ აქვს. ხოლო უკრაინის საზღვრებთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, როგორც ფინეთი, ასევე, შვედეთი ნატოსთან დაახლოების საჭიროებებზე და საკუთარი თავდაცვითი პოტენციალის გაზრდაზე დაფიქრდა (Schultz 2022). თუმცა, საბოლოო ჯამში,  ფინეთისთვის ნეიტრალობის სანაცვლოდ მთავარი მიღწევა იყო ის, რომ ჰელსინკიმ მიიღო ევროკავშირში ინტეგრაციის საშუალება . ხოლო საქართველოსა თუ უკრაინის შემთხვევაში ეს საკმაოდ გრძელვადიანი პერსპექტივაა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ განსხვავებით სკანდინავიური ქვეყნებისგან, ყოფილი საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებს რუსეთი საკუთარი ნეოიმპერიალისტური მოდელის ფარგლებში განიხილავს, რომელიც მათ კრემლზე სრულ დამოკიდებულებას და შეზღუდულ სუვერენიტეტს გულისხმობს (Veebel 2017).  ამ კონტექსტში საინტერესოა უკრაინის გამოცდილებაც, სადაც იანუკოვიჩის ხელისუფლება არც კი განიხილავდა მისი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციას და მხოლოდ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება გახდა კრემლთან ურთიერთობის გამწვავების მიზეზი. მოლდოვა კი, რომელიც ფორმალურად ნეიტრალური სახელმწიფოა, დღემდე ვერ აგვარებს დნესტრისპირეთის პრობლემას. საქართველოს შემთხვევაში მნიშვნელოვანი ფაქტორია ისტორიული გამოცდილებაც – 1918-1921 წლებში არსებული პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის გასაბჭოების შედეგად მიღებული ეროვნული ტრავმა. 

ასევე, არსებობს შიშები, რომ ფინლანდიზაცია  საქართველოს, როგორც მინიმუმ, ისეთი საფრთხეების წინაშე აყენებს, რომელიც დაკავშირებულია უსაფრთხოებასთან და განვითარებასთან. კავკასია, შვეიცარიისა თუ ფინეთისგან განსხვავებით, არ მდებარეობს ორ დაპირისპირებულ გეოპოლიტიკურ პოლუსს შორის და მთლიანად რუსეთის დომინაციის ქვეშ მყოფ რეგიონში ექცევა, რაც გავლენას ახდენს კრემლის მიერ იმის აღქმაზე, თუ რამდენად სუვერენული შეიძლება იყოს საქართველო საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოებისას. მოსკოვის აღქმაში ფინლანდიზაცია ყოფილ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, ასევე, გულისხმობს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის არჩევანის შეზღუდვას, უზრუნველყოფს საქართველოს შიდა საკითხებში რუსეთის მუდმივ ჩარევას და საბოლოო მიზნად ისახავს კრემლის მიერ კონტროლირებულ სატელიტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. დასავლელ პარტნიორებთან თანდათან გაუარესებული ურთიერთობების ფონზე კი, ეს შეიძლება, აღმოჩნდეს ქვეყნის სუვერენიტეტისათვის დამღუპველი.

რუსეთი, რომლისთვისაც მიუღებელია თავის სამეზობლოში დამოუკიდებელი, დასავლეთთან ინტეგრირებული ქართული სახელმწიფოს არსებობა, შესაძლოა, განიხილავდეს საქართველოს ფინლანდიზაციას, როგორც მისი სტრატეგიის გარკვეულ (გარდამავალ) ეტაპს, რათა ქვეყანამ გადაუხვიოს ევროპული ინტეგრაციის გზიდან. ხოლო გარდამავალი ეტაპის შემდგომ ის სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული რუსეთის მიერ დომინირებულ და დასავლეთთან დაპირისპირებულ ისეთ სტრუქტურებში, როგორიცაა „ევრაზიული კავშირი“, კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაცია და ა. შ. ევროატლანტიკურ კურსზე საქართველოს მხრიდან ყოყმანი ან უარი კი შეიცავს საფრთხეს,  შავიზღვისპირა ქვეყანა გახდეს არაფრით გამორჩეული პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა ავტორიტარული, კლეპტოკტრატიული სტილის მმართველობით, სუსტი დემოკრატიული ინსტიტუტებით, კონტროლირებადი მასმედიით და ენდემური კორუფციით .  

მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ფაქტორია ისიც, რომ ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებაზე არაფორმალური ვეტოს მიღწევა და საქართველოს ნეიტრალური სტატუსი სამხრეთ კავკასიიდან საბოლოოდ განდევნის დასავლეთს და მეტი კონტროლის საშუალებას მისცემს რუსეთის ფედერაციას  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენზე, რომელიც არ გადის რუსეთის ტერიტორიაზე.  მისი ხელში ჩაგდების შემდეგ კი კრემლი კასპიის აუზში ერთპიროვნულ მონოპოლიას დაამყარებს, რაც საფრთხეს შეუქმნის ცენტრალური აზიის ბუნებრივი რესურსების ექსპორტს დასავლეთში და ამ უკანასკნელს კიდევ უფრო მოწყვლადს გახდის რუსეთის ხელისუფლების შანტაჟის მიმართ. 

ამ სცენარის განხორციელების შემთხვევაში, არსებობს სერიოზული რისკი, რომ როგორც უკრაინა, ისე საქართველო გახდნენ არა საერთაშორისო პოლიტიკის სიუბიექტები, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტები, რაც ნიშნავს იმას, რომ მათი ჩართულობის გარეშე მოხდეს მათ საგარეო პოლიტიკურ ვექტორზე დიდი სახელმწიფოების მხრიდან შეთანხმება. მიუხედავად იმისა, რომ ამ იდეას სხვა წამყვანი ქვეყნები ჯერჯერობით არ იზიარებენ, აუცილებელია, ოფიციალური თბილისიც აქტიურად იყოს ჩართული დასავლეთისა და რუსეთის მიმდინარე მოლაპარაკებებში, რათა საკუთარი ინერტული საგარეო პოლიტიკით არ დარჩეს ამ მოვლენების მიღმა. თბილისისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მოსკოვთან ე.წ. ნორმალიზაციის პოლიტიკის ჩარჩოებში, განზრახ თუ გაუცნობიერებლად, არ მიანიჭოს მას არაფორმალური ვეტოს უფლება საკუთარი საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში.

ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაართმევს თავს კოლექტიურ დასავლეთი კრემლის გეოპოლიტიკურ შანტაჟს. ამ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად მოხდება პატარა ქვეყნების დიდი სახელმწიფოების ინტერესების სანაცვლოდ მარგინალიზაცია, ან უკრაინისთვის ნეიტრალიტეტზე კიევის ნების საწინააღმდეგოდ შეთანხმება . ამ ფონზე უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველო აქტიურად იყოს ჩართული მის დასავლელ პარტნიორებთან სტრატეგიული დიალოგის სხვადასხვა ფორმატებში, რათა არ მოხდეს ქვეყნის ინტერესების მარგინალიზაცია და მისი მონაწილეობის გარეშე ევროპის უსაფრთხოების მომავალზე დიდ ქვეყნებს შორის შეთანხმება. 

დოკუმენტის, სახელწოდებით “მცოცავი ფინლანდიზაცია თუ კეთილგონივრული საგარეო პოლიტიკა: საქართველოს სტრატეგიული გამოწვევები უკრაინის კრიზისის ფონზე” სრულ ვერსიას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი