კომენტარი

„ნაც.მოძრაობის“ მასობრივი შიმშილობა – პრაგმატული ნაბიჯი?

22 დეკემბერი, 2021 • 1780
„ნაც.მოძრაობის“ მასობრივი შიმშილობა – პრაგმატული ნაბიჯი?

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა და მხარდამჭერებმა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა გამოაცხადეს.

მოშიმშილეები ენმ-ის სათავო ოფისში, კახეთის გზატკეცილზე იმყოფებიან. მათ შორისაა პარტიის თავჯდომარე ნიკა მელია.

რამდენად გამართლებულია ეს გადაწყვეტილებაა? რა მიზანს ემსახურება ამ ნაბიჯის გადადგმა და რას მოიტანს ოპოზიციისათვის? რას ნიშნავს პროტესტის ქალაქის ცენტრისგან მოშორებით გადატანა? როგორია ამ პროცესში ნიკა მელიას პერსპექტივა?

შიმშილობა „სააკაშვილის გათავისუფლებამდე“

21 დეკემბერს, მიხეილ სააკაშვილის 57-ე დაბადების დღეს, რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები შეიკრიბნენ და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვეს.

დემონსტრაციაზე სიტყვით გამოსვლისას პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მასობრივი შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილება მოულოდნელად გამოაცხადა:

„მეგობრებთან ერთად, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, – და, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია, – მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ საეტაპო ბრძოლას. ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტსტო შიმშილობის აქციას“.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა:

  • სააკაშვილის ქვეყანაში დაბრუნება და დაპატიმრება 1 ოქტომბერს;
  • იმავე დღეს მის მიერ შიმშილობის გამოცხადება;
  • შემდეგ, დროთა განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება;
  • ამის შედეგად პარლამენტში ელენე ხოშტარიასა და შემდეგ 10-მდე სხვა დეპუტატის შიმშილობა სააკაშვილის სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით;
  • ეს, საბოლოოდ, – სააკაშვილის გულის წასვლისა და ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შემდეგ, – ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანით დასრულდა.

რამდენად გაამართლებს შიმშილობის ახალი ტალღა ამ ყველაფრის შემდეგ?

თავისთავად, ასეთ აქციაში არსებობს გარკვეული ლოგიკა, მაგრამ ძირითადი მოთხოვნა – სააკაშვილის, ფაქტობრივად, უპირობო გათავისუფლება – არ ატარებს პოლიტიკურ ხასიათს და ის უფრო პერსონალური ხასიათის მოთხოვნაა, ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში პოლიტიკის კომენტატორი გია ხუხაშვილი.

„სარგელებს არ მოიტანს“

გია ხუხაშვილს არ მიაჩნია, რომ აღნიშნული მოთხოვნის ამგვარად დაყენება სასარგებლო იყოს და ამის მიზეზს ასე განმარტავს:

„რომც წარმოვიდგინოთ, რომ მიზანი [სააკაშვილის უპირობო გათავისუფლება] იქნა მიღწეული, ეს პოლიტიკურად არანაირ სარგებელს არ მოუტანს არც ენმ-ს, არც ქვეყანას. პირიქით, შეიძლება უფრო დააზიანოს კიდეც; ენმ-ს მხოლოდ მომხრეები არ ჰყავს, ჰყავს მოწინააღმდეგეები, რომლებიც თვლიან, რომ მიხეილ სააკაშვილი არის დამნაშავე და უნდა იჯდეს ციხეში. თუ ამ აქტის შედეგად სააკაშვილი იქნა გათავისუფლებული, ეს ამ რადიკალიაზიას კიდევ უფრო გააძლიერებს“.

ამას გარდა, გია ხუხაშვილი მიუთითებს, მისი შეფასებით, „საზოგადოების კიდევ უფრო მნიშვნელოვან ნაწილზე“, რომელსაც ასე ახასიათებს: „ამ ნაწილს სურს, გაერკვეს, რასთან გვაქვს საქმე სინამდვილეში; რომელსაც არა აქვს წინასწარი განწყობა სააკაშვილის საკითხის მიმართ და ეძებს კითხვებზე პასუხებს“.

„მიხეილ სააკაშვილის უპირობო გათავისუფლების შემთხვევაში კი საზოგადოების ამ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომელმაც, საბოლოო ჯამში, იმისდა მიხედვით, საით გადაიხრება, უნდა გადაწყვიტოს მომავალი პოლიტიკური პროცესის ბედი, გაუჩნდება გარკვეული უკმარისობა, რაც კიდევ უფრო დააზიანებს ენმ-ს“, – მიიჩნევს პოლიტიკის კომენტატორი.

„პოლიტიკური მოთხოვნა – სამართლიანი სასამართლო“

იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია – იმისდა მიუხედავად, უჭერს თუ არა მხარს სააკაშვილის გათავისუფლებას – და საერთაშორისო პარტნრიორები მხარს უჭერენ სამართლიან სასამართლოს, გია ხუხაშვილიც მსგავს მოთხოვნას უფრო რეალისტურს და გამართლებულს უწოდებს:

„ენმ-სთვის და მიხეილ სააკაშვილისთვისაც პოლიტიკური მოთხოვნის დაყენება უფრო სასარგებლო იქნებოდა. პოლიტიკურ მოთხოვნაში ვგულისხმობ არა მის უპირობო გათავისუფლებას, არამედ მისთვის სამართლიანი მართლმსაჯულების მოთხოვნას“.

სააკაშვილს უკვე მისჯილი აქვს პატიმრობა პარლამენტარ ვალერ გელაშვილის ცემასთან და სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით, ამჟამად კი სასამართლო კიდევ 3 საქმეს განიხილავს მის წინააღმდეგ. ესენია:

  • 7 ნოემბრის (იგივე „იმედში“ შეჭრისა და პატარკაციშვილების ქონების) საქმე;
  • სახელმწიფოს კუთვნილი 8.8 მლნ ლარის გაფლანგვის („პიჯაკების“) საქმე;
  • 2021 წელს, საქართველოში დაბრუნებისას, საზღვრის უკანონო კვეთის საქმე.

ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ სააკაშვილის სასამართლო უნდა გაიმართოს არა მხოლოდ მიმდინარე საქმეებზე, არამედ ახალი გარემოებებით იმ საქმეებზეც, რაზეც უკვე დადგა მსჯავრი, – და ეს საქმეები მაქსიმალური საჯაროობის ფარგლებში უნდა იქნას განხილული. ის გვეუბნება:

„ამ საქმეების განხილვა უნდა მოხდეს იმ პირობებში, როდესაც სამართლიანი სასამართლოს უფლება იქნება უზრუნველყოფილი. გასაგებია, რომ არ არსებობს ნდობა არსებული მართლმსაჯულების სისტემის მიმართ, მაგრამ შესაძლებელია გარკვეული კონტროლის მექანიზმების გამონახვა ქვეყნის გარეთ თუ შიგნით, რომ მოხდეს რეალური მონიტორინგი და საზოგადოებამ ნახოს, რასთან გვაქვს საქმე: უდანაშაულოა სააკაშვილი? დამნაშავეა? თუ ეს არის მხოლოდ პოლიტიკური დანაშაული და არაფერი აქვს საერთო სისხლის სამართალთან“?

შესაბამისად, გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დემონსტრანტების მოთხოვნა თუ ტრანსფორმირდა „სააკაშვილის უპირობო გათავისუფლებიდან“ მისი სამართლიანი სასამართლოს უფლებამდე, „ეს უფრო პოლიტიკურს გახდის ამ აქტს“.

პროტესტის ადგილი – „მშვიდობიანობის ხაზგასასმელად“

21 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, ნიკა მელიამ თქვა, რომ შიმშილობისთვის კახეთის გზატკეცილზე, პარტიის სათავო ოფისთან, მოეწყობოდა სპეციალური სივრცეები, – და არა რუსთაველის გამზირზე, სადაც დემონსტრანტები იმყოფებოდნენ და რაც მსგავსი აქციების ტრადიციული მასპინძელია ხოლმე.

პარტიის თავმჯდომარემ ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ:

  • ენმ-ს არ სურს, ბავშვებს ახალი წლის ზეიმში ხელი შეუშალოს;
  • არ სურს, შეაფერხოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წამოწყებული „შერიგების“ პროცესი.

ამ საკითხზე საუბრისას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტარმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ენმ-ის წევრებმა „ძალიან უაზრო აქცია წამოიწყეს“ და დასძინა, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები „მაკდონალდსთან იქნებიან და თუ მოინდომებენ, მიირთმევენ ჰამბურგერებს“.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, შიმშილობის აქციის გადატანამ ქალაქის ცენტრიდან ენმ-ის ოფისთან მსგავსი კომენტარები გამოიწვიოს, რომლითაც ენმ-ის ოპონენტები ეჭვს შეიტანენ შიმშილობის აქტის რეალურობაში, გია ხუხაშვილი ამ გადაწყვეტილების მიღმა არსებულ ლოგიკაში პარტიის მხრიდან კიდევ ერთ მესიჯს ხედავს:

„ვფიქრობ, ეს არის ხაზგასმა იმისა, რომ აქცია ატარებს აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს და გამორიცხავს ნებისმიერ კონტაქტს სამართალდამცავ სისტემასთან და ნებისმიერ პროვოკაციას. ხაზს უსვამს, რომ ეს არის მშვიდობიანი აქცია. რადიკალური, მაგრამ მშვიდობიანი“.

ნიკა მელიამ 21 დეკემბერს, აქციაზევე გაუსვა ხაზი მშვიდობიანობის ელემენტს და განაცხადა, რომ ეს „პროტესტის გამოთქმის არაძალადობრივი მეთოდია, მაგრამ მძიმე გადაწყვეტილებაა“.

ამჟამად ენმ-ის ოფისში 10-მდე კარავია გაშლილი.

ნიკა მელიას მორიგი დილემა

მოშიმშილეთა შორის არის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომელიც ბოლო პერიოდში გამოწვევების წინაშე დგას. ერთი მხრივ, მას უწევს პარტიის პოლიტიკის წარმოება „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი, პარტიაში გარკვეული უკმაყოფილების მოგერიებაა.

მაგალითად, 30 ნოემბერს „მთავარ არხთან“ ინტერვიუში, როდესაც სააკაშვილის სასამართლოს პარალელურად აქციას აანონსებდა, მელიამ განაცხადა, რომ ესმის პარტიის წევრებისა და მხარდამჭერების იმ ნაწილისა, რომლებსაც სურთ, ეს პროცესი [სააკაშვილის გათავისუფლება] უფრო სწრაფად წარიმართოს, თუმცა აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ოპოზიცია პროვოკაციებს არ აჰყვეს და პროტესტი მშვიდობიანად წარიმართოს:

„მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად გავაკეთებთ ყველაფერს, რაც დასაშვებია მშვიდობიანი მწვავე პროტესტის ფარგლებში. მესმის ჩვენი მეგობრების, პარტიის წევრთა ნაწილის, რომელთაც სურთ, მიხეილ სააკაშვილი უკვე ყოფილიყო გათავისუფლებული, მაგრამ ხშირ შემთხვევაში არ აქვთ გააზრებული, რა ვერაგი მტერი გვყავს. ჩვენ უნდა შევეჩვიოთ, რომ თითოეული მოქალაქის საპროტესტო აქციაში პერმანენტულად მონაწილეობა საწინდარია მალე წარმატების მიღწევისა“.

მან ასევე განაცხადა, რომ „პროცესებს შტურმისკენ არ წაიყვანს და არ აიღებს პასუხისმგებლობას მოქალაქეების წინააღმდეგ საპოლიციო ძალის გამოყენებაზე“.

ნიკა მელია სხვა მოშიმშილეებთან ერთად. 22.12.2021. ფოტო: მიხეილ გვაძაბია/ნეტგაზეთი

მოგვიანებით ნიკა მელიას მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ გამოუცხადა მხარდაჭერა: ერთ-ერთ წერილში დაწერა, რომ კარგად ხედავს, „სუსი ცდილობს დანერგოს უნდობლობა და განხეთქილების ილუზია შექმნას“ და განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და ნიკა მელიაზე თავდასხმები „მხოლოდ ივანიშვილისა და სუს-ისთვის სასარგებლო სამსახურია“.

გია ხუხაშვილიც შენიშნავს, რომ ნიკა მელია „არ არის მარტივ მდგომარეობაში“:

„მას პრობლემა აქვს არა მხოლოდ მთლიანად პარტიის პოზიციონირების კუთხით ჩვენს პოლიტიკურ ლანდშაფტზე, არამედ მას პრობლემა აქვს საკუთრივ პარტიაში“.

კერძოდ, ხუხაშვილის სიტყვებით „ნიკა მელიას მუდმივად იმის მტკიცება უწევს პარტიაში, რომ, ასე ვთქვათ, „რომის პაპზე მეტად კათოლიკეა“. უწევს, იმიტომ, რომ იქ არის განწყობები მის წინააღმდეგ, რომ თითქოს ის არ აკეთებს საკმარისს იმისთვის, რომ სააკაშვილი გათავისუფლდეს“.

„პარტიაში არიან პირები, რომლებიც მთლიანად ორიენტირებულნი არიან სააკაშვილზე და ისინი არ ხელმძღვანელობენ პოლიტიკური ლოგიკით“, ამბობს ხუხაშვილი და დასძენს, რომ „ეს არის ხალხი, რომელსაც შეუძლია, რეალური პრობლემები შეუქმნას მას“.

ამიტომ, პოლიტიკის კომენტატორის თქმით, „ნებისმიერი არარადიკალური ქმედება ამ სიტუაციაში ნიკა მელიას მხრიდან სახიფათოა პარტიული დისციპლინის თვალსაზრისით“ და „ამიტომ იგი იძულებულია, ეს ხარკი გადაიხადოს“.

„ყველას თავისი სტრატეგია აქვს“

არსებულ დისკუსიებს 22 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას ნიკა მელიაც გამოეხმაურა და მასობრივი შიმშილობის შესახებ გადაწყვეტილება დაიცვა:

„მასობრივი საპროტესტო შიმშილობა და აქცია, რომელშიც ჩართული იქნება ასობით ადამიანი, უმძიმეს პირობებში, ამ ქვეყანაში 1988 წლის შემდეგ არ მომხდარა“.

მან ასევე განაცხადა, რომ „ყველას აქვს თავისი მოქმედების გეგმა და სტრატეგია“:

„ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვისაც სურს რეჟიმის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა და მას მიაჩნია, რომ სხვა გზა იქნება უფრო ეფექტური, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და მეტიც, ხელსაც შევუწყობთ“.

ნიკა მელიამ ხაზი გაუსვა მიზანს, – „მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი ტყვე არ უნდა იყოს“, შემდეგ კი დასძინა:

„მას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ“.

თუმცა, მელიას თქმით, სააკაშვილს ამჟამად სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს და იგი „არ იმსახურებს ციხეში ჯდომას მურუსიძის და ღარიბაშვილის განაჩენის გამოტანის მოლოდინში“.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი