ახალი ამბები

“ხელისუფლებაში მიხვდებიან, რომ მათი ქილიკი იყო უადგილო” — შიმშილობის აქცია ენმ-ში

22 დეკემბერი, 2021 • 8326
“ხელისუფლებაში მიხვდებიან, რომ მათი ქილიკი იყო უადგილო” — შიმშილობის აქცია ენმ-ში

“თუკი ვინმე ხელისუფლებიდან აქილიკებს ამ პროცესს, ისინიც კი რამდენიმე დღეში მიხვდებიან, რომ მათი დღევანდელი ქილიკი იყო უადგილო”, — თქვა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ 22 დეკემბერს, პარტიის ოფისში შიმშილობის აქციისათვის გაშლილ ერთ-ერთ კარავში, ჟურნალისტებთან საუბრისას.

“ყველას თავისი სტრატეგია აქვს”

“ნაციონალური მოძრაობის” ოფისში 10-მდე კარავია გაშლილი. სწორედ აქ აპირებენ შიმშილობას პარტიის წევრები და აქტივისტები. ამბობენ, რომ პროტესტის ამ ფორმით გაგრძელებას ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებამდე გეგმავენ.

“ყველას აქვს თავისი მოქმედების გეგმა და სტრატეგია. ნებისმიერ სხვა ადამიანს, ვისაც სურს რეჟიმის წინააღმდეგ ეფექტურად ბრძოლა და მას მიაჩნია, რომ სხვა გზა იქნება უფრო ეფექტური, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით და მეტიც, ხელსაც შევუწყობთ…

მასობრივი საპროტესტო შიმშილობა და აქცია, რომელშიც ჩართული იქნება ასობით ადამიანი, უმძიმეს პირობებში, ეს ამ ქვეყანაში 1988 წლის შემდეგ არ მომხდარა”.

ნიკა მელია პროტესტის ერთ-ერთ მონაწილეს ესაუბრება. 22.12.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია

“მიხეილ სააკაშვილი ციხეში არ უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილი ტყვე არ უნდა იყოს. მას უნდა ჰქონდეს სამართლიანი სასამართლოს უფლება, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ”, — დასძინა მელიამ.

მელიას თქმით, სააკაშვილს სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს და “არ იმსახურებს ციხეში ჯდომას მურუსიძის და ღარიბაშვილის განაჩენის გამოტანის მოლოდინში”.

“როდესაც ტყვედ გყავს აყვანილი ადამიანი, ეს ადამიანი აუცილებლად გათავისუფლდება. მაგრამ საუბარი იმაზეა, მომდევნო დღეს ახალი ტყვე ხომ არ გეყოლება და იმის შემდეგ კიდევ ახალი ტყვე ხომ არ გეყოლება?

ამიტომ, სახელმწიფო უნდა დაემსგავსოს სამართლებრივ სახელმწიფოს და პოლიტიკური მართლმსაჯულება აღმოიფხვრას.

პოლიტიკური მართლმსაჯულება დასრულდება, დიახაც, თუნდაც მძიმე საპროტესტო ფორმების გამოყენების გზითაც კი. და მიხეილ სააკაშვილი, როგორც ტყვე, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს”, — აღნიშნა ენმ-ის თავმჯდომარემ.

კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში. 22.12.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

შიმშილობის გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ნიკა მელიამ თქვა, რომ 300-მდე ადამიანი გეგმავს, შეუერთდეს პროტესტს. შიმშილობის აქციაში მონაწილეობას გეგმავს თავად მელიაც.

ვინ მიიღო შიმშილობის გადაწყვეტილება

ჟურნალისტმა ნიკა მელიას ჰკითხა, მიიღო თუ არა ენმ-მ მასობრივი შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს ფორმატში.

“პოლიტსაბჭოს ფორმატში ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, არ მიმიღია”, — დასძინა პარტიის თავმჯდომარემ. მანვე შეურაცხმყოფელი უწოდა ცნობებს იმის შესახებ, რომ ენმ-ის წარმომადგენლებს პროტესტის ამ ფორმით გაგრძელება მიხეილ სააკაშვილმა აიძულა.

მანამდე, 21 დეკემბერს, შიმშილობის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, “ნეტგაზეთმა” პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს ჰკითხა, ვინ და რა ფორმით მიიღო შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება.

“პოლიტიკურმა პარტიამ”, — გვიპასუხა ხაბეიშვილმა.

შიმშილობის აქცია ენმ-ის ოფისის ეზოში. 22.12.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

დამაზუსტებელ კითხვას, ვის შორის იყო კონსულტაციები, ხაბეიშვილმა ასე უპასუხა:

“ერთობლივად. პოლიტიკურ პარტიაში როგორც ხდება ხოლმე კონსულტაციები, ისე. პოლიტსაბჭოც იყო ჩართული, პარტიის თავმჯდომარეც, ყველა. ყველა სხვადასხვა პოლიტიკური თანამდებობის პირებიც, ვინც არიან პარტიაში. ცხადია, მოხდა პოლიტიკური კონსენსუსის შედეგად”.

ხაბეიშვილს ასევე ვკითხეთ, სანამ გადაწყვეტილება გაცხადდებოდა, იცოდა თუ არა ამის შესახებ პარტიის ფართო შემადგენლობამ.

“პოლიტიკური თანამდებობის პირებმა”, — გვითხრა მან.

შიმშილობის აქცია ენმ-ის ოფისში. 22.12.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

ენმ-ს კიდევ ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ გვითხრა, რომ ხსენებული გადაწყვეტილება პარტიის ლიდერებმა მიიღეს და სააკაშვილმა ეს “ყველაზე ბოლოს გაიგო”.

“აბსურდია, თითქოს, მიხეილ სააკაშვილმა უბრძანა პარტიას შიმშილობა”, — დასძინა მან.

“პროვოკაცია” — გამოხმაურება “ოცნებიდან” და დიალოგის პერსპექტივა

“ქართულ ოცნებაში” პროვოკაციას უწოდებენ ენმ-ის მიერ შიმშილობის პროტესტის დაწყებას და აღნიშნავენ, რომ ეს მიხეილ სააკაშვილის მხრიდან პარტიის იძულების შედეგად მოხდა.

“მისმა მხარდამჭერებმა იშიმშილონ, მიმაჩნია, რომ ეს არის მორიგი პროვოკაცია.  დაბადების დღეზე მისულ სტუმრებს რომ შიმშილობას დააწყებინებ, ალბათ, ყველამ ვიცით, ეს რას ნიშნავს.

რაც შეეხება შიმშილობის მოთხოვნას – წარმოუდგენელია, რომ ამ ფორმით ვინმემ ქვეყანაში მართლმსაჯულებას თავი დააღწიოს”, — დასძინა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ენმ-ის პროტესტის ეს ფორმა ეწინააღმდეგება “ეროვნული თანხმობის” სახელწოდებით ცნობილი პროცესს, რომლის დაწყების სურვილიც ზურაბიშვილმა გასულ კვირას გამოთქვა.

“იმით, რომ მიხეილ სააკაშვილმა აიძულა მხარდამჭერებს შიმშილობა გამოეცხადებინათ, თავად დახურა შერიგების თემა, რომელიც, თითქოს, თავად წამოიწყო და კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ეს იყო კიდევ ერთი ფარისევლობა “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან.

…შიმშილობის გამოცხადებით მათ, ფაქტობრივად, უარი განაცხადეს იმ ფორმატზე, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა შესთავაზა და ერთის მხრივ კი, გამოთქვამენ მზაობას მასთან შეხვედრაზე, მეორეს მხრივ კი, აშანტაჟებენ, რომ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი”, — დასძინა მან.

შალვა პაპუაშვილი 

ზემოხსენებულ ფორმატში ზურაბიშვილმა უკვე მიიღო მმართველი პარტიისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, შეხვდა მეოთხე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. მარგველაშვილმა მაშინ თქვა, რომ აპირებს სააკაშვილთან შეხვედრასაც.

ნიკა მელიას სიტყვებით, “ამ წუთის მდგომარეობით” პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისგან სააკაშვილის შეწყალების მოლოდინი არ აქვს, თუმცა მიესალმება ზურაბიშვილის წამოწყებულ პროცესს.

მანვე გამოთქვა მოსაზრება, რომ მმართველი პარტია “ყველაფერს გააკეთებს, რომ ხელი შეუშალოს პროცესს” და საამისოდ შესაბამისი გეგმებიც ექნებათ.

კარვები ენმ-ის ოფისის ეზოში. 22.12.21 ფოტო: ნეტგაზეთი/მიხეილ გვაძაბია 

“…ჩვენ ხელს შევუწყობთ, თუნდაც მიზერული შანსის არსებობის შემთხვევაში, შანსი გავზარდოთ და პოლარიზაციის ხარისხი, რაზეც საუბრობს ქალბატონი ზურაბიშვილი, ჩვენი ჩართულობითაც შემცირდეს.

პირადადაც მე, როგორც პარტიის თავმჯდომარე, ჩავერთვები ამ კონსულტაციებში. ვფიქრობ, ქალბატონ ზურაბიშვილს გააზრებული ჰქონდა მანამ, სანამ ამ ინიციატივას გააცნობდა საზოგადოებას, თუ რა სიძნელეებს შეიძლება წავაწყდეთ ამ ფორმატში.

რახან ჰქონდა გააზრებული, გადალახვის გზებიც, ალბათ, ექნება ქალბატონ ზურაბიშვილს გაანალიზებული. მისი მტკიცე, სამართლიანი პოზიცია მნიშვნელოვანი იქნება წარმატების მისაღწევად ამ ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ”, — დასძინა მელიამ.

ენმ-ის თავმჯდომარის სიტყვებით, როცა ზურაბიშვილი პარტიის წარმომადგენლებთან შეხვედრას საჭიროდ ჩათვლის, “ნაციონალური მოძრაობის” წევრები იმავე დღეს მივლენ პრეზიდენტთან.

“…მე პირადადაც ვიქნები წარმოდგენილი”, – აღნიშნა მან.

სააკაშვილი პატიმრობაში

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც ის უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა.

დაკავების დღიდან სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტი 50 დღის განმავლობაში შიმშილობდა.

სააკაშვილის მხარდამჭერები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვდნენ, რაზეც ხელისუფლება უარს ამბობდა.შიმშილობის 49-ე დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.

მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში. ფოტო: EPA

19-20 ნოემბრის მიჯნაზე, ღამით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მან ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კვება სპეციალური პროტოკოლით 20 ნოემბერს განაახლა.

სააკაშვილის წინააღმდეგ რამდენიმე საქმეა აღძრული. აქედან ორ საქმეში სააკაშვილი მსჯავრდადებულია და პატიმრობაც აქვს მისჯილი, სხვა საქმეებთან მიმართებით კი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ აქვს მიღებული.

თავად ექსპრეზიდენტი ყველა ამ საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს.

მასალების გადაბეჭდვის წესი