კინოკომენტარი

რას ვხედავთ, როცა ქართულ ფილმებს ვუყურებთ

9 დეკემბერი, 2021 • 4099
რას ვხედავთ, როცა ქართულ ფილმებს ვუყურებთ

ავტორი: თეო ხატიაშვილი


თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის წლევანდელი საკონკურსო პროგრამა ქართული მოკლე, სრულმეტრჟიანი და დოკუმენტური ფილმებისგან შედგება. მათ შორის არიან ახალი ავტორებიც  და ისინიც, ვისმა ფილმებმაც უკვე მოიპოვა აღიარება, ამიტომ, ცხადია, მათ მიმართ მაყურებლის ინტერესიც დიდია. ერთ-ერთი მათგანი ფესტივალის გახსნის ფილმი, ლევან კოღუაშვილის „მეოთხე ბრაიტონია“, რომელიც საქართველოს მხრიდან „ოსკარის“ უცხოენოვანი ფილმების ნომინაციაზეც არის წარდგენილი. კომისიის მიერ ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთ არგუმენტად ხშირად მსმენია ფილმის „ამერიკული თემა“ და ამერიკელებისთვის თითქოსდა „უფრო გასაგები კინოს“ ფაქტორი.

ლევან კოღუაშვილი თავისი შემოქმედების მთავარ ხაზს – პოსტსაბჭოთა საქართველოში მომხდარი სოციალური ცვლილებების ფონზე ადამიანების დანგრეული ცხოვრებისა და დამსხვრეული ილუზიების ჩვენებას,- რაც არა მხოლოდ სიღარიბით, არამედ ტრადიციული კულტურული ნორმების კრიზისითაც არის გამოწვეული, – „მეოთხე ბრაიტონშიც“ აგრძელებს. მასში ამჯერად ერთიანდება შრომითი მიგრაციისა (რასაც ეხება მისი დოკუმენტური ფილმი „ქალები საქართველოდან“) და საშუალო ასაკის („ქუჩის დღეები“, „შემთხვევითი პაემნები“) – ამჯერად უკვე შუახნის ასაკს გადაცილებულიც – „ლუზერად“ დარჩენილი თეთრი ჰეტეროსექსუალი კაცის თემები. შესაბამისად იქმნება მოლოდინიც, რომ თანამედროვე საქართველოს სოციალური პრობლემები უფრო კომპლექსურად წარმოჩნდებოდა, თუმცა პრობლემა ზედაპირზევე რჩება, რადგან ფილმში მას გადაწონის ნოსტალგიურ-სენტიმენტალური განწყობა. 

თანამედროვე „ჯარისკაცის მამა“, წარსულში ცნობილი მოჭიდავე კახი (ლევან თედიაშვილი) შვილის მოსანახულებლად არა ომში, არამედ ამერიკაში მიდის; ეს უკანასკნელი იქაური ემიგრანტებისთვის, ფაქტობრივად, არის კიდეც ბრძოლის ველი: ზოგი ქანცგამწყვეტი შრომით, ზოგი სიღარიბისგან თავის დასაღწევად თუ ბედის საძიებლად ჩასული ადამიანების მოტყუებითა და თაღლითობით, ზოგიც უბრალოდ აზარტული თამაშებით ირჩენს თავს. ამერიკაში ჩასული კახი აღმოაჩენს, რომ მისი შვილი  კი არ სწავლობს, არამედ სწორედ ამ თამაშების წყალობით ვალებშია ჩაფლული. 

ფილმის მსვლელობისას თანდათან მიაქტიურდებოდა შეკითხვა: რა ფუნქცია ჰქონდა ამერიკას? ეს დრამა ხომ ისევე განვითარდებოდა აქვე თბილისში ან ნებისმიერ პატარა ქალაქში, ქვეყანაში, სადაც ლუდომანია ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემაა, რის შედეგადაც ადამიანები კარგავენ სახლებს, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიცოცხლესაც? მით უმეტეს, როცა ვერ ვხედავთ ვერც ნიუ-იორკს (თუნდაც მხოლოდ ბრაიტონს) და ვერც ამერიკელებს. ერთადერთხელ ჩნდება ამერიკული ოჯახი და ისიც, ალბათ, ყველაზე ვულგარულ (და არადამაჯერებელ) ეპიზოდში, როდესაც ასაკოვანი ქალი მათ მოსავლელად მისულ კახის თავიდანვე ეშმაკურად მოცინარი თვალებით ათვალიერებს და პირველივე ხელსაყრელ მომენტში მისგან სექსულურ მომსახურებას ითხოვს. თუ ამერიკა ოცნებების ასრულების ნაცვლად მათი საბოლოო დასამარების ქვეყანაა, სამაგიეროდ ბრაიტონზე საერთო საცხოვრებელში მცხოვრები ქართველებისთვის ყოფილი საბჭოელი ემიგრანტები ქმნიან „მშობლიური კერის“ ალტერნატივას და იმედს: მზრუნველი და გამგები რუსი ლენა, რომელთან ქორწინებითაც უნდა იშოვოს კახის შვილმა „მწვანე ბარათი“, ყაზახი მხატვარი, თაღლითობის გამო შეპყრობილი უზბეკი ჰოსტელის მეპატრონეც კი მათი მეგობრი ხდება საბოლოოდ, მოულოდნელად არაყს „გააძრობს“ და ამ „ერთიან ძმურ ოჯახთან“ მოილხენს. და რა შეიძლება იმღერონ საერთო საბჭოური წარსულის ადამიანებმა ასეთ დროს, თუ არა „სულიკო“?!

ჩემმა ახალგზრდა კოლეგამ იხუმრა კიდეც, დროა, ლიმიტი დაწესდეს ქართულ კინოში ქართული სიმღერის გამოყენებაზეო, იმდენად ტრივიალურად ტირაჟირდება ეს უკანასკნელი სენტიმენტების აქცენტირებისთვის თუ „შერეკილი“, მაგრამ გულიანი ქართველის სტერეოტიპის კვლავწარმოებისას. ფინალში სწორედ ასეთი „შერეკილები“ დაიტირებენ კახის მრავალჟამიერით, გაბრაზებულად ნამღერი მრავალჟამიერით; თუმცა სიმღერა მაყურებელში ბრაზს კი არ აღვიძებს, არამედ სიბრალულსა და გულის აჩუყებას – ბრაზს სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ (რომლის ერთ-ერთ იდეოლოგს  ტიტრებს მოყოლილ მადლობების ვრცელი სიაშიც აღმოაჩენთ), რის შედეგადაც ბოლო წლებში გაზრდილია საქართველოდან წასულ ემიგრანტთა და ევროპის ქვეყნებში თავშესაფრის მოთხოვნის რიცხვი, ქვეყანა კი, ფაქტობრივად,  უცხოეთიდან გამოგზავნილი ფულით ცხოვრობს. 

სიღარიბე და გამოუვალობა არის სოსო ბლიაძის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმის „ოთარის სიკვდილის“ დრამატურგიული ღერძიც. ორი დედა-შვილის პარალელური ცხოვრება დასაწყისშივე გადაიკვეთება, ცოტა არ იყოს, ანეგდოტური ამბით, რაც ტრაგიკულად მთავრდება. იმის მიუხედავად, რომ ფილმში დედები – ორი კარდინალურად განსხავებული ქალი – არიან დომინანტურები, „ოთარის სიკვდილი“ მაინც შვილებზეა, თინეიჯერებისა და დაკარგული ახალგაზრდა თაობის სევდაზე, რომლების მოსასმენად არავის, მათ შორის, უამრავი პრობლემის მოგვარებისგან დაღლილ, პირად ცხოვრებადაკარგულ დედებსაც არ სცალიათ. 

აშკარაა, რომ თბილისელი დედა-შვილის პარალელურად სოფელში მცხოვრები დედა-შვილის ისტორია რეჟისორს პრობლემის საყოველთაობაზე ხაზის გასასმელად სჭირდება, მაგრამ ვფიქრობ, რომ სოფლის ინციდენტს სრულიად ზედმეტი გროტესკულობა შემოაქვს და არღვევს ფილმის სტილისტიკას. 

ფესტივალის კონკურსში  კიდევ ერთი დებიუტია – თაზო ნარიმანიძის „ზამთრის დეპრესია“, რომელშიც ავტორი ცდილობს, გასცდეს ქართულ კინოში აპრობირებულ თემებს და ვიზუალური თხრობაც გაამდიდროს, თუმცა ვერ ვიტყოდი, რომ ბოლომდე წარმატებით ახორციელებს. დეპრესიისა და ცოლ-ქმრული კრიზისის დასაძლევად სოფელში ჩასული ახალგაზრდა მწერლისა და გზაში გაცნობილი გოგოს სასიყვარულო ისტორია დაუფარავად მიგითითებს რომერისეული გარემოს რეფერენსებზე, თუმცა აკლია ყოველდღიურობის რომერისეული უშუალობა, ჭარბი დიალოგების დამაჯერებლობა და სილაღე. კადრსგარე ნარაციის ბანალურ ფილოსოფოსობანას კი ერთადერთი გამართლება შეიძლება მოეძებნოს, რომ ტექსტი ფრაგმენტებია მწერლის – უნდა ვივარაუდოთ – ცუდი რომანიდან.

სწორედ ქართული კინოსთვის უჩვეულო სილაღე გიპყრობს პირველივე კადრებიდან არა მხოლოდ წლევნდელი ფესტივალის, არამედ წლევანდელი კინოსეზონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ფილმში, ალექსანდრე კობერიძის „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“. უფრო მეტიც – რეჟისორი არა მხოლოდ ქართულს, არამედ ზოგადად კინოს უბრუნებს მისი მაგიურობით მაყურებლის აღტაცების უნარს, ის, რაც ჰქონდა კინემატოგრაფს ადრეულ ეტაპზე – ერთგვარი მიამიტურობა, სილაღე და „უსწორმასწორო“ ნარაცია, რადგან ჯერ არ არსებობდა ენა. 

ფილმის სტრუქტურა წააგავს ქალაქში ბორიალის, ხეტიალის ტრაექტორიას, როდესაც უმნიშვნელო დეტალმა თუ შემთხვევამ შესაძლოა მოულოდნელად განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს და სხვაგან გადაგახვევინოს. ერთ-ერთ პირველივე ეპიზოდში ვხედავთ მომავალი შეყვარებულების, შემთხვევით შეხვედრილი გიორგისა და ლიზას ფეხებს. ისინი შემოტრიალდებიან და სხვა მიმართულებით აგრძელებენ გზას, შემდეგ ისევ ბრუნდებიან კადრში, ისევ ტრიალდებიან და ა.შ. – ეს ბორიალი არა მხოლოდ მათ ელდასავით თავს დამტყდარ სიყვარულზე გვამცნობს, არამედ ფილმის სტილისტიკის განმსაზღვრელ კოდასაც წარმოადგენს. 

„რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ ჭეშმარიტად სინეფილური კინოა (შემთხვევითი არ არის, რომ ის ყველაზე მეტად ფიპრესიმ დააფასა) დახვეწილი გადაძახილებით (განსაკუთრებით ბრესონთან) და შეფარული, ზოგჯერ აბსურდული იუმორითაც. ჯადოსნობა, რომელიც იწყება ჩაბნელებული კადრითა და უკან დათვლილი დროით,  უბრალოდ სიყვარულის ზღაპრულ ისტორიას არ მიჰყვება; ეს კინოს მაგიურობის ისტორიაა, რომელიც ხედავს და გვაჩვენებს იმას, რასაც რეალობაში ვერ ვხედავთ – ვუყურებთ, მაგრამ ვერ ვხედავთ. რეჟისორს არ ენანება დრო, შეჩერდეს და დააკვირდეს კადრში მოხვედრილი ადამიანების ინდივიდუალურ, ცოცხალ და ლამაზ სახეებს, ქუთაისის ქუჩებს, თავისი რუტინული რიტმით რომ ცხოვრობს და ფილმში შემოაქვს დიდი ჰაერი, ძაღლებს, ქალაქის იერსახის შემადგენელი ნაწილები და დამოუკიდებელი პერსონაჟები რომ არიან. „რას ვხედავთ, როცა ცას ვუყურებთ“ არის ერთ-ერთი ყველზე უფრო ფოტოგენური ფილმი, რაც კი ბოლო წლებში მინახავს – სილამაზის არა ტრივიალური გაგებით, არამედ რასაც მიიჩნევდა ჯერ კიდევ კინოს ფორმირების პერიოდში მთავარ კინემატოგრაფიულ ღირსებად ლუი დელუკი: სპონტნურად მოხელთებული გამოსახულების მეტყველ გამომსახველობითობასა და ინდივიდულიზმს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი