კომენტარი

სააკაშვილი უნდა უზრუნველყონ იმ სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც ექიმები ითხოვენ – კვირიკაშვილი

15 ნოემბერი, 2021 • 1416
სააკაშვილი უნდა უზრუნველყონ იმ  სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც ექიმები ითხოვენ – კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელსაც მისი მკურნალი ექიმები ითხოვენ.

კვირიკაშვილმა ამის შესახებ განცხადება ფეისბუკზე გამოაქვეყნა.

ამ განცხადების პირველ ნაწილში კვირიკაშვილი აკრიტიკებს სააკაშვილსა და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართელობის პერიოდს. შემდეგ კი ამბობს:

„ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეოკადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც“.

სრულ განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი: ნაციონალური მოძრაობის და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მემკვიდრეობა უმძიმესია ჩვენი ქვეყნისთვის, მასში აღმართებს (რომლებიც უდავოდ იყო) ბევრად ჭარბობს დაღმართები, რომელთა შორის ყველაზე, ყველაზე მძიმე მაინც გახლავთ ის, რომ ამ პოლიტიკურმა ძალამ ვერ ააცილა ქვეყანას რუსული ოკუპაცია. შედეგი, რაც დატოვა მიხეილ სააკაშვილმა, გახლავთ მისი წინამორბედის და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების უდიდესი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველოდან გაყვანილი რუსული ჯარის დაბრუნება ჩვენს მიწაზე. საქართველოს არ დაუწყია ომი რუსეთთან, რუსეთის ფედერაცია პასუხისმგებელია იმ უბედურებაზე, რაც დაატრიალა და რასაც აგრძელებს ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ხელისუფალი, ყოველთვის უნდა ფასდებოდეს შედეგით, და ის უმძიმესი მემკვიდრეობა, რომელიც მან დატოვა, არათუ ქვეყნის მართვის, არამედ პოლიტიკაში ყოფნის მორალურ უფლებასაც კი არ უნდა უტოვებდეს მას და მის მიმდევრებს, აღარაფერს ვიტყვი „ქართული სახელმწიფოს დამფუძნებლობის“ აშკარად არაჯანსაღ ამბიციაზე.

მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი: კანონის წინაშე ყველა თანაბარია, სისხლის სამართლებრივი ბრალები, რომელთა შედეგადაც გამოტანილია განაჩენები, დადასტურებულია არა მხოლოდ ქართული მართლმსაჯულების (რომლის მიმართაც მეც პირადად არაერთხელ გამომითქვამს პრეტენზია ჯერ კიდევ პრემიერობისას, როდესაც მძიმე წარსულის მქონე მოსამართლეები უვადოდ გაამწესეს, და ეს პროცესი დღესაც გაუგონარი სიჯიუტით გრძელდება), არამედ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერაც. გამოძიების პროცესის და შინაარსის შეფასებაში ჩართული იყვნენ მაღალი საერთაშორისო რეპუტაციის მქონე პროკურორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან. ამიტომაც ყოველგვარი საუბრები მის უდანაშაულობაზე რეალურ საფუძველს მოკლებულია.

პატიმარი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი: ვფიქრობ, პატიმარ სააკაშვილის ღირსების შემლახველი ვიდეო კადრების მოხვედრა ღია საეთერო სივრცეში და განსაკუთრებით რუსულ ტელეარხებზე ატეხილი ხორხოცი არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა და დამაზიანებელია ქვეყნისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც, ისევე როგორც პატიმრობაში მყოფ ადამიანზე (როგორც არ უნდა იქცეოდეს ის) სარკასტული ქილიკი არ არის თავსებადი ქართულ და ზოგადად კავკასიურ ადათ-წესებთან.

ასევე, ვფიქრობ, რომ პატიმარი სააკაშვილი სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს იმ სტანდარტის სამედიცინო მომსახურებით, რომელიც მოთხოვნილია მისი მკურნალი ექიმების მიერ. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქართული ოცნების ხელისუფლების და შემდგომ ქვეყნის ღირსების საკითხია, ვინაიდან, როგორადაც არ უნდა ვაფასებდეთ მიხეილ სააკაშვილს პირადად და მის პოლიტიკურ მემკვიდრეობას, ის მაინც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია,“ – წერს კვირიკაშვილი.


სააკაშვილი 45-ე დღეა შიმშილობს. ის ამჟამად გლდანის ციხის საავადმყოფოს პალატაში იმყოფება, სადაც რუსთავის #12 დაწესებულებიდან 8 ნოემბერს გადაიყვანეს. როგორც ყოფილი პრეზიდენტი ამბობს, ის მოტყუებით მიიყვანეს გლდანის ციხესთან, რადგან ეგონა, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ორი დღის წინ კომენტარი გააკეთა მისმა პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ. მისი თქმით, ეს იყო პირველი დღე, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი თავს იმდენად სუსტად გრძნობდა, რომ მთელი დღე ლოგინიდან არ ამდგარა.

მოგვიანებით კი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გააკეთა განცხადება. უწყების განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რეანიმაციაში გადაყვანას არ საჭიროებს.

გლდანის ციხეში სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ 12 ნოემბერს „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის ციხეში მოთავსებულია არა საავადმყოფოში, არამედ ცალკე, სპეციალურად მისთვის გაკეთებულ პალატაში, სადაც შესაბამისი სამედიცინო აღჭურვილობა არ არის.

მისივე  განცხადებით, გარდა იმისა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში დროულ დახმარებას ვერ აღმოუჩენენ, არსებობს სხვა რისკებიც, მაგალითად, მას მხოლოდ ერთი ადამიანი იცავს, რომელსაც, როგორც ხერხეულიძე ამბობს, იარაღიც კი არ აქვს.

ეკა ხერხეულიძე სააკაშვილთან 12 ნოემბერს იმყოფებოდა. გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ 4.5- საათიანი ვიზიტისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ორჯერ გახდა ცუდად.

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ აშშ-ში მომუშავე ექიმები, ნანა გეგეჭკორი და ზურაბ გურული. 

ექიმების განცხადებით, საჯაროდ გახმიანებული სიმპტომების მიხედვით, სააკაშვილი “უპირობოდ იმყოფება გარდაუვალი სიკვდილის რისკის ქვეშ; საჭიროებს სასწრაფო გამოკვლევებს და შესაბამის მკურნალობას მაღალტექნოლოგიური, მულტიპროფილური კლინიკის ინტენსიური განყოფილების პირობებში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი