კომენტარი

რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს დაწინაურება იუნესკოს რეიტინგში?

9 თებერვალი, 2010 • 2430
რას უნდა ნიშნავდეს საქართველოს დაწინაურება იუნესკოს რეიტინგში?

გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (იუნესკო) ერთ-ერთი ინდექსის მიხედვით საქართველომ წელს  22-ე ადგილზე გადაინაცვლა და ბევრ ისეთ ევროპულ ქვეყანას გაუსწრო, ჯერ რომ ვერაფერში დასწევია. რას უნდა ნიშნავდეს ეს დაწინაურება? იუნესკოს ამ ანგარიშის ცალი თვალით გადახედვაც საკმარისია, რომ მიხვდე – არც არაფერს!

ეს ამბავი ჯერ სოციალურ ქსელებში გავრცელდა. შემდეგ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ რეიტინგში ეს დაწინაურება განათლების რეფორმის მონაპოვარია.  მინისტრმა ამ განცხადებას ისიც დაამატა, რომ სწორედ ამ ინდექსის მიხედვით მიღწეული პროგრესის გამო, შესაძლოა, საქართველომ იუნესკოს უხელმძღვანელოს მომავალ წელს. ცნობისთვის, ბოლო ორი წელია ამ ფუნქციას რუსეთი ასრულებს, მანამდე ბენინი, ბენინამდე კი – ჩინეთი.

”განათლება ყველასთვის განვითარების ინდექსის” მონაცემები იუნესკოს ”განათლება ყველასთვის” მონიტორინგის ანგარიშის ნაწილია. ამ ანგარიშს იუნესკო 2002 წლიდან გამოსცემს. 2004 წლიდან კი ქვეყნებს ინდექსის მიხედვით სამ კატეგორიად ყოფს: მაღალი, საშუალო და დაბალი მაჩვენებელი. მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებში ევროპის ქვეყნებთან ერთად ჩილე, კუბა, ჩინეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები ექცევიან. განვითარებული ქვეყნებისთვის ინდექსი ნაკლებად ინფორმაციულია და ამ ანგარიშის დანიშნულებას და შინაარსს თუ გაეცნობით, მიხვდებით, რომ აქ განვითარებული ქვეყნები მხოლოდ პოლიტიკური კორექტულობის ან შედარების გაკეთების მიზნით შეჰყავთ, რადგან ”განათლება ყველასთვის” პროგრამის დანიშნულება განვითარებად ქვეყნებში განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის პრობლემების წარმოჩენა და მათზე რეაგირებაა.

საქართველო, ბოლო სამი წლის ანგარიშების მიხედვით, მაღალი მაჩვენებლის მქონე ქვეყნებს განეკუთვნება. იუნესკოს ის ანგარიში კი, რომელიც 2010 წელს გამოიცა,  2007 წლის მონაცემებს ეყრდნობა. წინა წლის მონაცემთან შედარებით (ანუ 2009 წლის ანგარიშში გამოქვეყნებული 2006 მონაცემებთან), საქართველომ 40-ე ადგილიდან 22- ე ადგილზე გადაინაცვლა. 2008 წლის ანგარიშის მიხედვით კი, საქართველო 28-ე ადგილზე იყო. მაგრამ ინდიკატორები, რომლებზე დაყრდნობით ეს ინდექსი გამოითვლება, არ გვაძლევს იმის საბაბს, რომ ამ რეიტინგის მიხედვით დაკავებული ადგილს წარმატებად თუ ჩავთლით, 5 წლის წინ დაწყებულ რეფორმას მივაწეროთ.  

იუნესკოს ”განათლება ყველასთვის” განვითარების ინდექსი ოთხი ინდიკატორის გასაშუალოებით გამოითვლება. პირველი ინდიკატორი უნივერსალური დაწყებითი განათლებაა, რომელიც გამოითვლება შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფში იმ ბავშვების წილით, რომლებიც პირველ კლასში ირიცხებიან. აქ საგულისხმოა ისიც, რომ ”შესაბამისი ასაკობრივი ჯგუფის”, ანუ, ჩვენს შემთხვევაში, 6 წლის ბავშვების რაოდენობის ზუსტად გამოთვლის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს და მათი რაოდენობის დადგენა სტატისტიკური პროგნოზის (მოსახლეობის ბოლო აღწერის, წინა წლებში შობადობის, ახალშობილთა სიკვდილიანობისა და პოზიტიური და ნეგატიური მიგრაციის მაჩვენებლების კომბინაციის) საშუალებით ხდება.  

მეორე ინდიკატორი, რომლის ობიექტურად გაზომვის შესაძლებლობას თავად ამ ანგარიშის ავტორი ორგანიზაცია – იუნესკო – ეჭვქვეშ აყენებს –   ზრდასრულთა (15 წლის და მეტი ასაკის მოსახლეობის) წიგნიერების დონეა. იუნესკოს განმარტებით, იგი შეიძლება გულისხმობდეს როგორც ადამიანის უნარს წაიკითხოს და დაწეროს მარტივი ტექსტი, ასევე ადამიანის ფუნქციონალურ წიგნიერებას, ანუ ”უნარს ჩაერთოს ყველა იმ აქტიობაში, სადაც წიგნიერება საჭიროა მის ჯგუფში თუ თემში ეფექტური ფუნქციონირებისათვის”. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ეს კონკრეტული მაჩვენებელი, საქართველოს შემთხვევაში, იუნესკოს სტატისტიკის ინსტიტუტის ვარაუდს ეყრდნობა, რადგან მოსახლეობის წიგნიერების დონის შესაფასებლად საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში კვლევა არ ჩატარებულა.  

მესამე ინდიკატორი გენდერული თანასწორობაა და იგი გამოითვლება შემდეგი სამი მონაცემის გასაშუალოებით:
1.    დაწყებით განათლებაში ჩართული გოგონების შეფარდება ბიჭების ჩართულობასთან;
2.    საშუალო განათლებაში ჩართული გოგონების შეფარდება ბიჭების ჩართულობასთან;
3.    ქალებში ზრდასრულთა წიგნიერების დონის (ინდიკატორი 2) შეფარდება მამაკაცების ზრდასრულთა წიგნიერების დონესთან.

დაბოლოს, მეოთხე ინდიკატორი, რომელსაც განათლების ხარისხის ინდიკატორს კი უწოდებენ, მაგრამ მხოლოდ ერთი საზომი აქვს და გამოითვლება მეხუთე კლასში გადასული მოსწავლეების წილით (ანუ მეოთხე კლასში მოსწავლეების რაოდენობა შეფარდებული მათგან მეხუთე კლასში გადასულთა რიცხვთან).

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ინდიკატორების გამოსათვლლელად მონაცემებს იუნესკო ამ სიაში ჩამოთვლილი ქვეყნების ინფორმაციის გაცემზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებებიდან იღებს (ჩვენს შემთხვევაში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო). ალბათ, ამას უნდა მივაწეროთ ის, რომ ყაზახეთს წლევანდელ ანგარიშში მეოთხე, შარშანდელ ანგარიშში – პირველი, შარშანწინანდელში კი მეშვიდე ადგილი ეჭირა.

2005-2007 წლების მონაცემებით, ეს ოთხი ინდიკატორი და საქართველოს ადგილი ამ ინდექსის მიხედვით შემდეგნაირად იცვლებოდა:

ანგარიშის გამოქვეყნების წელი

მონაცემების მიღების წელი

რეიტინგი

ინდექსი

ინდიკატორი

1

2

3

4

2010

2007

22

97,6%

93,1%

99,8%

99,3%

98,2%

2009

2006

40

97%

90,3%

99,8%

97,7%

100%

2008

2005

28

98,3%

94,5%

99,8%

98,9%

100%

ამ ცხრილში მოცემულ ინდიკატორებს თუ დავაკვირდებით, ზრდასრულთა წიგნიერების დონე 2005-2007 წლებში უცვლელი რჩება; ასეც რომ არ იყოს, ზრდასრული მოსახლეობის წიგნიერების დონე ნაკლებად შეიძლება ჩავთვალოთ უახლესი პროგრესის განმსაზღვრელად, რასაც იუნესკოს ეს ანგარიშიც აღნიშნავს. პირველ კლასში ჩართულობის მაჩვენებლის (ინდიკატორი 1)  ასეთი მკვეთრი ცვალებადობა, სავარაუდოდ, მონაცემების უზუსტობას უნდა მივაწეროთ. დანარჩენი ინდიკატორები კი 2% ფარგლებში იცვლება. მაგრამ აქ უფრო მნიშვნელოვანი იმის აღნიშვნაა, რომ ამ სამი ინდიკატორის მიხედვით მიღებული შედეგები როგორც 2008 წლის, ასევე 2005 წლის მონაცემებით ძალიან მაღალია და თუ ისინი მართლაც სანდოა, განათლების რეფორმების ვერცერთ კომპონენტს ვერ მივაწერთ მათ სიდიდეს. ეს ინდიკატორები უფრო მეტად ბოლო ათწლეულების განმავლობაში ფორმალური განათლების მიღებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებით და კლასიდან-კლასში ავტომატური გადასვლის ტრადიციით აიხსნება.

 

 

ნათია ანდღულაძე არის განათლების სპეციალისტი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი; ჰარვარდის უნივერსიტეტის განათლების მაგისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი