კომენტარი

სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს პროცესის ჩატარება ბრალდებულის მონაწილეობით — ცქიტიშვილი

10 ნოემბერი, 2021 • 818
სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს პროცესის ჩატარება ბრალდებულის მონაწილეობით — ცქიტიშვილი

სახელმწიფომ სასამართლო პროცესის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყოს იმგვარად, რომ მასზე დასწრება ბრალდებულმაც შეძლოს — ასე ეხმაურება „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი პენიტენციური სამსახურის უარს მიხეილ სააკაშვილის საქალაქო სასამართლოში გადაყვანაზე.

10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში უწყებამ აღნიშნა, რომ „შესაძლებლობას მოკლებულია“ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში. პირველი ინსტანცია დღეს განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს, რომელშიც ექსპრეზიდენტია ბრალდებული.

პენიტენციურმა სამსახურმა თავისი პოზიცია ორი ძირითადი ფაქტორით ახსნა. მისი თქმით, შესაძლებელი იყო, სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირებისთვის გარე პირებს ხელი შეეშალათ. განცხადებაში ასევე ნახსენებია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

ალეკო ცქიტიშვილს ვკითხეთ, რამდენად წონადია პენიტენციური სამსახურის არგუმენტები, რომლებითაც უწყება თავისი გადაწყვეტილების გამყარებას ცდილობს.

“რა თქმა უნდა, ექიმებმა უნდა შეაფასონ და მათი დასკვნით უნდა იყოს გამყარებული ის არგუმენტი, რომ სასამართლოში ეტაპირების შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნება საფრთხის ქვეშ და, შესაბამისად, მისი ეტაპირება ამ დროისთვის არის შეუძლებელი.

სხვა პატიმრების შემთხვევაშიც ხდება, როცა სასამართლო პროცესები მიმდინარეობს და პენიტენციური დაწესებულებიდან უნდა მოხდეს პატიმრის ეტაპირება. [თუმცა] თუკი პატიმარს აქვს ჯანმრთელობის ისეთი ტიპის გართულება, რომ ვერ შეძლებს სასამართლო პროცესზე გადაადგილებას, ამ შემთხვევაში ლოგიკურია, რომ მოხდეს მისი დატოვება პენიტენციურ დაწესებულებაში”, — დასძენს უფლებადამცველი.

ცქიტიშვილის თქმით, უსაფრთხოების საკითხიც შესაბამისი უწყებების შესაფასებელია და პენიტენციური სამსახურის გარდა ეს უნდა გააკეთონ შსს-მ და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა.

„თუმცა, აქ შეიძლება მეტი პრობლემა იყოს თვითონ სახელმწიფოს მხრიდან, ვინაიდან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს როგორც ბრალდებულის უსაფრთხოება, ისე სასამართლოში პროცესის იმგვარად ჩატარება, რომ ბრალდებულმა შეძლოს, დაესწროს თავისსავე პროცესს.

შესაბამისად, აქ პასუხისმგებლობა არის სახელმწიფოს მხარეს, რომ უზრუნველყოფილი იყოს ეტაპირებისას პატიმრის უსაფრთხოება და სასამართლო პროცესი გაიმართოს ბრალდებულის მონაწილეობით“, — აღნიშნავს ალეკო ცქიტიშვილი.

უფლებადამცველის თქმით, სააკაშვილის წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს მისი ორგანიზაცია, სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში აკვირდება. მისი შეფასებით, იკვეთება აღნიშნული საქმეების გაჭიანურების პერსპექტივა და რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას მათი გააქტიურება მაშინ სურდა, როცა ეს პოლიტიკური მანიპულაციებისთვის დასჭირდებოდა:

“ხელისუფლება თავისივე უკანონო პოლიტიკური ტაქტიკის ტყვე გახდა. პოლიტიკურად რომ შევხედოთ, ხელისუფლებისთვის უმჯობესი იქნებოდა, ალბათ, დროულად განხილულიყო ეს საქმეები სასამართლოებში და ამდენი ხნის განმავლობაში არ გაჭიანურებულიყო.

ეს ბრალდებულსაც მისცემდა საშუალებას, დროულად გამოეყენებინა სხვა მექანიზმები, როგორიც არის სტრასბურგის სასამართლო, რათა სამართლებრივი შედეგი გაპროტესტებულიყო და სახელმწიფოსთან ედავა.

ხოლო ხელისუფლებას აღარ ექნებოდა არეულობის შიშები, რომლებიც ახლა აქვს, როცა გვექნებოდა ორი დასრულებული საქმე და არა ასეთი არაპროგნოზირებადი, მიმდინარე საქმეები საერთო სასამართლოებში”.

კითხვას, ნიშნავს თუ არა პენიტენციურის დღევანდელი გადაწყვეტილება სააკაშვილისთვის სამართლიანი სასამართლოს უფლების წართმევას, ცქიტიშვილი ასე პასუხობს:

“ამას მხოლოდ დღევანდელი შემთხვევით ვერ შევაფასებთ. კომპლექსურად თუ მივუდგებით, რა თქმა უნდა, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობა არის დამძმებული და არის რეკომენდაიცები, რომ ის გადაიყვანონ სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში, ეს რეკომენდაცია არის პირველ რიგში შესასრულებელი.

ადამიანის უფლებების დამცველისგან, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ასევე მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებისგან და საელჩოებისსგან ისმის უკვე პირდაპირი მოწოდებები, რომ სამოქალაქო, მრავალპროფილურ კლინიკაში უნდა იყოს გადაყვანილი.

ის, რომ ხელისუფლება ჯიუტად, თავისი ფობიებიდან და შიშებიდან გამომდინარე აკეთებს დაკვნებს და არაადეკვატურ ნაბიჯებს დგამს, აქ არის პრობლემები ძირითადად თავმოყრილი. ცხადია, შემდეგ ეს ეხება თვითონ პროცესებსაც”.

ალეკო ცქიტიშვილი ამბობს, რომ მისი ორგანიზაცია მეზობელ აზერბაიჯანში პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებს აკვირდებოდა. მისი თქმით, ბრალდებულები სასამართლო პროცესებს ჩვეულებრივ ესწრებოდნენ.

სააკაშვილი პატიმრობაში — მოკლედ

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება  2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეფ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი