კომენტარი

“მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი”

6 თებერვალი, 2010 •
“მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი”

  პრეზიდენტის ინიციატივას, საქართველოს სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის დანერგვის შესახებ საჯარო (ცოტა) და კერძო (ბევრი) კომენტარი მოჰყვა. პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ პრეზიდენტმა კარგად ვერ ჩამოაყალიბა სათქმელი (ვარიანტი: ჩვენ ვერ გავიგეთ კარგად რისი თქმა უნდოდა), რომ პრეზიდენტის ინიციატივა მოუფიქრებელი იყო, მაგრამ მასში არის რაციონალური მარცვალი, რომ პრეზიდენტის სიტყვები მხოლოდ რიტორიკაა, რომელსაც დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, სამაგიეროდ ყურადღება უნდა მივაქციოთ პრაქტიკას (ანუ იმას, როგორ აისახება საბოლოო ჯამში პრეზიდენტის “ოცნება” სასწავლო გეგმებში), რომ პრეზიდენტის ინიციატივა მართალია მოუფიქრებელი იყო, მაგრამ მას (როგორც ხშირად მომხდარა) მხოლოდ რესურსების უაზრო ხარჯვა შეიძლება მოჰყვეს, მაგრამ ამაში დრამატული არაფერია და ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს საბჭოთა კავშირში დაბრუნებას, რომ ის სამხედრო პატრიოტიზმი, რომელზეც პრეზიდენტი საუბრობს, მხოლოდ ჟღერადობით ჰგავს საბჭოთა სამხედრო პატრიოტიზმს, შინაარსით კიდევ სუუუულ სხვაა. 
რა თქმა უნდა, პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერები პრეზიდენტს ჩემზე უკეთ იცნობენ და უკეთ მოეხსენებათ პრეზიდენტის სიტყვას რა წონა აქვს, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ პრეზიდენტის სიტყვებით მთლად უყურადღებოდ დასატოვებელი არ არის, იმიტომ რომ ამ ადამიანის სიტყვებს მაინც აქვს რაღაც გავლენა ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

გუშინ პრეზიდენტმა კიდევ ერთი განცხადება გააკეთა სამხედრო-პატრიოტულ აღზრდასთან დაკავშირებით. მეც გადავწყვიტე რამდენიმე კომენტარი გამეკეთებინა, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ინიციატივის მხარდამჭერებს მისი სიტყვების “კონტენტ-ანალიზი” რატომღაც აღიზიანებთ. 

”ვთქვით, რომ შემოვიღოთ სამხედრო-პატრიოტული აღზრდა, ნუ შეიძლება ამას დავარქვათ სამოქალაქო თავდაცვა.” – გვეუბნება პრეზიდენტი. “მაშინვე ატყდა ერთი ვაი-ვიშვიში ე.წ. ლიბერალებში, რომ ’ეს რა უბედურებაა, ეს რა ცუდი ტონია, როგორ შეიძლება’. სხვათაშორის ის რაც იყო სამხედრო აღზრდა ადრე, საბჭოთა დროს, მართლა კარგი არ იყო. ეს იყო ფორმალობა”. 

პრეზიდენტის სიტყვებიდან გამომდინარე, გაუგებარია, რა არ იყო კარგი საბჭოთა “სამხედრო აღზრდაში”. ის რომ “ეს იყო ფორმალობა”? დანარჩენი როგორც ჩანს მისაღები და მისასალმებელი ყოფილა. “ე.წ. ლიბერალების” კრიტიკა (პრეზიდენტის ტერმინოლოგიით “ვაი-ვიში” კი პრეზიდენტს ისე გაუგია, თითქოს საუბარი “ცუდ ტონზე”, ანუ გემოვნების პრობლემებზე ყოფილიყო. საუბარი კი, რამდენადაც მახსოვს სკოლის მილიტარიზაციაზე და იდეოლოგიზაციაზე და საბჭოთა იდეოლოგიური ფორმების აღორძინებაზე იყო. ამ კრიტიკას ჯერ-ჯერობით შედეგად მხოლოდ ის მოყვა, რომ “სამხედრო-პატრიოტიზმი” “სამოქალაქო თავდაცვით და უსაფრთხოებით” ჩაანაცვლეს. (ეს “სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება” მინისტრი შაშკინის გაგებით პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული სამხედრო პატრიოტიზმისაგან დიდად რომ არ განსხვავდება, ცალკე დავწერე და ახლა ამაზე არ შევჩერდები). ახლა კი პრეზიდენტს იმის არგუმენტირება გადაუწყვეტია, რომ მის მიერ შემოთავაზებული ინიციატივა სულაც არ იყო ცუდი. მოდით, პრეზიდენტის არგუმენტებს გადავავლოთ თვალი: 

– ისრაელის მაგალითი. იქ (ისრაელში), როგორც პრეზიდენტი გვეუბნება, მოსახლეობამ იცის, როგორ მოიქცეს დაბომბვების დორს. პრეზიდენტის ეს არგუმეტი ცოტა არი იყოს ნაცუღლუტევია. (რამდენადაც ვიცი, ისრაელში სამოქალაქო თავდაცვა სკოლებში ცალკე არ ისწავლება). თუკი საქართველო ის ქვეყანაა, რომელსაც გამუდმებით ემუქრება ომის საფრთხე, მაშინ უნდა არსებობდეს სამოქალაქო თავდაცვის ცენტრები, სადაც მთელ მოსახლეობას უნდა ესწავლებოდეს, როგორ მოიქცეს საომარ ვითარებაში. ამ შემთხვევაში გაუგებარია, რატომ უნდა იყოს სამოქალაქო თავდაცვა სასკოლო საგანი. გარდა ამისა, ალბათ იმისათვის, რომ ასწავლო როგორ შეაფაროს ადამიანმა თავი დაბომბვას ჯერ ალბათ ბომბსაცავი უნდა ააშენო – და საერთოდ შეიმუშაო სამოქალაქო თავდაცვის გეგმა, რომელიც საქართველოს რუსეთთან ომის დროს არ აღმოაჩნდა). 

– ძირძველი ქართული პატრიოტიზმი: როგორც ჩანს პრეზიდენტს თავისი პირველი არგუმენტი დამაჯერებლად არ მიაჩნია და მის ასეთნაირად გამყარებას ცდილობს: “სამწუხაროდ, არ ვცხოვრობთ ჩვენ შვეიცარიაში და ჰოლანდიაში და არა ვართ გარშემორტყმული ერთი მიმართულებიდან ძალიან მეგობრული ქვეყნით და საქართველოს სჭირდება ყველაფერი ეს და არაფერი მილიტარისტული ეს არ არის.მაშინ მილიტარისტი იყო დავით აღმაშენებელი და ყველა დიდი ქართველი პატრიოტი,” – ამ არგუმენტში პრეზიდენტი სკოლის თემატიკას სცილდება და ისტორიულ წიაღსვლებს აკეთებს. არ ვიცი, რას აძლევს პრეზიდენტს XI-XII საუკუნეების საქართველოს XXI საუკუნის საქართველოსთან შედარება, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ დავით აღმაშენებლის თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა დღევანდელ საქართველოს რთულად თუ გამოადგება, მიუხედავად იმ ხშირი პარალელებისა, რომელსაც პრეზიდენტი თავის თავსა და დავით აღმაშენებელს შორის ავლებს ხოლმე. (დავით აღმაშენებლის განათლების პოლიტიკას რაც შეეხება, გელათის და იყალთოს აკადემიებში სამხედრო-პატრიოტიზმი, გნებავთ სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოება არ ისწავლებოდა). 

სამაგიეროდ ეჭვს არ იწვევს პრეზიდენტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ”საქართველოს სჭირდება თავის თავის დაცვა”. ეჭვს იწვევს აქედან გამოტანილი დასკვნები ”არსებობს ხალხი, ვისაც მაგალითად მიაჩნია, რომ სამხედრო პატრიოტული აღზრდა ეს არის მილიტარიზმი და სამოქალაქო თავდაცვა, ეს არის პროვოკაცია, რომ საერთოდ, ჯარის არსებობა საქართველოში ეს არის პროვოკაცია”. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტმა, თითქოს ვინმე ფირქობდეს, რომ სამოქალაქო თავდაცვა პროვოკაციაა. სამოქალაქო თავდაცვა ნებისმიერი სახელმწიფოსთვის არის საჭირო, ოღონდ ეს სასკოლო საგანი არ არის. კიდევ უფრო გაუგებარია, რა ლოგიკამ მიიყვანა პრეზიდენტი იმ დასკვნამდე, რომ სამხედრო-პატრიოტული აღზრდის მიუღებლობიდან გამომდინარეობს, რომ “ჯარის არსებობა საქართველოში არის პროვოკაცია”. ჯარის არსებობა ნებისმიერ სახელმწიფოში საჭიროა, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არც უნდა ნიშნავდეს მოსახლეობის ტოტალურ მილიტარიზაციას სკოლის მოსწავლეების ჩათვლით. სამწუხაროდ, პრეზიდენტისათვის ეს განსხვავება, როგორც ჩანს, ცხადი არ არის. 

იქიდან, რომ “საქართველოს სჭირდება თავის თავის დაცვა” არანაირად არ გამომდინარეობს, რომ სკოლებს “სამხედრო-პატრიოტული აღზრდა” სჭირდებათ (ისევ და ისევ: შუა საუკუნეების თავდაცვის პოლიტიკით (ქუდზე კაცი) XXI საუკუნეში ქვეყნის თავდაცვა შეუძლებელია – სამწუხაროა და სავალალოა, რომ ქვეყნის უმაღლეს მთავარსალდალს ქვეყნის თავდაცვა ასე აქვს წარმოდგენილი). ვერც პრეზიდენტმა, ვერც განათლების მინისტრმა აქამდე ვერ შეძლეს იმის დასაბუთება, რა საჭიროა სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდა ვერც თავდაცვის ვერც განათლების ამოცანებიდან გამომდინარე. “საქართველომ უნდა თავის თავი დაიცვას,” – გვეუბნება პრეზიდენტი – “ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და ერთადერთი შანსი ასევე გადარჩენის”. ძნელია პრეზიდენტს იმაში შეეკამათო, რომ საქართველომ თავისი თავი უნდა დაიცვას და თავისი თავის დაცვა შეძლოს. საკითხავი კი სწორედ აქედან იწყება: როგორ? პრეზიდენტის ინიციტიავები საქართველოს მოსახლეობის ტოტალური მილიტარიზაციის და სკოლების რეიდეოლოგიზაციის შესახებ კი მხოლოდ იმას გვიჩვენებს, რომ ამ შეკითხვაზე პრეზიდენტს ადეკვატური პასუხი არ გააჩნია. 

ps. ცალკე საკითხავია, რა “რაციოა” სინამდვილეში “სამხედრო-პატრიოტული აღზრდის” მიღმა. მე მგონია, რომ სამხედრო-პატრიოტიზმი არის ნაციონალური მოძრაობის ახალი იდეოლოგია (საქართველოს პრეზიდენტის ინტელექტუალური პროდუქტი – ამ მხირვ ოქრუაშვილი მასთან ბევრად უფრო ახლოს იდგა ვიდრე მისი გუნდის სხვა, უფრო ლიბერალური წევრები), რომელიც მომდინარეობს ძლიერი სახელმწიფოს რიტორიკიდან (სააკაშვილის გაგებით ძლიერი ჯარი და პოლიცია), პრაქტიკულად აისახა რეზერვში და პატრიოტთა ბანაკებში და ახლა სკოლაში უნდა მიიღოს საყოველთაო და სავალდებულო ფორმა. 

 

ზაალ ანდრონიკაშვილი
ზაალ ანდრონიკაშვილი

 

 

ზაალ ანდრონიკაშვილი არის ლიტერატურათმცოდნე. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი

მასალების გადაბეჭდვის წესი