კომენტარი

გრანდიოზული და ჯერარნახული

23 დეკემბერი, 2009 • 2437
გრანდიოზული და ჯერარნახული

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ იმ დღეს ზუგდიდში მანქანით მიმავალს ჩემმა ნაცნობმა მკითხა: `საახალწლოდ კარერასი რომ ჩამოჰყავთ ბათუმში, თუ გაიგე~. ამბავი გაგებული არ მქონდა, მაგრამ გონებაში ერთმა აზრმა გამიელვა: ბათუმი, ახალი წელი და კარერასი ეს უკვე საინტერესოა.

ქალაქში დაბრუნებული სახლში იმ დროს მივედი, როცა საინფორმაციო გამოშვებები ყველა არხზე დასრულებული იყო. თუმცა გული დიდად არ დამწყვეტია, კომპიუტერს მივუჯექი და სულ მალე ერთ-ერთი ნაციონალური მაუწყებლის ეთერით გასულ სიუჟეტს შევეჩეხე ინტერენტში _ კარერასის ბათუმში სტუმრობა დადასტურდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ხოსე არ ყოფილა ყველაფერი…

მომდევნო დღიდან ტელეეკრანებზე სარეკლამო რგოლები გამოჩნდა და ელექტრონულმა მედიამ ბათუმში საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებების ნუსხაც გამოაქვეყნა… 30-31 დეკემბერს ქალაქის ქუჩებში 200-მდე თოვლის ბაბუასა თუ სანტაკლაუსის აღლუმის მომსწრე გავხდებით. მერე 2009 წლის ბოლო დღეც დაღამდება და ბათუმში სპეციალურად ახალი წლისთვის შექმნილ მთავარ სცენაზე ხოსე კარერასი და ოპერის ქართველი ვარსკვლავები შეენაცვლებიან ერთმანეთს.
არც სუხიშვილების, ანსამბლი `რუსთავის~, ნინო ანანიაშვილის, მოძრაობის თეატრის და აკრობატთა შოუს გარეშე არ ჩაივლის ახალი წლის ღამე. ეგ კი არადა, ბევრის გულის გასახეთქად ლაზერშოუც გვექნება, ფეიერვერკიცა და დიჯეიც ჩამოვა დიდი ბრიტანეთიდან.

მოკლედ, ყველაფერი გრანდიოზული და ჯერარნახული ჩვენთან იქნება. იმ დღეს ყველა დაივიწყებს ქვეყანაში ალაგ-ალაგ ჯერ კიდევ დარჩენილ თითო-ოროლა უმნიშვნელო პრობლემას და უნდა თუ არა ახალ წელსაც `ევროპულად~ შეხვდება. ასე ცეკვასა და თამაშში გათენდება 2010 წლის 1 იანვარი. პირველ იანვარს 2 იანვარი შეცვლის და ბედობა დღესაც ისე დავიბედებთ, როგორც ეს ახალი წლის `ევროპულად~ მოზეიმეებს შეგვეფერება.

მთავარი და მნიშვნელოვანი კი მერე დაიწყება, თვიდან თვემდე შეგვახსენებენ, რომ 2010 წელს ევროპაში ყველაზე მაგარი ახალი წელი ბათუმში დადგა და რომ 2010 წლამდე ბათუმში ახალი წელი საერთოდ არ დგებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი