კომენტარი

ალასანია და ალიანსი: გაურკვევლობის მომხიბვლელობა

3 თებერვალი, 2015 • 786
ალასანია და ალიანსი: გაურკვევლობის მომხიბვლელობა

„ალასანიას ყველაზე დიდი პლუსი ის არის, რომ მის შესახებ არ არსებობს ამომწურავი ინფორმაცია“, _ ამბობს პოლიტოლოგი დავით აფრასიძე. საქართველოში ირაკლი ალასანიას დაბრუნებას ელიან. ექსპერტები ალასანიას, რესპუბლიკელებისა და მემარჯვენეების ალიანსსა და შესაძლო ვადამდელ არჩევნებზე საუბრობენ:

ნესტან ცეცხლაძე/ბათუმელები

„რამდენადაც ნისლით და ბურუსითაა მოცული ალასანიას შემდგომი ნაბიჯები, უფრო დიდია მისი ძალა, მაგრამ ასეთ მდგომარეობაში დიდხანს ვერ გაჩერდება“, – ამბობს „ბათუმელებთან“ დავით აფრასიძე. მისი აზრით, „ალასანიამ კარგად უნდა გათვალოს, რაა მისთვის უკეთესი – დარჩეს ცალკე მოთამაშედ თუ დადგეს ვინმეს გვერდით. გვერდით დადგომამ შეიძლება “რესპუბლიკელებსა” და “მემარჯვენეებს” პლუსი შესძინოს, თუმცა მისთვის შესაძლოა ცოტა ხანი ცალკე ყოფნა ჯობდეს“.

გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის „რესპუბლიკელები-მემარჯვენეების“ ალიანსის შესაძლო ლიდერობაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, როცა ალასანიამ განაცხადა, რომ ის ხელისუფლებამ კი არ გაათავისუფლა, არამედ თავად დაწერა განცხადება გადადგომაზე და რომ ამას ჯერ კიდევ აგვისტოს მოვლენებამდე აპირებდა.

რატომ მიიღო მან ასეთი გადაწყვეტილება, განმარტება არ გაუკეთებია. მომავალ ნაბიჯებთან დაკავშირებით თქვა, რომ განცხადებას საქართველოში ჩამოსვლის მერე გააკეთებს და დაადასტურა კონსულტაციები “რესპუბლიკელებთან”.

დავით აფრასიძე ამბობს, რომ ალასანიასთან დაკავშირებით მოლოდინები გადაჭარბებულია და ორივე ცდება – ხელისუფლება, რომელსაც ეშინია ალასანიასი და ოპოზიციაც, რომელსაც ალასანიას იმედი აქვს: „ალასანიას ყველაზე დიდი ძალა ის არის, რომ, ჯერჯერობით, არ ვიცით, რას აპირებს“.

„ბათუმელები“ სამშაბათს საღამოს ნიუ-იორკში დაუკავშირდა ირაკლი ალასანიას. მან განგვიცხადა, რომ კომენტარს საქართველოში დაბრუნების შემდეგ გააკეთებს.

სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელის, ექსპერტ ანდრო ბარნოვისის აზრით კი, მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს, რომ ალასანია ქარიზმატული ლიდერის ტიპი არ არის. სინამდვილეში, სიდინჯითა და გაწონასწორებულობით სწორედ რომ ქარიზმატული ლიდერია.

ბარნოვი ამბობს, რომ მისი ლიდერობის შემთხვევაში “რესპუბლიკელებისა” და “ახალი მემარჯვენეების” ალიანსს სერიოზული წარმატების შანსი აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი