„არა, ძალიან ამბიციურია“, „ნუ, რა საშინელი მორალიზმია“, „ოჰჰ, ეგ არ
იმუშავებს, ხალხს აღარ სჯერა მედიის“, „ამას არაუშავს, მაგრამ იქნებ
გადავაკეთოთ?“ და ასე შემდეგ. ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გრძელდებოდა.
ერთ-ერთი
ასეთი ტესტირების დროს დისტრიბუციის სამსახურის თანამშრომელი შემოვიდა.
ამბავი მოგვიყვა, ერთმა მკითხველმა გვითხრა, რა ინტრიგანები ხართ, რაში
გაინტერესებთ, რამდენი ხელფასი და რა ქონება აქვს ლევან ვარშალომიძესო
(აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს). მერე დაამატა, საჯარო მოხელეებს,
ძირითადად ურჩევნიათ გაზეთი სახლში მივუტანოთ, სამსახურში ერიდებათო…
წავიდა
დისტრიბუციის თანამშრომელი და ახალი საფიქრალი დაგვიტოვა _ რა უნდა
ყოფილიყო მესიჯი ისეთი მკითხველებისთვის, რომლებიც ფიქრობენ, რომ
თანამდებობის პირების ხელფასის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ჩვენი პირადი
ახირებაა? ან ისეთებისთვის, რომელთათვისაც სამსახურში „ბათუმელების“
კითხვა საშიშია?
„გააკეთე ინფორმირებული არჩევანი“ – არაააა.
ყველას გაეცინა. ჯერ ერთი საშინლად `გატყლარჭულია", თანაც არჩევნები
ადამიანებში უკვე სიყალბესთან ასოცირდება. არა, არა.
ყავისა და
სიგარეტის კუთხეში მე და ჟურნალისტი ნანა კვაჭაძე დავრჩით. „რა მოხდება,
ჩვენს მკითხველს უბრალოდ ვუთხრათ, რომ მათ აქვთ უფლება იცოდნენ ის, რაზეც
ჩვენ ვწერთ? რომ მათ აქვთ უფლება იცოდნენ არა მარტო ის, თუ რამდენი აქვს
ხელფასი ლევან ვარშალომიძეს, არამედ ისიც, თუ რაში ხარჯავს?", _ ვკითხე
ნანას, მგონი, ძალიან უბედური გამომეტყველებით.
ერთი წამით გაჩერდა.
„კიი, ძალიან მაგარია! მოიცა, იურისტების სლოგანს ხომ არ ჰგავს?“
„რატომ? რა შუაში არიან იურისტები? აქ ხომ ცოდნაზეა საუბარი, ინფორმაციის მიღების უფლებაზე, ჩვენს მთავარ ფუნქციაზე“.
`კი, კი, კიიი" _ უცებ უფრო მოეწონა.
მოკლედ, ასე. ყველას ჩამოვუარეთ. შიდა ტესტირებამ კარგად ჩაიარა.
ვარაუდებიც
გამოვთქვით, რომ ეს სლოგანი შეიძლება სულაც არაა ძალიან მომხიბვლელი,
ტკბილი, მშვენიერი, მარკეტინგულად მომგებიანი, მაგრამ არაუშავს. ჩვენ,
უბრალოდ, შეგახსენებთ მუდმივად, რომ ჩვენ ყველას მართლაც გვაქვს კანონიერი
უფლება ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება, რას არ აკეთებს, ვინ იცავს
კანონს, ვინ არ იცავს, ვინ არღვევს ადამიანების უფლებებს, ვინ გვიცავს,
როგორია გარემოს მდგომარეობა, რომელშიც ვცხოვრობთ, როგორია საკვების
ხარისხი, რომელსაც ვიღებთ და ასე უსასრულოდ ვინ, რა, როდის და რატომ.
ამიტომაც,
ყოველთვის, როცა შეგახსენებთ, რომ "თქვენ გაქვთ უფლება იცოდეთ",
შევახსენებთ ჩვენს თავსაც, რომ ვალდებულები ვართ მოგაწოდოთ ეს ინფორმაცია,
მოგიყვეთ ამბები, რომლის ცოდნის უფლებაც გაქვთ.