“ჩემთვის ეს შემთხვევა აჩვენებს, რომ ის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელსაც ეს რეზოლუცია ატარებს, სახელმწიფომ, როგორც ჩანს, სათანადოდ ჯერჯერობით ვერ გაიგო და ვერ აღიქვა, რაც ძალიან სამწუხაროა,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
“რუსთავი 2″–ის მხარდამჭერ აქციაზე დაკავებულ “თავისუფალი ზონის” 3 წევრს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დღეს, 5 ოქტომბერს შეუფარდა. დაკავებულებს ბრალად პარლამენტის შენობასთან პარლამენტის წევრ დავით ლორთქიფაიძისათვის ფიზიკური შეურაცხოფის მიყენება ედებათ.
ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას მომსამრთლე არ მსჯელობს, პირი ბრალეულია თუ უდანაშაულო. სასამართლო მსჯელობს იმაზე, თუ აღკვეთის ღონისძიების გამოყენება რამდენად აუციელბელელია იმისათვის, რომ პროცესს არ შეეშალოს ხელი და საქმე სასამართლოში წარიმართოს ხელშეშლის გარეშე.
საიას თავმჯდომარის განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში, აღკვეთის ღინისძიების სახით ყველაზე მძიმე ფორმა, პატიმრობა, უნდა იყოს გამოყენებული როგორც უკიდურესი ზომა და ისიც მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში. მისივე განცხადებით, ამას ამბობს საერთაშორისო სტანდარტიც.
“ძალიან მყარი არგუმენტებით უნდა დაგვაჯეროს მოსამართლემ, რომ მხოლოდ პატიმრობის გამოყენებით იყო შესაძლებელი ლეგიტიმური მიზნების მიღწევა,”– ამბობს ანა ნაცვლიშვილი.
გარდა ამისა, ნაცვლიშვლის თქმით, დაკავებული ადამიანები აქციაზე ძალიან მნიშვნელოვანი კონტექსტის გათვალისწინებით იყვნენ, გამოხატავდნენ პროტექტს სახელმწიფოსა და სახელმწიფოს წარმომადგენლების მიმართ.
“ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ასეთ შემთხვევაში სახელმწიფომ ძალიან სერიოზული ტესტი უნდას ჩააბაროს, როგორ ეპყრობა ის იმ ადამიანებს. არა იმ ადამიანებს, რომლებიც, მაგალითად, სახელმწიფოს პოზიციის გამტარებლები არიან პირდაპირ თუ ირიბად, არამედ იმ ადამიანებს როგორ ეპყრობა, რომლებიც სახელმწიფოს აკრიტიკებენ, სახელმწიფოს პოლიტიკას არ ეთანხმებიან,”– განაცხადა მან.
ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენელს ესხმიან თავს, მაგალითად, წიკლაურისა და თაქთაქიშვილის შემთხვევაში, შეიძლება დადასტურებულად ვთქვათ, რომ სახელმწიფო ხალისით არ იწყებს გამოძიებას და შედეგებიც ბევრ მსგავს საქმეში, ფაქტობრივად, არ არის.
“აქედან გამომდინარე, გასაგებია, რომ ერთგვაროვან მიდგომას სახელმწიფოს მხრიდან არ აქვს ნამდვილად ადგილი და გაცილებით უფრო მკაცრ შეფასებას აძლევს სახელმწიფო ამ ადამიანების ქმედებას,”– ამბობს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, როდესაც ბათუმში ჩატარდა აქცია მოსამართლის, გიორგი პაპუაშვილის სახლის წინ – პირდაპირ წერია კანონში, რომ მოსამართლის საცხოვრებელ სახლთან აქციის ჩატარება არ შეიძლება და წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას – ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დღემდე არავისთვის სახელმწიფოს პასუხი არ მოუთხოვია.
“ვხედავთ, რომ არ არის ერთგვაროვანი მიდგომა და შერჩევითად ხდება სახელმწიფოს მხრიდან გამოყენება სამართლებრივი მექანიზმებისა იმ ადამაინების მიმართ, რომლებიც მის მიმართ კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებენ. ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც შერჩევითად ხდება სახელმწიფო მანქანის ამუშავება ადამიანების მიმართ მათი პოლიტიკური კუთვნილების თუ მათი მოსაზრებების გამო,”– ამბობს ნაცვლიშვილი.
მისივე განცხადებით, სადავოა ისიც, თუ რამდენად სწორია, რომ აქციაზე დაკავებული 3 პირის შემთხვევა დაკვალიფიცირდა არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევით, არამედ სისხლის სამართლით.
“პროკურატურის მოქმედებები რომ შევაფასოთ, რომელიც სახელმწიფოს წარმოადგენს, ბუნებრივია, ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ სახელმწიფომ ამ რეზოლუციაში ჩაწერილი მესიჯი ვერ გაიგო. კომენტარებიც რომ გაკეთდა ამ რეზოლუციასთან დაკავშირებით, ძალიან დამაფიქრებელი იყო იმიტომ, რომ იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფოს წარმომადგენლები დაფიქრებულიყვნენ, სად ხდება არასწორი პოლიტიკის გატარება და რაიმე პრობლემა ხომ არ არის მათი ქვეყნის შიგნით ამ საკითხთან მიმართებაში, ადანაშაულებდნენ რეზოლუციის მხარდამჭერებს, რიგ შემთხვევაში ძალიან მიუღებელი ფორმებითაც,”– აცხადებს ნაცვლიშვილი.