გამოსვლის სრული ტექსტი “ნეტგაზეთს” პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა მიაწოდა:
“ბატონო პრეზიდენტო,
პატივცემულო დელეგატებო,
ბატონებო და ქალბატონებო,
ჩემთვის დიდი პატივია, რომ დღეს კიდევ ერთხელ გამოვდივარ გენერალური ასამბლეის წინაშე, მაშინ, როდესაც გაეროს დაარსების 70-ე წლისთავს აღვნიშნავთ.
დღეს ჩვენ გვეძლევა შესაძლებლობა, გავაანალიზოთ ჩვენი მიღწევები და შევაფასოთ ის გამოწვევები, რომლებიც უნდა დავძლიოთ მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველსაყოფად, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მთელ მსოფლიოში.
ძვირფასო მეგობრებო, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს დიდი გული და კიდევ უფრო დიდი ოცნებები.
საქართველო დამაჯერებლად მიიწევს წინ სწორი მიმართულებით. ჩვენი ხედვა ნათელია, ზუსტად ისევე, როგორც ჩვენი მომავალი.
აღსანიშნავია, რომ ამ კვირაში მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ახალი ამომწურავი ანგარიში მმართველობის შესახებ. სიამაყით ვაცხადებ, რომ საქართველო ლიდერობს რეიტინგში ექვსივე მაჩვენებელში მიღწეული ჯამური პროგრესის მიხედვით.
ამ რეიტინგის თანახმად, 2012 წლის შემდეგ საქართველოს პოზიციები გაუმჯობესდა:
- 13 პუნქტით რეგულაციების ხარისხის კატეგორიაში;
- 16 პუნქტით გამოხატვისა და ანგარიშვალდებულების კატეგორიაში;
- 19 პუნქტით კანონის უზენაესობის კატეგორიაში;
- 22 პუნქტით პოლიტიკური სტაბილურობისა და მმართველობის ეფექტიანობის კატეგორიაში;
- 23 პუნქტით კორუფციის კონტროლის კატეგორიაში.
ეს მნიშვნელოვანი წინსვლა ხაზს უსვამს ჩემი მთავრობის ურყევ ნებას კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების განმტკიცების, თანამედროვე ეკონომიკის მშენებლობისა და ჩვენი ქვეყნის დამაჯერებელი წინსვლის უზრუნველყოფის კუთხით.
შედარების გეტყვით, სულ რაღაც ოცი წლის წინ საქართველო იყო იზოლირებული ქვეყანა, სადაც მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და თანამედროვე სახელმწიფოს ორიოდე ინსტიტუტი თუ მუშაობდა.
დღეს ჩვენ ვქმნით ახალ თავს ჩვენი დიადი ერის ისტორიაში. დღეს საქართველო თანამედროვე და დინამიკური სახელმწიფოა.
მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს.
თავისუფლება, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა ჩვენი ხალხის გენშია ჩადებული.
ქართველი ხალხი კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და დემოკრატიული ღირებულებების ერთგულია.
ჩვენ მტკიცედ ვდგავართ რეფორმების გზაზე – ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე.
ჩვენ იმავე სულისკვეთებით მიგვყავს წინ ჩვენი ქვეყანა, რომელსაც ათასწლეულების განმავლობაში ატარებდნენ ჩვენი წინაპრები.
ჩემმა ქვეყანამ გაითავისა გაეროს ქარტიის პრინციპები, რომლებიც წარმართავენ ჩვენს დემოკრატიულ განვითარებას. ჩვენ სწრაფად გავისიგრძეგანეთ საერთაშორისო თანამშრომლობის სულისკვეთება და ვეზიარეთ მას.
ასე რომ, ყველა თავისუფლების მოყვარე ქართველის სახელით, მადლობას მოვახსენებ ჩემი ქვეყნის მხარდაჭერისთვის გაეროს და ყველა თავისუფალ ერს დედამიწაზე.
დღეს საქართველოს მტკიცე კავშირები აქვს მთელ მსოფლიოსთან და სახელმწიფოების ერთიან ოჯახთან. ჩვენ ძალ-ღონე არ დავიშურეთ დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, მდგრადი განვითარებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისათვის.
მაშინაც კი, როდესაც ჩვენ წინაშე დგას რეგიონში უშიშროებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საფრთხეები, ჩვენ ვისწრაფვით ჩამოყალიბებული დემოკრატიისა და ისეთი ეკონომიკისკენ, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაო ადგილებს ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი ევროატლანტიკური მიმართულების ტრაექტორია საქართველოს მტკიცე ევროპულ იდენტობასა და ღირებულებებს ასახავს. ევროინტეგრაცია ევროპის სახელმწიფოებსა და მათ მეზობლებს შორის თანამშრომლობის მძლავრი სტიმულია.
2014 წლის ივნისი ჩვენთვის გარდამტეხი ეტაპი იყო – მე ხელი მოვაწერე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას. საქართველო, როგორც ევროპის ნაწილი, შეუერთდება მშვიდობისა და სტაბილურობის იმ სივრცეს, რომელიც მხოლოდ სარგებელს მოუტანს ჩვენს მეზობლებს და განამტკიცებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას.
ბოლო წლებში ჩემმა მთავრობამ და ჩვენმა ქვეყანამ მიაღწიეს წინსვლას ყველა სტრატეგიულ სფეროში.
ჩვენ დავამყარეთ საზოგადოებასთან ურთიერთობის ისეთი ფორმა, როდესაც შრომა და მეწარმეობა დაფასებულია, ხოლო ღარიბი ფენები სოციალურად დაცული არიან.
მნიშვნელოვანი ეკონომიკური სირთულეების მიუხედავად, ჩვენ დავნერგეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა და გავაორმაგეთ სოციალური დახმარება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის ფარგლებში ჩვენ C ჰეპატიტთან ბრძოლის ახალი, ინოვაციური კამპანიის მეშვეობით გადავარჩენთ 200 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს.
ჩვენ ვადგავართ ქართული დემოკრატიის განმტკიცების გზას. ჩვენი ხალხი ითხოვს და იმსახურებს კიდეც ძლიერ დემოკრატიას და გულისხმიერ მთავრობას. ჩვენ შევქმენით მმართველობის ისეთი სისტემა, რომელიც უფრო ღია, გამჭვირვალე და ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულია, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა.
მაგრამ ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ. წინ კიდევ ბევრი მუშაობა გველის.
2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებს საერთაშორისო დამკვირვებელთა მხრიდან უაღრესად დადებითი შეფასება მოჰყვა. ეს არჩევნები შეფასდა როგორც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები.
გარდა ამისა, მე ვამაყობ, რომ შარშან ჩვენ მივიღეთ საქართველოს ისტორიაში პირველი სრულფასოვან გრძელვადიანი სტრატეგია ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით და ავამოქმედეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი. ჩემი მთავრობის ურყევი მიზანია ყველა ჩვენი მოქალაქის ადამიანის უფლებათა დაცვა.
თავისუფალი და ღია დემოკრატია განუყოფელია თავისუფალი და ღია ბაზრისგან. ეკონომიკური თავისუფლება დღესაც წარმოადგენს ჩვენი განვითარების გეგმის ქვაკუთხედს.
ჩვენი გეგმის მიზანია ეკონომიკური ზრდის მიღწევა, მმართველობის ინსტიტუტების განმტკიცება, მეტი სამუშაო ადგილის შექმნა და ქართველი ხალხისთვის მეტი შესაძლებლობის მიცემა. ამისათვის ჩვენ ვაქცევთ საქართველოს ისეთ ადგილად, სადაც ბიზნესის კეთება ხელსაყრელია და უცხოური ინვესტიციების განხორციელება მიმზიდველი.
2014 წლიდან დღემდე ჩვენ შევქმენით 90 000 ახალი სამუშაო ადგილი საქართველოს ეკონომიკის ყველა სექტორში, სოფლის მეურნეობის, წარმოების, ტურიზმისა და ენერგეტიკის ჩათვლით.
საქართველოში ბიზნესის წარმოება ადვილია. უცხოური და ადგილობრივი ბიზნესები თავისუფლად საქმიანობენ კონკურენტულ გარემოში, რომელშიც გარანტირებულია კერძო საკუთრების უფლების დაცვა.
მსოფლიო ბანკის რეიტინგის თანახმად, ბიზნესის წარმოების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მე-15 ადგილზეა მსოფლიოში. 2014 წელს საქართველოში შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ოდენობა გაიზარდა 87 პროცენტით, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ.
გარდა ამისა, საქართველო ჩამოყალიბდა როგორც წამყვანი ტურისტული ცენტრი და მიმზიდველი ადგილი საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩასატარებლად. მსოფლიოსთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს აქვს ყველაფერი: უმშვენიერესი პლაჟები და გამაოგნებელი სათხილამურო კურორტები, დახვეწილი კულინარიული ტრადიციები, განსაკუთრებული ღვინო, უნიკალური ისტორიული ძეგლები და მსოფლიოში განთქმული სტუმართმოყვარეობა.
აგვისტოში თბილისში გაიმართა ორი უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება: ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი და უეფას 2015 წლის სუპერთასის გათამაშება. სპორტული ღონისძიებები იძლევა თანამშრომლობის გზით კონფლიქტების დაძლევის უნიკალურ შესაძლებლობას.
რადგან სპორტი ვახსენე, მინდა საქართველოს რაგბის ეროვნულ გუნდს მივმართო და წარმატება ვუსურვო ხვალინდელ მატჩში ახალ ზელანდიასთან მსოფლიო თასის გათამაშების ფარგლებში. ჩვენი ქვეყანა ამაყობს თქვენით!
განათლება არის სახელმწიფოებრივი განვითარების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სფერო. პირადად მე კარგად ვიცი ხარისხიანი განათლებისა და უცხოეთში სწავლის ფასი. ვისურვებდი, რომ ქართველ ახალგაზრდებსაც ჰქონდეთ ამის შესაძლებლობა.
ამ მიზნით ჩვენ წამოვიწყეთ ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს მთავრობა აფინანსებს უცხოეთში ქართველი სტუდენტების განათლებას. სანაცვლოდ, ისინი ბრუნდებიან სამშობლოში და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას ახმარენ.
ბეჯით ქართველ ახალგაზრდებს, რომლებსაც არა აქვთ უცხოეთში გამგზავრების შესაძლებლობა, ჩვენ საქართველოში ვთავაზობთ მსოფლიო დონის განათლებას. სიამაყით ვაცხადებ, რომ ჩვენ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასთან თანამშრომლობით, წამოვიწყეთ ახალი პროგრამა. დღეს ქართველ სტუდენტებს ქვეყნიდან გაუსვლელად შეუძლიათ სან-დიეგოს უნივერსიტეტის ამერიკული სამეცნიერო ხარისხის მიღება ინჟინერიის დარგში.
მიუხედავად ამ მიღწევებისა, ჩვენ კვლავაც ვდგავართ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შიდა გამოწვევების წინაშე.
სამწუხაროდ, გაეროში ჩემი ბოლო გამოსვლის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ ხელი მოაწერა სოხუმსა და ცხინვალთან ეგრეთ წოდებულ „ინტეგრაციის შეთანხმებას“.
ასე რომ, რუსეთი განაგრძობს თავისი უკანონო კონტროლის განვრცობას საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე.
მე ვგმობ ამ მცოცავ ანექსიას და რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფას.
ამის ტრაგიკული შედეგი კი ისაა, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობას ართმევენ თავისუფალი ადამიანების კუთვნილ ფუნდამენტურ უფლებებს. დე-ფაქტო მთავრობებმა ახლახან მიიღეს დამატებითი ზომები, რომლებიც კიდევ უფრო ლახავს ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებას.
მიმოსვლის თავისუფლება და თავისუფალი სახელმწიფოს ძირითადი უფლებები ფეხქვეშ არის გათელილი, ასევე დამსხვრეულია იმედები და ოცნებები იმ ეთნიკური წმენდის ასობით ათასი მსხვერპლისა, რომელთა ერთადერთი სურვილი შინ დაბრუნებაა.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო გაეროს გენერალურ ასამბლეაზე ყოველწლიურად მიღებული რეზოლუციის მნიშვნელობა (აფხაზეთიდან [საქართველო] და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან [საქართველო] იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ).
ამ კონფლიქტით მიყენებული ტკივილი რეალურია, ხოლო შედეგები იძულებით გადაადგილებულთათვის – უმძიმესი. 2012 წლიდან ჩვენმა მთავრობამ საცხოვრებლით უზრუნველყო ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული 10 000-მდე ოჯახი.
რუსეთის მხრიდან მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, ჩემი მთავრობა აცნობიერებს, რომ აუცილებელია რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებლიანი და პრაგმატული ურთიერთობების ჩამოყალიბება. ამ მიზნით ჩვენ გადავდგით კონსტრუქციული და კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან სავაჭრო, სატრანსპორტო, ჰუმანიტარული და ტურიზმის მიმართულებებით, ყველგან და ყოველთვის, სადაც ეს შესაძლებელი იყო.
ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე. გამოვთქვამ იმედს, რომ რუსეთის ფედერაცია დაიწყებს თავისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებას, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების ჩათვლით, და იმოქმედებს ისე, როგორც შეეფერება საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრს.
ამავე დროს, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენი ურყევი ნებაა ეს კონფლიქტი გადაწყდეს მშვიდობიანი გზით და საერთაშორისო სამართლისა და გაეროს ქარტიის პრინციპების საფუძველზე.
ნება მომეცით, მივმართო აფხაზებსა და ოსებს:
ძმებო და დებო, ჩემი ღრმა რწმენით, არავის არ შესწევს ძალა გადაწეროს ისტორია და ამოშალოს ჩვენი საერთო წარსული. ყველა ცდა, რომელიც მიმართული იქნება ჩვენ შორის არსებული კავშირების უგულებელყოფისა და ჩვენი ერების დაშორებისაკენ, იქნება წარუმატებელი.
თქვენ ისარგებლებთ ყველა იმ სიკეთით, რომელსაც მოიტანს საქართველოს მზარდი ეკონომიკა და ევროკავშირთან ჩვენი ასოცირების ხელშეკრულება, გააქტიურებული ვაჭრობისა და ვიზების ლიბერალიზაციის ჩათვლით.
ისტორიული კანონზომიერება მოითხოვს მეტ თანამშრომლობას, მეტ ინტეგრაციასა და მეტ კეთილდღეობას. ჩვენი თანამშრომლობა წარმატებასა და სარგებელს მოგვიტანს. იმედის თვალით შევყურებ იმ დღეს, როდესაც თქვენ ჩვენი კეთილდღეობის თანაზიარი გახდებით.
ბატონებო და ქალბატონებო,
მიუხედავად ამ გამოწვევებისა, ჩემი ქვეყანა ცდილობს, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობის, უსაფრთხოების, მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფის საქმეში.
შარშან წილად მხვდა პატივი, გამეცხადებინა საქართველოს გეგმები აბრეშუმის გზის ფორუმის დაარსებასთან დაკავშირებით. დღეს მე ვამაყობ, რომ ეს იდეა განხორციელდა და სულ რამდენიმე კვირაში თბილისი უმასპინძლებს ამ ტიპის პირველ მაღალი დონის ფორუმს.
საქართველო განლაგებულია აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ უმნიშვნელოვანეს გზაჯვარედინზე – ეს აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და აზიის ინფრასტრუქტურული ინვესტიციების ბანკის პირველ შეხვედრაზე, რომლებსაც წელს საქართველომ უმასპინძლა.
აბრეშუმის გზის აღდგენა იძლევა აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვან შესაძლებლობას. ჩვენ ვაღრმავებთ ჩინეთთან ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს. მჯერა, რომ აბრეშუმის გზის რეგიონი მოგვიტანს ახალ შესაძლებლობებს. ეს რეგიონი ფარავს მსოფლიო მოსახლეობის ორ მესამედს და მთლიანი შიდა პროდუქტის 60 პროცენტს.
დარწმუნებული ვარ, რომ თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს თანამშრომლობისა და რეგიონალური ინტეგრაციის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.
ამ კონტექსტში მე მივესალმები ირანთან მიღწეულ შეთანხმებას (P5+1). საქართველო გამოთქვამს იმედს, რომ ეს პროცესი დადებითად წარიმართება და თავის წვლილს შეიტანს რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეკონომიკური განვითარების საქმეში.
საქართველომ არაერთხელ დაადასტურა, რომ მზად არის უსაფრთხო საერთაშორისო გარემოს უზრუნველსაყოფად გასცეს იმაზე მეტი, ვიდრე მოეთხოვება. აშშ-ის შემდეგ ჩემი ქვეყანა მებრძოლთა რაოდენობით სიდიდით მეორე ქვეყანაა, რომელსაც წვლილი შეაქვს ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიაში.
ჩვენი მებრძოლები მსოფლიოს საუკეთესოთა რიცხვში არიან. ისინი ჩემი ერის საამაყო შვილები არიან. მინდა ვისარგებლო ამ შესაძლებლობით და პატივი მივაგო მამაც ქართველ მებრძოლებს, -მათ, ვინც სამშობლოს სამსახურში დგას და მათ, ვინც თავი შესწირა მშვიდობასა და თავისუფლებას.
ჩემი ქვეყნის წვლილი ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში ამით არ მთავრდება – საქართველო ასევე უჭერს მხარს ევროკავშირის სამშვიდობო მისიებს და სიდიდით მეორე წვლილის შემტანი ქვეყანაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ხელმძღვანელობით მიმდინარე მისიაში.
საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ჩვენი მზარდი ურთიერთობები ნატოსთან. შარშან გამართული ნატოს სამიტის შემდეგ ალიანსი დათანხმდა საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის არსებითი პაკეტის მინიჭებას, რომლის მიზანიცაა საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და ჩვენი, როგორც ნატოს მოკავშირის, ინტეგრირების დონის ამაღლება.
სულ ახლახან ჩვენ გავხსენით ერთობლივი ტრენინგისა და შეფასების ცენტრი, სადაც ქართველი მებრძოლები ნატოს ტრენინგებს დაესწრებიან. გარდა ამისა, ჩვენ ვზრდით საქართველოსა და აშშ-ის და საქართველოსა და ნატოს საერთო წვრთნების რაოდენობას.
ბატონებო და ქალბატონებო,
70 წლის წინ მიღებული გაეროს ქარტიის მიზანია ქაოსის დასრულება და უკეთესი მსოფლიოს მშენებლობა.
დღეს მსოფლიოს წინაშე დგას უპრეცედენტო გამოწვევები, რომლებიც ითხოვს ურყევ პოლიტიკურ პოზიციას. საჭიროების შემთხვევაში ჩვენ უნდა განვახორციელოთ საერთაშორისო ინსტიტუტების რეფორმა, რათა მათ უპასუხონ თანამედროვე მოთხოვნებს. ამ კონტექსტში ჩვენ დადებითად ვაფასებთ მიმდინარე სახელმწიფოთაშორის მოლაპარაკებებს უშიშროების საბჭოს რეფორმასთან დაკავშირებით, რომელთა მიზანიცაა კრიზისულ სიტუაციებში გაეროს ეფექტიანობის გაზრდა, როგორც ეს მითითებულია კიდეც მის ქარტიაში.
რეფორმის პროცესს საფუძვლად უნდა დაედოს უშიშროების საბჭოში მცირე სახელმწიფოთა როლის გაზრდა, ვეტოს უფლების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილება და სამუშაო მეთოდების გაუმჯობესება.
იმედი მაქვს, გაეროს 70-ე წლისთავი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ მტკიცედ უნდა ვიდგეთ გაეროს ქარტიაში ასახული პრინციპების დასაცავად და მთელ მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.
დაბოლოს, ნება მომეცით დავასრულო იმით, რითაც დავიწყე.
ჩვენი ხედვა მკაფიოა და მომავალი ნათელი. ნება მომეცით, გაგიზიაროთ ჩემი ქართული ოცნება.
მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ყველა ყმაწვილსა და გოგონას ხელი მიუწვდება ხარისხიან განათლებაზე, რათა მათ ჰქონდეთ უფლისგან ბოძებული ნიჭის განვითარების შესაძლებლობა.
მე ვხედავ ქვეყანას, სადაც ადამიანებს არა აქვთ იმის შიში, რომ ხელი არ მიუწვდებათ ჯანდაცვაზე, არა აქვთ ხვალინდელი დღის შიში, რომ უსახსრობისა და შემოსავლების არქონის გამო დაუცველი იქნება მათი ოჯახები.
მე ვხედავ აყვავებულ საქართველოს, რომელიც იყენებს თავის მდებარეობას როგორც სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაჯვარედინი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს.
მე ვხედავ ძლიერ და ამაყ ქვეყანას, რომელიც ერთგულად ემსახურება მეზობლებს შორის მშვიდობის დამყარებისა და ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობის საქმეს.
მე ვხედავ ქვეყანას, რომელიც სამეზობლოში სიკეთესა და სტაბილურობას უჭერს მხარს და ასრულებს თავის ვალდებულებებს მსოფლიო საზოგადოების წინაშე.
მოდით, ერთად ვიაროთ ნათელი მომავლისკენ ახალი თაობების საკეთილდღეოდ!
გმადლობთ.