ამ საკითხზე ევროკომისიას უკვე პროგრესის სამი ანგარიში აქვს გამოქვეყნებული, მეოთხე ანგარიში დეკემბერში იქნება მზად. ამჟამად საქართველო ევროკავშირის ტექნიკური მოთხოვნების დაკმაყოფილების ეტაპზეა. თუმცა, თუ ევროკომისია დეკემბერში იტყვის, რომ ეს ნაწილი დასრულებულია, საჭირო იქნება ევროკავშირის ქვეყნების პოლიტიკური თანხმობა იმის შესახებ, რომ შენგენის ზონაში საქართველოს მოქალაქეებმა უვიზოდ შეძლონ მოგზაურობა. როგორ ხვდება საქართველო ევროკომისიის ექსპერტებს და რა გავლენა შეიძლება იქონიოს ევროკავშირის საემიგრაციო კრიზისმა ვიზის ლიბერალიზაციის პროცესზე? – “ბათუმელების შეკითხვებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე პასუხობს.
რას ახვედრებთ შემფასებელ მისიებს, არის თუ არა დაკმაყოფილებული მესამე პროგრეს ანგარიშით გათვალისწინებული ყველა კრიტერიუმი?
საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული არის ყველა მოთხოვნა, რომელიც ევროკომისიამ მესამე პროგრეს ანგარიშში ასახა. შესაბამისად სრულიად მომზადებულები ვხვდებით იმ შემფასებელ მისიებს, რომელიც ახლა ჩამოვლენ. ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ის ანგარიში, რომელიც ამა წლის 15 დეკემბერს გამოქვეყნდება, იქნება საბოლოო და საკითხი დადებითად გადაწყდება.
ოთხი შემფასებელი მისია ჩამოდის, ისინი შეამოწმებენ ოთხ მიმართულებას: მიგრაცია, პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა საკითხები, ტრეფიკინგი და კორუფცია.
თქვენ კი ამბობთ ყველაფერი შევასრულეთო, მაგრამ მესამე ანგარიშში ძალიან მკაფიოდ წერია, რომ საჭიროა იძულებით ნარკოტესტირების სამართლებრივი რეგულირების თემა… ამ საკითხზე პარლამენტში არის კანონპროექტი შესული, ოპოზიციამ შეიტანა ეს წინადადება, მაგრამ არ არის კანონდად ქცეული….
ამ საკითხს პარლამენტში გატანა არ დასჭირდა და მისი მოწესრიგება შიდა რეგულაციით მოხდა. შესაბამისად, განისაზღვრა კონკრეტული კრიტერიუმები, რაც აუცილებელი იქნება იმისთვის, რომ ადამიანის ნარკოტესტირება, შემოწმება მოხდეს. ამაზე ერთობლივად შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროებმა იმუშავეს. მოხერხდა კრიტერიუმების განსაზღვრა, თუ რა შემთხვევაში ექნებათ ძალოვან სტრუქტურებს ადამიანის ქუჩაში გადამწომების საშუალება. ამისთვის საჭიროა კონკრეტული პირობები.
რატომ ფიქრობთ, რომ ეს შიდა რეგულაცია საკმარისი იქნება ნარკოტესტირების კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად?
შესაბამისი უწყებები კონსულტაციებს მუდმივად გადიოდნენ ევროკომისიის წარმომადგენლებთან. სხვადასხვა საკითხების წარმოება შეიძლებოდა განსხვავებული მექანიზმით, მათ შორის იყო საკანონმდებლო ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ 15-მდე საკანონმდებლო აქტი იქნა მიღებული 8 მაისიდან [მესამე პროგრეს ანგარიშის გამოქვეყნებიდან] მოყოლებული… იყო რიგი საკითხები, რომელთა გადწყვეტა უფრო მარტივად შეიძლებოდა, რადგან არ საჭიროებდნენ საკანონმდებლო აქტს და ეს სწორედ ასეთი შემთხვევა იყო.
თქვენ ახსენეთ, რომ ერთ-ერთი მიმართულება, რომელსაც მისია შეაფასებს არის ტრეფიკინგი. ეს თემა პირდაპირ არ ეხება ევროკავშირს, მაგრამ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიხედვით, საქართველომ პირველ კალათაში გადანაცვლება ვერ მოახერხა და კვლავ მეორე კალათაში დარჩა. ეს ალბათ მოახდენს რაიმე სახის ნეგატიურ გავლენას ევროკომისიის დასკვნაზეც, საქართველოს რა არგუმენტი აქვს?
მინდა გითხრათ, რომ მეორე კალათაში ასევე არის ევროკავშირის 10 წევრი ქვეყანა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სურვილი იყო გადავსულიყავით პირველ კატეგორიაში, რაც არ მოხდა, მაინც გვაქვს პროგრესი ბევრი მიმართულებით და იმედია, ეს პროგრესი ადეკვატურად იქნება ასახული და დანახული იმ ექსპერტების მიერ, რომლებიც ჩამოვლენ.
როდესაც ამბობთ, ყველაფერი შევასრულეთო, პროგრესის მეორე ანგარიშში საუბარი იყო იმაზე, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის ფარგლებში ომბუდსმენის უფლებამოსილების ნაწილი, კერძო სექტორზეც გავრცელებულიყო, თუმცა ეს კონკრეტული კრიტერიუმი დღემდე არ არის დაკმაყოფილებული.
აღნიშული საკითხი გადაგზავნილია პარლამენტში და მას განიხილავენ სხვადასხვა კომიტეტები და მიმდინარეობს პროცესი. რაც შეეხება იმ სფეროს, სადაც ეს მოთხოვნა იყო დაფიქსირებული, ის უკვე დახურულია და იქ საქართველოს ჩათვლა მიღებული აქვს. შესაბამისად, ახლა ამ სფეროს გადამოწმება არ მოხდება. მიუხედავად ამისა, ეს პროცესი მიმდინარეობს, კანონპროექტი შესულია პარლამენტში და საკანონმდბელო ორგანო მას იხილავს.
რაც შეეხება მიგრაციის ცნობილ კრიზისს, რომლის წინაშეც ახლა ევროკავშირი დადგა. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ეს კრიზისი სხვა საკითხია, ხოლო საქართველო ევროკავშირის სავიზო მოლაპარაკება სხვა, მაინც ჩნდება კითხვა: ხომ არ მოახდენს ეს კრიზისი ნეგატიურ გავლენას საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების პროცესზე?
ეს რასაკვირველია არახელსაყრელ ფონს ქმნის ზოგადად, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმედი, რომ ვინაიდან თავიდან, როდესაც შემოთავაზბეული იყო სავიზო რეჟმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, იქ ძალიან კონკრეტულად იყო განსაზღვრული ამ თუ იმ კონკრეტული პირობის შესრულების შემთხვევაში რა ვალდებულებებს იღებდა ევროკავშირი. ჩვენ ამ ვალდებულებებს ვასრულებთ წარმატებით, ანუ საქართველო ტექნიკურ პროცესს ასრულებს წარმატებით… რასაკვირველია, თქვენც, ჩვენც და ზოგადად საზოგადოებაში არის განცდა, რომ იმ დიდმა პრობლემებმა, რომელიც ევროკავშირში ბოლო პერიოდში გამოიკვეთა, შეიძლება გავლენა იქონიოს საქართველოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაზე, მაგრამ ეს უკვე მეორე ეტაპია.
ამ პროცესის პირველი ეტაპი არის ტექნიკური პროცედურების დასრულება, ხოლო შემდეგ საჭიროა პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვება ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისგან. ამაზე ჩვენ ცალკე ვაპირებთ, რომ მუშაობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ახლა საუბარია ტექნიკური პროცესის წარმატებით დასრულებაზე.
მაგალითად რას აპირებთ პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვების კონტექსტში?
ვაპირებთ, მაღალი დონის ვიზიტებს როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ასევე იუსტიციის სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობით. ასევე, ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ უმაღლეს დონეზეც გაიმართოს ვიზიტები, პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის მონაწილეობით, რათა შემდეგ მოხდეს მიღწევების პრეზენტაცია.
ძირითადად რომელი ქვეყნებია, სადაც ასეთი ვიზიტები განსაკუთრებითაა საჭირო?
მე მათ დასახელებისაგან თავს შევიკავებ.
მაშინ მე ჩამოგითვლით, საფრანგეთი, ბელგია, ჰოლანდია?
არის ქვეყნები, სადაც გარკვეული სკეპტიციზმი არსებობს, მაგრამ მე დასახლება ნამდვილად არ მინდა, თუმცა მინდა ცალსახად გითხრათ, რომ ეს სკეპტიციზმი გადაულახავი არ არის. თუ მოხდება ჩვენი პროგრესის ადეკავტური შეფასება და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიერ [საკითხი] კიდევ უფრო გააქტიურება ევროკავშირის შიგნით, ვფიქრობ, რომ ეს პროცესი დადებითად დასრულედება.
თუ მოხდა ისე, რომ დეკემბერში გამოსაქვყენებელი ანგარიში არ აღმოჩნდა ბოლო და ტექნიკური ნაწილის დასრულება კიდევ უფრო გადაიწევს დროში. თუ გაქვთ, მოფიქრებული როგორ აუხსნით ამას მოსახლეობას იმიტომ, რომ ტელევიზიით გადიოდა რეკლამები სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე, საზოგადოებაში არის მოლოდინი… ცოტა რთული სიტუაცია ხომ არ შეიქმნება ასეთ შემთხვევაში?
გეთანხმებით, გამორიცხვით ჩვენ ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ ერთადერთი რისი გაკეთებაც შეგვიძლია, ეს არის მაქსიმალური ტრანსპარენტულობა, ანუ მაქსიმალურად ვაჩვენოთ მოსახლეობას: რა იყო მოთხოვნა, რა გაკეთდა და რის გამო იქნა მიღებული ესა თუ ის შედეგი და უკვე საზოგადოებამ გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა.