კომენტარი

არასამთავრობოების განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მუქარაზე

21 სექტემბერი, 2015 • • 1255
არასამთავრობოების განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების მიმართ მუქარაზე

“მიგვაჩნია რა, რომ ასეთი დამოკიდებულება შეიცავს მართლმსაჯულების განხორციელების ხელშეშლის მნიშვნელოვან საფრთხეს,  ერთი მხრივ, მოვუწოდებთ მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებს კონსტიტუციური ინსტიტუციების პატივისცემისაკენ, ხოლო მეორე მხრივ, სამართალდამცავ ორგანოებს, განახორციელონ მათზე დაკისრებული პოზიტიური ვალდებულება, უზრუნველყონ მოსამართლეთა საცხოვრებელთან პროტესტის გამომხატველი პირებისაგან “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვა და გამოიძიონ მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრთა მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტები, რის შესახებაც ინფორმაცია გაავრცელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ”, – ნათქვამია არასამთავრობოების განცხადებაში.


2015 წლის 16 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა გამოაცხადა გადაწყვეტილება საქმეზე “გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ”. საკონსტიტუციო სასამართლომ  სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 205-ე მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უშვებს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის პატიმრობას, თუ ამ საქმეზე ბრალის წაყენების ან ბრალის წაყენებისთვის საკმარისი საფუძვლის გამოვლენის შემდეგ მას პატიმრობაში ერთობლივად გატარებული აქვს 9 თვე მის მიმართ მიმდინარე ნებისმიერი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში. ხსენებული გადაწყვეტილების პრაქტიკულ-სამართლებრივი შედეგი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის მიერ ბრალდებული გიორგი უგულავასთვის შეფარდებული წინასწარი პატიმრობის უკანონოდ მიჩნევა და მისი გათავისუფლება.


“მიგვაჩნია, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ზემოხსენებული გადაწყვეტილება აბსოლუტურ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ასევე ადამიანის უფლებათა სფეროში არსებულ საერთაშორისო ნორმებთან და სტანდარტებთან. ადამიანის პირადი თავისუფლება მიიჩნევა დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ ღირებულებად. მისი აღკვეთა პირდაპირ გავლენას ახდენს საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებების შესახებ საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული მთელი რიგი უფლებებით სარგებლობაზე. ხსენებული ფაქტორი განაპირობებს იმ მკაცრ კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს ეროვნული კანონმდებლობა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანამდე ადამიანის თავისუფლების აღკვეთის საფუძვლების განმტკიცებისას. კერძოდ: 1) თავისუფლების აღვეთა უნდა მოხდეს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში; 2) თავისუფლების აღკვეთა უნდა იყოს ობიექტურად გამართლებული და 3) ამგვარი ღონიძიების გამოყენება უნდა გაგრძელდეს მხოლოდ იმ პერიოდით, რომელიც აბსოლუტურად აუცილებელია; აღნიშნულ მოთხოვნებს პირის წინასწარი პატიმრობის განუსაზღვრელი ვადით გახანგრძლივების შესაძლებლობა, ბუნებრივია, ვერ პასუხობდა.

 

შესაბამისად, სწორედ ადამიანის თავისუფლების დაცვის მაღალი საზოგადოებრივი და კონსტიტუციური ინტერესიდან გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობაც, რომლის მიხედვითაც მან დაუშვებლად ცნო “კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენება იმ მომენტიდან, როდესაც ამ საქმეზე ბრალის წაყენების შემდეგ მის მიერ წინასწარ პატიმრობაში გატარებული ვადა (ნებისმიერ სისხლის სამართლის საქმეზე) გაუტოლდება 9 თვეს.”


ხსენებულ გადაწყვეტილებას, მისი კონკრეტული შედეგის (გიორგი უგულავას გათავისუფლება წინასწარი პატიმრობიდან) გამო, კრიტიკული განცხადებები მოჰყვა  საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრების და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან,  მათ შორის, გაისმა ბრალდება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ შესაძლო თანამშრომლობის შესახებ.


მიგვაჩნია, რომ სასამართლოს კრიტიკა დემოკრატიული პროცესების აუცილებელი შემადგენელი ნაწილია, თუმცა სასამართლოს გარშემო ამჟამად შექმნილი ვითარება სცდება დასაშვები კრიტიკის ფარგლებს. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გააკეთ აგანცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა და მათი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, რასაც დაუყოვნებლივ უნდა მოყოლოდა სამართალდამცავი ორგანოების შესაბამისი რეაგირება”, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაში.


საპროტესტო აქციები იმართება საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა საცხოვრებელ სახლებთან, რასაც, არასამთავრობოების განცახდებით, უმეტეს შემთხვევაში, თან ახლავს “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა:


“აქციის მონაწილეები ემუქრებიან მოსამართლეებს, სხვადასხვა საგნებს ესვრიან შენობებს და ღებავენ ტროტუარებს.


სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, განსხვავებით სხვა შემთხვევებისგან, როდესაც აქციები მიმართულია აღმასრულებელი ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ და სადაც ხშირ შემთხვევებში პირიქით, ამეტებენ საკუთარ უფლებამოსილებას და არაკონსტიტუციურად ზღუდავენ მოქალაქეთა შეკრებებისა და მანიფესტაციების თავისუფლებას, შეგნებულად არ ახდენენ სათანადო რეაგირებას, რაც სამართლიანად აჩენს შერჩევითი მიდგომისა და პროცესის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან მართულობის ეჭვს”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები.


განცახდებას ხელს აწერს შემდეგი ორგანიზაციები: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა GDI, კავშირი “საფარი”, იდენტობა, მედიის განვითარების ფონდი MDF, საქართველოს რეფორმების ასოციაცია GRASS, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI

მასალების გადაბეჭდვის წესი