კომენტარი

რატომ არ მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას მერაბ ტურავამ – ინტერვიუ

16 სექტემბერი, 2015 • • 1543
რატომ არ მოაწერა ხელი გადაწყვეტილებას მერაბ ტურავამ – ინტერვიუ

თქვენთვის როდის გახდა ცნობილი იმის შესახებ, რომ 15 სექტემბერს უნდა განხილულიყო ეს საკითხი და გამოცხადებულიყო საბოლოო გადაწყვეტილება?

 

გადაწყვეტილების გამოცხადების შესახებ ჩემთვის ცნობილი გახდა გუშინ, 15 საათის შემდეგ. ანუ დაახლოებით 1 საათით ადრე, სანამ გადაწყვეტილების გამოცხადება იყო დაგეგმილი. მე გუშინწინ საკონსტიტუციო სასამართლოში ვიყავი და არც პრესრელიზი და არც ინფორმაცია გავრცელებულა. გუშინ, 15 სექტემბერს, 11 საათის შემდეგ გაუვრცელებია საკონსტიტუციო სასამართლოს პრესრელიზი, უთქვამთ მხარეებისთვის, ჟურნალისტებისთვის, მაგრამ ჩემთვის, როგორც გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლისათვის, ამის შესახებ ცნობილი გახდა გადაწყვეტილების გამოცხადებამდე 1 საათით ადრე, როდესაც მომხსენებელმა მოსამართლემ დამირეკა. [გადაწყვეტილების] სარეზულაციო ნაწილი მე გადმომეგზავნა დილის საათებში. ხოლო რაც შეეხება გადაწყვეტილების გამოცხადებას, რომელიც 17 საათზე ხდებოდა, ამის თაობაზე მე გვიან გავიგე. ამ დროს მაღალი წნევის გამო ლაბორატორიაში ვიყავი, შემდეგ- უკვე კლინიკაში გამოკვლევებზე. შესაბამისად, მე ვამბობ და ვითხოვ, რომ ჩემი, როგორც მოსამართლის უფლება არ უნდა დაირღვეს, და მე, როგორც მოსამართლეს უნდა მომეცეს მოკლე, მაგრამ გონივრული ვადა იმისთვის, რომ 50-გვერდიანი გადაწყვეტილება წავიკითხო და მას დავეთანხმო ხელმოწერით, ან თუ მექნება განსხვავებული აზრი, ის წერილობით დავაფიქსირო. ეს  ნებისმიერ ქვეყანაში ასეა. მე ვერ წარმომიდგენია და ვერ დავუშვებ იმას, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას იღებდეს მხოლოდ გვერდების გადახედვით. მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა წაიკითხოს, შეისწავლოს და ამის შემდეგ უნდა მოაწეროს ხელი. ჩემ მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ წაყენებული პრეტენზია იყო ის, რომ გადაწყვეტილებისთვის ხელი მომეწერა ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერ მდგომარეობაში, თუნდაც საავადმყოფოში. არავის უკითხავს, ეს გადაწყვეტილება თუ წავიკითხე, დავამუშავე. მე ჯერაც არ დავმჯდარვარ კომპიუტერთან , არ ჩამომიტვირთავს საბოლოო ვერსია და არ გამიკეთებია კომენტარი ჩემი პოზიციის შესახებ. ჩემი ავადმყოფობა საპატიო მიზეზია და ამის გამო მე შემეძლო გუშინ ხელი არ მომეწერა, მაგრამ გადაწყვეტილება რომ ყოფილიყო ტექნიკურად მზად, ხელმოწერის პრობლემა არ იქნებოდა. ხელის მოსაწერად რომ იყო მზად, გადაწყვეტილებაში უნდა დარწმუნდე. მე მინდა ჩემს ყველა კოლეგას მივმართო, ნუ მომიწოდებენ, რომ გადაწყვეტილებას ხელი მოვაწერო იმიტომ, რომ გვეჩქარება. სიჩქარე კარგია, არ უნდა დააგვიანო, მაგრამ ნაჩქარევად გადაწყვეტილება არ უნდა მიიღო.

 

უშუალოდ ამ საქმეზე მოსამართლეების კენჭისყრა უკვე ჩატარებული იყო თუ არა 15 სექტემბრამდე?

 

ამ თემაზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული იყო ამ თემაზე, არსებობდა უმრავლესობა და უმცირესობა. კენჭისყრა ჩატარდა მხოლოდ რაოდენობრივი და არა თვისობრივი. მე, მაგალითად, ასეთი პოზიცია დავაფიქსირე, რომ როდესაც გადაწყვტილებას წავიკითხავ, შეიძლება ის ისე კარგად იყოს დასაბუთებული… როგორ იყო იცით, კი ან არას პრინციპით იყო ის განხილული მანამდე.

 

საბოლოო კენჭისყრა უნდა გამართულიყო გუშინ, სანამ მოხდებოდა გადაწყვეტილების გამოცხადება. გუშინ, 14 საათზე მოსამართლეები შეიკრიბნენ, მაგრამ ეს შეკრება იყო არა ამ საქმისათვის, არამედ უზენაეს სასამართლოსთან წარდგინებასთან დაკავშირებით, რომელსაც მე არ ვესწრებოდი. საბოლოოდ ასე ხდება, როდესაც დაიწერება ძირითადი გადაწყვეტილება და განსხვავებული აზრები, ეს ორივე დოკუმენტი უნდა დალაგდეს მაგიდაზე და მოსამართლეებს უნდა ვკითხოთ, ვინ უჭერს მხარს მომხსენებელი მოსამართლის მიერ წარმოდგენილ პროექტს და ვინ არის ჩემი, როგორც განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი მოსამართლის მხარეს. ეს კენჭისყრა არ ჩატარებულა იმიტომ, რომ განსხვავებულ პოზიციაზე მყოფი მოსამართლის აზრები ჯერ არ დაწერილა. კენჭისყრა მხოლოდ იდეის დონეზე ჩატარდა იმის შესახებ, თუ როგორ დაიწეროს გადაწყვეტილება.

 

ამის ოქმი შედგა? დოკუმენტურად დადასტურებულია ამ კენჭისყრის შესახებ?

 

არ ვიცი, ეს დოკუმეტურად  არსებობს თუ არა, ეს იყო სამუშაო შეხვედრა.

 

კენჭისყრა [გადაწყვეტილების რეზოლუციის] პროექტზე არ გამართულა. არა კენჭისყრა, არამედ შეთანხმება გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ რა პოზიციაზე იქნებოდა, მაგრამ კენჭისყრა, რომ წარმოდგენილია პროექტი მომხსენებელი მოსამართლის მიერ და ასე შემდეგ… ანუ კენჭისყრა,  ვინ არის მომხრე და ვინ არა, არ მომხდარა, იყო მხოლოდ შეთანხმება იმაზე, ვინ რა  პოზიციას დაიკავებდა. გუშინ, როდესაც გადაწყვეტილების საბოლოო ვერსია დაიდო, ამის შემდეგ კენჭისყრაზე თუკი ვინმე გამოხატავდა საწინააღმდეგო პოზიციას, მას უნდა მისცემოდა დრო განსხვავებული აზრის ჩამოყალიბებისათვის, ამის შემდეგაც ხელახლა იმართება კენჭისყრა იმის გამოსარკვევად, ვინ დაეთანხმა განსხავვებულ პოზიციას და ვინ არა, თუ ასეთი პოზიცია საერთოდ იარსებებს.

 

ანუ კენჭისყრა, როგორც ასეთი, ვინ არის მომხრე და ვინ წინააღმდეგი, ჩემი თანდასწრებით არ მომხდარა. თუ გუშინ ჩემი არყოფნის პერიოდში ჩატარდა, არ ვიცი.

ის შეხვედრა, თქვენ რომელსაც ესწრებოდით, როდის იყო?

 

ჩვენ რამდენიმე შეხვედრა გვქონდა აგვისტოში… ორი თუ სამი შეხვედრა იყო.

გამოდის, რომ ორი კენჭისყრა ტარდება?

 

პირველი კენჭისყრა უნდა ჩატარდეს, როცა მომხსენებელი მოსმართლე წარმოადგენს გადაწყვეტილებას, ვინ არის მომხრე. თუ მხარს ყველა დაუჭერს, მაშინ გადაწყვეტილება მიღებულია… ანუ ჯერ მომხსენებელმა გადაწყვეტილება უნდა წარმოადგინოს, მერე ის უნდა გადაეცეს მოსამართლეებს, მერე ისინი უნდა შეიკრიბონ და თუ ყველა ერთ პოზიციაზე დარჩება, მაშინ ეს გადაწყვეტილება მიღებულია და ხელი იქვე უნდა მოაწერონ მოსამართლეებმა, შემდეგ უნდა დანიშნონ მისი [საჯაროდ] გამოცხადების საკითხი.

 

სადმე გინახავთ, რომ დოკუმენტზე ხელი არ იყოს მოწერილი და ისე აცხადებდნენ, დოკუმენტი არსებობობსო, ხომ არ არსებობს ასეთი დოკუმენტი?

 

შეიძლება ადრე ასეთი პრაქტიკა არსებობდა და მე არ ვიცი ამის შესახებ, მაგრამ როგორ შეიძლება გუშინ, 11 საათზე დააანონსო, რომ 17:00 საათზე არის გამოცხადება და დოკუმენტი ხელმოწერილი არ გქონდეს.

თქვენ რომ ამბობთ, ჯერ გადაწყვეტილება უნდა წარმოადგინოს მომხსენებელმა და შემდეგ ხდება კენჭისყრა, თუ არსებობს მოსამართლეების შეთანხმებული პოზიციაო. თუ მოსამართლეების შეჯერებული გადაწყვეტილება არ არსებობს, დამოუკიდებლად ერთმა მომხსენებელმა მოსამართლემ გადაწყვეტილება როგორ უნდა წარმოადგინოს?

 

არა, იდეაზე თანხმდებიან, მაგრამ ეს იდეა ხომ შეიძლება ისე ცუდად ჩამოაყალიბოს მომხსენებელმა მოსამართლემ, რომ მას არც ერთი მოსამართლე არ დაეთანხმოს.

ანუ იდეის დონეზე შეთანხმებულები ბრძანდებოდით?

 

უფლება არ მაქვს გითხრათ, ეს იდეა [მხარდაჭერილი] იყო ერთხმად თუ განსხვავებული პოზიციებით, მაგრამ იდეა, რა თქმა უნდა, არსებობდა… იდეა იმისა, ვინ რა მიმართულებით მიდიოდა. თუმცა ეს იდეებიც, რა თქმა უნდა, იცვლება ხოლმე. შეიძლება თავდაპირველი იდეა ბოლოში სულ თავდაყირა იქნას დაყენებული, ისე აისახოს გადაწყვეტილებაში.

თუ თქვენთვის ცნობილია ის იდეა, რაზეც მოსამართლეთა უმრავლესობა შეთანხმდა და რაც სავარაუდოდ სარეზოლუციო გადაწყვეტილებაშიც აისახებოდა, ამის  გასაცნობად რაში გჭირდებათ ერთი კვირა? მე წავიკითხე თქვენი დღევანდელი განცხადება, რომ დაახლოებით ერთი კვირა გესაჭიროებათ…

 

მე უნდა წავიკითხო [დოკუმენტი] და თუ ყველა პუნქტს ვეთანხმები, მარტივად მოვაწერ ხელს, მაგრამ თუ არ ეთანხმები, შენ საწინააღმდეგო არგუმენტები უნდა მოამზადო. თუ  გადაწყვეტილებაში ერთი არგუმენტია მოყვანილი, შენ მეორე უნდა მოიყვანო

 

და ამისთვის ერთი კვირა გჭირდებათ?

 

ერთი კვირა კი არა, სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეები თვეების განმავლობაში წერენ გადაწყვეტილებას. ჩვენ ხომ საერთო სასამართლო არ ვართ, ეს ამ სასამართლოს პრაქტიკაშიც ასეა. ერთი კვირა არავინ წერს გადაწყვეტილებას, თვეების განმავლობაში იწერება გადაწყვეტილებები.

 

მაგრამ თუ პოზიციის დონეზე უკვე იცოდით მოსამართლეების არგუმენტები, კონტრარგუმენტების შემუშავება, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ალბათ მანამდეც შეგეძლოთ, რომ ჩამოგეყალიბებინათ და დღეიდან არ დაგეწყოთ ათვლა…

მე არ ვამბობ, რომ კონტრარგუმენტები მაქვს-მეთქი, ამის თქმის უფლება არ მაქვს. ჯერ გადაწყვეტილება უნდა წავიკითხო, შეიძლება  ერთ დღეშიც მოვრჩე ისე რიხინ-რიხინით ჩავიარო ბოლომდე, მაგრამ მე არ ვიცი და ვერც ვერავის ვეტყვი ახლა, კომპიუტერთან რომ დავჯდები, [გადაწყვეტილების ტექსტში] ყველაფერს პლუსს დავუსვამ თუ პლიუს-მინუსები მექნება. მე მჭირდება დრო გააზრებისთვის, შეიძლება ეს ჩემს ახირებად ჩათვალოთ, მაგრამ მთელ მსოფლიოში ყველა მოსამართლე ასე იქცევა, რაც გინდათ ის დაარქვით… ასე სასამართლო გადაწყვეტილება არ იწერება, ეს არ არის ის, რომ თონეში პური ჩაკიდო და 20 წუთში პური გამოცხვეს. ეს გადაწყვეტილება როგორც ღუმელში ფოლადი, ისე უნდა იწრთობოდეს. მით უმეტეს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაა. თონეში პური ადვილად ცხვება, მაგრამ ფოლადის გამოწრთობა უფრო ძნელი საქმეა.

 

სტრასბურგის რომელიმე მოსამართლეს მაგიდაზე რომ დაუდო გადაწყვეტილება და უთხრა 2-3 საათში დამიფიქსირე პოზიციაო, ასე არ ხდება, იქაც ჯდებიან და  მუშაობენ ამ გადაწყვეტილებაზე. მე არაფერს ისეთს არ ვითხოვ, რასაც თქვენ არ მოითხოვდით, მოსამართლე რომ იყოთ.

 

დღეს გაავრცელა საკონსტიტუციო სასამართლომ განცხადება, სადაც ამბობს, რომ ეთიკის და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა თქვენი საკითხი…

 

ეს არის სრულიად აბსურდული და წარმოუდგენელი გადაწყვეტილება. ეთიკის კომისიას შეიძლება გადაეცეს ის, მე თუ სადმე დისკრიმინაციულ ქმედებებში ან ლოთობაში შემამჩნევენ, რომელიც ხელს მიშლის მუშაობაში. რას ნიშნავს, მოსამართლემ ხელი არ მოაწერა და ეს იყოს ეთიკის კომისიის განსასჯელი?! ასეთი აბსურდი ბუნებაში საერთოდ არ არსებობს.

 

ის, რაზეც თქვენ საუბრობთ, რომ დაგვიანებით შეგატყობინეს ინფორმაცია, დაგვიანებით გადმოგიგზავნეს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, გაძლევთ იმის საფუძველს და არის ეს საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ სასამართლოში არ მიბრძანდეთ?

 

მე სასამართლოში არ მივედი იმიტომ, რომ დილიდან გამოკვლევებზე ვიყავი, შემდეგ უკვე კლინიკაში.. როცა მოსამართლემ დამირეკა და მითხრა, გინდა თუ არა ხელი მოაწერეო, 210 მქონდა წნევა…

 

ჯანმრთელობის მდგომარეეობა ფიზიკურად არმისვლის მიზეზია, მაგრამ რომც მივსულიყავი, სასამართლოშიც იგივეს გავაკეთებდი. მე იმას კი არ ვამბობ, რომ ჯანმრთელობამ შემიშალა ხელი ხელმოწერაში.

 

კანონში როგორც წერია, მოსამართლემ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მოაწეროს ხელი გადაწყვეტილებას, მიუხედავად იმისა, ეთანხმება თუ არა მას.

 

რა თქმა უნდა, ხელი უნდა მოაწეროს.

 

მაშინ რატომ არ მოაწერეთ ხელი?

 

მე რომ მოგიტანოთ 50-გვერდიანი დოკუმენტი და გითხრათ, ხელი მოაწერე-მეთქი… ის ხომ უნდა წაიკითხო, გაიაზრო…

 

დიახ, მაგრამ არის წესი, თქვენ ხომ იცოდით, რომ ხელმოწერაზე ასეთი წესი იყო?

 

წესი ის კი არ არის, რომ მოსამართლემ ნებისმიერ ქაღალდსა და მაკულატურაზე მოაწეროს ხელი… კი, გადაწყვეტილებაზე უნდა მოაწეროს ხელი, მაგრამ გააზრებული ხომ უნდა ჰქონდეს, შიგნით რა წერია. ის საზოგადოებაში მისი სახელით ვრცელდება.

 

მე თუ განსხვავებულ აზრზე ვრჩები, მაინც უნდა მოაწერო ხელი. როცა ვიცი შიგნით რა წერია, არ მაქვს უფლება არ დავეთანხმო, მაგრამ მაქვს უფლება განსხვავებული აზრი დავწერო იქიდან გამომდინარე.

 

კანონი ხომ განუსაზღვრელ დროს არ გაძლევთ მის წასაკითხად?

მე კანონი ახლა ასეთ დროს მაძლევს: თუ ოთხი თვე არასაპატიო მიზეზით ჩემს მოვალეობას არ შევასრულებ, ეს ჩემი დასჯის მიზეზია… ასეთი მაღალი ნდობა აქვს მოსამართლეს გამოცხადებული. ასე წერია კანონში, მე შიმიძლია ისეთი ცუდი ვიყო, რომ ოთხი თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით… მოვალეობის შეუსრულებლობა  კი ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილებას ხელს არ აწერ.

 

იმედია, ამას არ აპირებთ, რადგან თქვენ მაღალანაზრაურებადი მოსამართლე ბრძანდებით..

 

არა, როგორ გეკადრებათ. მე თვითონ მოსამართლეებს ვთხოვდი, რომ საბოლოო ვერსია სწრაფად მომეცით-მეთქი. ოღონდ აგვისტოშივე გავაფრთხილე, როცა გადმომცემთ. რამდენიმე დღე მჭირდება იმისათვის, რომ თუ განსხვავებული აზრი მექნება. დავურთო, თუ არ მექნება. ხელი პირადაპირ მოვაწერო-მეთქი. მე უნდა გავიაზრო ეს ყველაფერი.

 

რა პერიოდი გჭირდებათ დაალხოებით?

 

მე მინდა, რომ 3-4 დღეში გადაწყვეტილება დაწერილი მქონდეს და ჩემს კოლეგებს გადავცე. წესი და რიგი ასეთია. ერთ მოსამართლეს ვეტოს უფლება აქვს. გადაწყვეტილება მიიღება უმრავლესობით, მაგრამ უმცირესობას შეუძლია ვეტო დაადოს, სანამ თავის განსხვავებულ აზრს წარმოადგენს. ჩემი ან ნებისმიერი სხვა მოსამართლის გარეშე გადაწყვეტილება რომ ძალაში შედიოდეს, მაშინ განსხვავებულ შეხედულებას აზრი არ ექნებოდა. ეს ძალიან კარგად გააზრებული მომენტია. 9 მოსამართლიდან რვამ რომ მოაწერა ხელი, მე-9 ხელს არ მოგიწერს, სანამ მის განსხვავებულ აზრს არ წარმოგიდგენს. როცა განსხვავებულ აზრს წარმოგიდგენს და მოსამართლეებს დაურიგებს, შეიძლება თავის მხარეს გადმოიყვანოს ის მოსამართლეები, რომლებიც ბოლომდე არ იყვნენ ჩამოყალიბებულები. ეს არის ამის დამცავი მექანიზმი.

აქ საკითხი დგას ასე, მოსარჩელე მხარეს ძალიან ეჩქარება ამ საკითხის გადაწყვეტა და ალბათ იცით ამის მიზეზიც, საერთო სასამართლომ უნდა გამოიტანოს გადაწყვეტილება გიგი უგულავას საქმეზე. თქვენ აპირებთ თუ არა, რომ ეს გარემოება გაითვალისწინოთ?

 

ეს გარემოება არც ერთმა მოსამართლემ არ უნდა გაითვალისიწნოს. ჩვენ არ ვართ მიბმული საერთო სასამართლოების გადწყვეტილებაზე. ჩვენ ნორმის კონსტიტუციურობა/არაკონსტიტუციურობაზე ვმსჯელობთ, ჩვენ არ გვაქვს უფლება სასამართლოს გადაწყვეტილების კონსტიტუციურობა შევამოწმოთ. შეიძლება  ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადამიანის უფლება დარღვეულია, მაგრამ ამაზე ჩვენ ვერ ვმსჯელობთ, ჩვენ გვაინტერესებს ნორმა როგორია.

 

თუ ეს ვიღაცისთვის სასარგებლო იქნება, დაემთხვევა და კეთილ საქმეს წაადგება, მაგრამ არის ასეთი პრინციპი: არც დააგვიანო, მაგრამ არც ძალიან იჩქარო გადაწყვეტილების  მიღება.

 

ამ გარემოებას რომ დავანებოთ თავი, როდესაც დაგვიანებაზე გესაუბრებით, ვამბობ ასეთ რამეს, თქვენ დამიდასტურეთ, რომ ამ ასაკითხზე მსჯელობა უკვე იყო სასამართლოში. თქვენ იცოდით, ვის რა პოზიცია ჰქონდა. იყოფოდა თუ არა ხმები და, შესაბამისად, აქამდეც გქონდათ დრო, რომ თქვენი პოზიცია ჩამოგეყალიბებეინათ.

 

მერე მაქვს ჩამოყალიბეებული, რა თქმა უნდა.

 

და თუ გაქვთ ჩამოყალიბებული, რაში გჭირდებათ ერთი კვირა, ისევ აქამდე მივდივართ…

 

თუ აღმოჩნდება ისე, რომ განსხვავებულ აზრზე ვიქნები, მე პუნქტობრივად რაღაცას უნდა დავეთანხმო და რაღაც უარვყო. მე ხომ ხელთ არ მქონდა გადაწყვეტილება. არ ვიცოდი ზუსტი მოტივაცია, ზუსტად როგორი სიტყვებით იყო [ტექსტი ჩამოყალიბებული] და რა არგუმენტებით.

 

დაუშვათ, იცნობ რომელიღაც მწერლის  ნაწარმოებს, შეგიძლია შენი აზრი გქონდეს მის შესახებ, მაგრამ სანამ იმ ნაწარმოებს კარგად არ წაიკიხთხავ და მარკერით არ გახაზავ  გაკრვეულ პასაჟებს, დაეთანხმები ან უარყოფ, შენს კრიტიკულ ნაშრომს მასზე ვერ დაწერ ვერც როგორც ჟურნალისტი და ვერც როგორ ლიტერატორი.

 

ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ არა ერთ ჟურნალისტზე, არამედ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე რომლის მიმართაც სხვა მოლდოინები არსებობს პროფესიონალიზმთან დაკავშირებით.

 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიმართ არსებობს მოლოდინი, რომ მან ხარისხიანი გადაწყვეტილება მიიღოს და არა ის, რომ ჩქარა გადაწყვიტოს. ჩქარი გადაწყვეტილების მიღების სტანდარტი საკონსტიტუციო სასამართლოს არ აქვს, ჩვენ 2003 წელს მიღებული სარჩელებიც გვაქვს.

 

ეს საქმე ჩქარა უნდა განვიხილოთ, მე გეთანხმებით, არ არის ჩემთვის პრობლემა, მაგრამ არა ისე ჩქარა, რომ მკითხველს გაუჭირდეს ჩემი აზრის გაგება.

 

იყო თუ არა რაიმე ზეწოლა თქვენი მისამართით დროის გაჭიანურების კუთხით იმავე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების ან სხვა რომელიმე ადამიანის მხრიდან?

 

მე შემიძლია მარტივად ვთქვა, რომ არა. თუ რაიმე ეჭვი არსებობს ჩემ მიმართ, მაშინ იგივე ეჭვი მე შეიძლება გამოვთქვა მეორე მხარის მიმართაც, ხომ არ არსებობდა რაიმე შეთანხმება რაღაც საკითხთან დაკავშირებით.  ეჭვი ყოველთვის შეიძლება არსებობდეს როგორც ჩემ მიმართ, ისე სხვების მიმართაც.

 

თქვენ გაქვთ ეს ეჭვი, რაც ახლა ახსენეთ იმაზე, თუ ჰიპოთეტურად საუბრობდით?

 

ჰიპოტეთურად ვამბობ, ცხადია. თქვენ თუ ჰიპოთეტურად მეკითხებით, კი ბატონო, მე ვარ ერთი პიროვნება, რომელსაც  რაღაც აზრი მაქვს, ჯერ არ ვაფიქსირებ ჩემს პოზიციას იმიტომ, რომ არ ვიცი, შეიძლება ამ გადაწყვეტილებასაც ემთხვევა, მაგრამ იგივე წარმატებითი შეიძლება ბევრის მიმართ [არსებობდეს ეჭვი]. მთავარია, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ. არავინ არ უნდა მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ იქნება  საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი. ჩემთვის არგუმენტი არის ის, თუ რას ამბობს საქართველოს კონსტიტუცია და როგორი მდგომარეობაა მოწინავე დემოკრატიულ სამართლებრივ ქვეყნებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი