კომენტარი

“როცა საზოგადოება თანაუგრძნობს მოძალადეს, კანონი უძლური ხდება”

6 აგვისტო, 2015 • • 6013
“როცა საზოგადოება თანაუგრძნობს მოძალადეს, კანონი უძლური ხდება”

სიუჟეტში არ იყო განხილული საკითხი, რომ ქალზე ძალადობა საქართველოში ფსევდოტრადიციების სახელით ხდება. როდის იცავს და რა შემთხვევაში ხდება უძლური კანონი ტრადიციის წინაშე? ამ თემაზე “ბათუმელებთან” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი გოცირიძემ ისაუბრა.

 

ბატონო გიორგი, ქალიშვილობის ინსტიტუტთან დაკავშირებული რეპორტაჟი, რომელიც ტელეკომპანია “იმედმა” მოამზადა, მედიაექსპერტების შეფასებით, ადამიანის უფლებების სტანდარტის დარღვევით გაშუქდა. მოხდა მსხვერპლის იდენტიფიცირება და შესაძლოა სიუჟეტმა ხელი შეუწყოს მავნე ტრადიციის გამყარებას, რადგან მედიამ არ შესთავაზა საზოგადოებას ამ ფაქტის შეფასება. გადაცემის ავტორები ამბობენ, რომ სწორედ ამ ფორმით უნდა მოხდეს რეალობის მიწოდება. რამდენად გამართლებულია ეს?

 

ის, რომ ეს სიუჟეტი ეთერში გავიდა და გახდა მსჯელობის საგანი, კარგია, რადგან სოციალურ ქსელში მე ვნახე ძალიან ბევრი პოსტი, რომელიც გამოხატავდა თანაგრძნობას ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ და აკრიტიკებდა მოძალადის და მისი ოჯახის საქციელს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ არ ვიცით, იყო თუ არა გოგონას თანხმობა ამ სიუჟეტის გასვლაზე, ამიტომ ძნელია იმაზე საუბარი, დაირღვა თუ არა მედიის სტანდარტი. თუმცა შეიძლება ყველაფერი უფრო კარგადაც გაკეთდეს. თუკი დადგინდება, რომ მსხვერპლის თანხმობა არ არსებობდა, მას შეუძლია იბრძოლოს საკუთარი უფლებების დასაცავად.

 

ადამიანის პირადი ცხოვრება კანონით დაცულია, თუმცა ამ უფლებას ხშირად არღვევენ არა მხოლოდ ცალკეული პირები, არამედ ადამიანთა ჯგუფი: სოფელი, სანათესაო… მაგალითად, კახეთში, ხანუმ ჯეირანოვას შემთხვევაში (30 წლის ხანუმ ჯეირანოვა მთელი სოფლის დასანახად ქმრის ნათესავებმა სასტიკად სცემეს ქმრის ღალატის ბრალდებით, რის შემდეგაც ხანუმ ჯეირანოვამ თავი ჩამოიხრჩო), პოლიციამ ვერ გამოკვეთა კონკრეტული დამნაშავე, რადგან ადამიანის პირადი ცხოვრების ხელყოფა მოხდა ადამიანთა ჯგუფის მიერ. ასეთ დროს როგორ უნდა დაიცვას მსხვერპლმა თავი და როგორ უნდა აგონ პასუხი იმ პირებმა, ვინც დანაშაული ჩაიდინა?

 

ჩვენ გვაქვს კანონმდებლობა, რომელიც მაღალ ლიბერალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, მაგრამ ერთია კანონი და მეორე – რეალური ცხოვრება. ამ შემთხვევაში პრობლემა არ უკავშირდება მხოლოდ ეთნიკურ ან რელიგიურ უმცირესობას და უფრო დიდ მასშტაბებს მოიცავს. მენტალურ პრობლემებს უფრო მეტად სოფლის ტიპის დასახლებებში ვაწყდებით, რომელიც ბევრად უფრო კოლექტიურია და ნაკლებად მოდის შესაბამისობაში ინდივიდუალურ ფასეულობებთან, ადამიანის ინდივიდუალური თავისუფლების კონცეფციასთან. ეს არის ძირითადად საზოგადოება, სადაც შეიძლება პიროვნებას არ ჰქონდეს საკუთარ თავთან დარჩენის შესაძლებლობა. ეს არის საზოგადოება, სადაც სხვისი სახლი და სხვისი საწოლის საფენი არ არის მხოლოდ კონკრეტული პირების, თუნდაც მეუღლეების საქმე.

 

კანონი იწერება ყველა მოქალაქისთვის, მათ შორის პატრიარქალური აზროვნების საზოგადოებისთვისაც, რატომ არის ის ხშირ შემთხვევაში არაქმედითი?

 

იმ შემთხვევაში, როცა სოფელი, თემი თანაუგრძნობს მოძალადეს, კანონი უძლური ხდება. ხანუმ ჯეირანოვას შემთხვევაშიც ამიტომ ვერ აღსრულდა კანონი. ამისთვის საჭიროა მტკიცებულებები და მოწმეები, რომლებიც სასამართლოში გამოცხადდებიან.

 

ფაქტია, რომ დანაშაული მოხდა ადამიანთა ჯგუფის მხრიდან და სიუჟეტებშიც ვხედავთ, რომ მოწმეები არსებობდნენ. კანონმა, სახელმწიფომ ვერ დაიცვა ვერც ხანუმ ჯეირანოვა და უფრო მეტიც, დამნაშავედ აქცია მისი მეუღლეც, რომელმაც საკუთარი ძალებით სცადა სამართლიანობის აღდგენა. რატომ მოხდა ასე?

 

პრობლემაა ის, რომ სოციუმის მხრიდან არ არსებობს კანონის მხარდაჭერა. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ძალადობის განმახორციელებელი ყველა პირი მისცეს პასუხისგებაში. სამეგრელოს შემთხვევაში, როცა 19 წლის გოგონაზე მოხდა ძალადობა [ტელეკომპანია “იმედის” 26 ივლისს გასული სიუჟეტი] თითქოსდა ტრადიციების დაცვის მიზეზით, მოძალადის პასუხისგებაში მიცემა კარგი პრეცედენტია. მენტალური პრობლემაა ის, რომ ეს ქალი არ სარგებლობს თანასოფლებების მხრიდან მხარდაჭერით, განკითხვის საგნად არის ქცეული და სოფელი მოძალადეს თანაუგრძნობს.

გიორგი გოცირიძე
გიორგი გოცირიძე

ორდერი თემის მხრიდან ძალადობას შეაკავებს?

 

ეს ძალიან რთულია და შეიძლება დიდ რესურსებთან იყოს დაკავშირებული, მაგრამ აუცილებელია, რომ ასეთ დროს თავშესაფარში იყოს ადამიანი მოთავსებული, სანამ მისი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია არ მოხდება. მსხვერპლი უნდა გავარიდოთ ძალადობრივ სოციუმს, რომელიც მის მიმართ არ არის ტოლერანტულად განწყობილი.

 

საქართველოში ადამიანის სიცოცხლეზე, მის ჯანმრთელობაზე წინ დღემდე დგას ფსევდოტრადიციები. როგორ უნდა მოერიოს ამ პრობლემას სახელმწიფო?

 

ბუნებრივია ეს არის მავნე ტრადიციები, რაც კლავს ადამიანის თავისუფლებას და მსგავს ტრადიციებთან საბრძოლველად ყველაზე კარგი საშუალება არის განათლება. ამავდროულად, ადამიანის ეკონომიკური კეთილდღეობა, რადგან როცა ადამიანი მატერიალურად დამოკიდებულია მის მჩაგვრელ სოციუმზე, მას გაუჭირდება მისგან თავის დაღწევა.

 

აღნიშნეთ, რომ ცვლილებები დამოკიდებულია განათლებაზე, თუმცა ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯები არ გვაქვს და არსებითი არაფერი იცვლება საგანმანათლებლო სისტემაში…

 

მესიჯი, რომ ქალის მიმართ ძალადობა არ უნდა ხორციელდებოდეს, უნდა მიიტანოს სახელმწიფომ საზოგადოებამდე და ასევე, ისეთმა ავტორიტეტულმა ინსტიტუტმა, როგორიცაა ეკლესია. მან უნდა დაგმოს ძალადობა და საზოგადოებას უნდა უთხრას, რომ ქალზე ძალადობა არის გაუმართლებელი. მარტო არასამთავრობო ორგანიზაციების აქტივობით შედეგი არ დადგება. საჭიროა ყველა ინსტიტუტის, მათ შორის მედიის აქტიურობაც.

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ადგილი აქვს ტრეფიკინგის ფაქტებს არალეგალურ სექსინდუსტრიასა და შრომით ბაზარზე. ეს საკმაოდ მძიმე შეფასებაა. ამ ყველაფერს ემატება ტრადიციების დაცვის სახელით ჩადენილი დანაშაულებები. რამდენად ცუდად შეიძლება აისახოს ეს ყველაფერი ქვეყანაზე, რომელიც ევროპასთან ასოცირების პროცესში იმყოფება და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ პრობლემების უფრო მოკლე დროში დაძლევისთვის?

 

ამ შემთხვევაშიც ისევ და ისევ სახელმწიფომ, ერთი მხრივ, უნდა აღკვეთოს უკონტროლო სექსინდუსტრია ტურისტულ ზონებში და მეორე მხრივ – აქტიურად ჩაერიოს შრომითი უფლებების დარეგულირებაში, რომელიც ამ შემთხვევაში არის სახელმწიფოს მხრიდან საკუთარი მოვალეობების შეუსრულებლობა. ამიტომ, იქნება ეს ტრეფიკინგი თუ მავნე ტრადიციებთან ბრძოლა, სახელმწიფო ვალდებულია აქტიურად გამოიძიოს დანაშაულებები, რაც ამ მიმართულებით ხდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი