კომენტარი

გოგოლაშვილი: რუსეთის პროვოკაციის შესაძლო მიზეზებია თურქმენეთის გაზის ექსპორტი და არჩევნები

14 ივლისი, 2015 • • 1461
გოგოლაშვილი: რუსეთის პროვოკაციის შესაძლო მიზეზებია თურქმენეთის გაზის ექსპორტი და არჩევნები

რაზე მიანიშნებს რუსეთის ეს ქმედება ამ კონკრეტულ შემთხვევაში?

 

რამდნეიმე სავარაუდო მიზეზი აქვს ამ ყველაფერს. ამ მომენტში ჩემთვის ყველაზე რეალისტური არის ის, რომ რუსეთს საქართველოს, როგორც არასტაბილური ქვეყნის წარმოჩენა სურს. ორი რაღაცა დაემთხვა ერთმანეთს: თურქმენეთში მიმდინარეობს წარმატებული მოლაპარაკებები გაზის დასავლეთში ექსპორტთან დაკავშირებით, რომელმაც, შესაძლოა, საქართველოს ტერიტორიაზე გაიაროს. ამ პროექტს რუსეთი ეწინააღმდეგება, რადგან თვითონ აწარმოებს მოლაპარაკებებს გერმანიასთან ჩრდილონაკადის მეორე ხაზთან დაკავშირებით. მას გერმანიის გავლით ევროპაში უფრო დიდი ოდენობის გაზის გატანა სურს. ამასთან ერთად, ცდილობს, რომ თურქეთის ნაკადის გაყვანა მოახერხოს და მეორე დიდი ალტერნატიული გზა გაჭრას თურქეთსა და საბერძნეთზე.

 

ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, კრემლს სურს, რომ მაქსიმალურად შეავიწროოს ნავთობსადენებისა და გაზსადენების საქართველოს ტერიტორიაზე გაყვანის მცდელობა. პირველ რიგში, იმის ჩვენებით, რომ ეს უსაფრთხო ზონა არ არის და რაც მეტი არეულობა, ინციდენტები თუ გაღიზიანება მოყვება ამას, კიდევ უფრო დაასხამს რუსეთის წისქვილზე წყალს. კრემლში თვითონ არაფერს იტყვიან, მაგრამ შექმნიან იმის შთაბეჭდილებას, რომ საქართველო სატრანზიტო ქვეყნად არ გამოდგება, რადგან არის რუსეთის საფრთხის ქვეშ.

 

რაც შეეხება მეორე შესაძლო მიზეზს, ეს არის 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები საქართველოში. ანუ კრემლს აქვს ისეთი ვითარებისა და განწყობების შექმნის მცდელობა, რომ აი, რუსეთის იქით გზა არ გვაქვს… “თუ რუსეთი თვითონ დაგვითმობს რაღაცას, კარგია, თუ არადა, ვერც დასავლეთი და ვერც ვერავინ ჩვენ ვერ დაგვიცავს მცოცავი ოკუპაციისგან. შესაბამისად, ერთადერთი გამოსავალი ამ სიტუაციიდან რუსეთთან მოლაპარაკება რჩება. შესაბამისად, ხელისუფლებაში გვჭირდება ისეთი ძალები, რომლებსაც რუსეთთან მიესვლებათ” – ასე ჟღერს რუსეთის ეს ფორმულა.

 

ჩვენ ვიცით, რომ ნინო ბურჯანაძე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა მოსკოვში. სხვა ვიზიტებიც გახშირდება რუსეთში და ნელ-ნელა გაჩნდებიან ძალები, რომლებიც კრემლის სიმპათიებს იმსახურებენ. ისინი ეცდებიან ისეთი განწყობების შექმნას, რომ ადამიანების ნაწილმა იფიქროს, ჩაყოლა სჯობია და მოდი, ავირჩიოთ ისეთი ხელისუფლება, რომელსაც რუსეთთან მიესვლებაო. ანუ- პრორუსლი ხელისუფლება.

 

თუმცა ჩვენ არ ვიცით, რა შეხვედრები ჰქონდა ბურჯანაძეს მოსკოვში და არც მისი მიზანია ცნობილი…

 

რაზე შეიძლება ოპოზიციამ რუსეთთან მოილაპარაკოს? ერთი -ეს არის დაფინანსების საკითხი, მეორე- პიარი და იმის დემონსტრირება, რომ მას რუსეთის ხელმძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა აქვს. ზემოხსენებული ფორმულით, “როცა რუსეთის მხრიდან საფრთხე იზრდება, მით უფრო გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც რუსეთთან ურთიერთობის დალაგება ხელეწიფებათ”, – ეს გათვლაა ძირითადად, თორემ არაოფიციალურმა პირმა რუსეთთან რაზე უნდა მოილაპარაკოს?


კახაბერ გოგოლაშვილი
კახაბერ გოგოლაშვილი

 

თქვენ ასე პირდაპირ აკავშირებთ ბურჯანაძის ვიზიტს და ამ ფაქტს, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი ინფორმაცია, თუ რა მიზანი ჰქონდა მას, არ გვაქვს?

 

მე პირდაპირ არაფერს ვუკავშირებ. ვარაუდების დონეზე ვსაუბრობ. მე რაღაც ნიშნებს ვხედავ და ვარაუდებს ვაკეთებ. ცხადია, მე არ შეიძლება ვიცოდე ამის ზუსტი მიზეზი, მაგრამ ყველაზე სავარაუდო, ჩემი აზრით, ეს ორი მიზეზია: თურქმენეთიდან გაზის ექსპორტისათვის ხელის შეშლა და მეორე, 2016 წლის არჩევნები საქართველოში და მოსახლეობის განწყობების შეცვლის მცდელობა.

 

თურქმენეთიდან გაზის დასავლეთით გადინება იქნება უმნიშვნელოვანესი დარტყმა რუსეთზე, როგორც გაზის მონოპოლისტზე.

 

აქ საუბარია იმაზე, რომ შეიძლება საქართველოს ე.წ. საზღვართან ინციდენტების პროვოცირება მოახდინოს რუსეთმა, იქ მიდიან სტუდენტები, იყვნენ ჟურნალისტები… ჯერ ჩუმად არიან კრემლში, მაგრამ თუ ამ მიმართულებით მოსახლეობის მობილიზაცია მოხდება, არ არის გამორიცხული, რომ სიტუაცია დაძაბონ, ცეცხლი გახსნან და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ისეთი რეზონანსი ექნება, რომ შეიძლება თურქმენეთიც შეაშინოს და დასავლეთიც… ყოველ შემთხვევაში შეიძლება საქართველოზე არ გაიაროს ამ მარშრუტმა.

 

თუ რუსეთისთვის ასეთი მნიშვნელოვანია ამ პროექტის ჩაშლა, თურქმენეთზე უფრო დიდი გავლენის მოხდენა არ შეუძლია რუსეთს, ვიდრე საქართველოზე?

 

თურქმენეთზე ის ბერკეტები, რომელიც რუსეთს გააჩნია, უკვე გამოყენებული აქვს, მაგრამ ეს საკმაირისი არ არის, რადგან იქ საკმაოდ მძლავრად მუშაობენ დასავლური კომპანიები და ლობი. თურქმენეთის მთავრობასთან დიდი ხანია მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომელიც ხელის გადაგრეხვას და მკლავჭიდს გავს რუსეთთან. რიდესაც რუსეთი ვერ ახერხებს, რომ თურქმენეთში საკუთარი მონოპოლია შეინარჩუნოს, რა თქმა უნდა, ის სხვა გზებსაც ჩაკეტავს იმისთვის, რომ შეასუსტოს როგორც დასავლეთის, ასევე თურქმენეთის მთავრობის მოტივაცია. აქ ლაპარაკია მოტივაციაზე, რაც უფრო მაღალი იქნება სურვილი, მით უფრო გაუჭირდება რუსეთს ადგილზე ჭიდაობა. თან ნუ დაგვავიწყდება, რომ იმას, რასაც რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში ახორციელებს, თურქმენეთს ასე მარტივად ვერ გაუკეთებს. თურქმენეთში რომ ტერიტორიების მითვისება დაიწყოს რუსეთმა,  შეიძლება ისეთი ძალები ამოქმედდნენ, რომლის კონტროლსაც კრემლი ვეღარ მოახერხებს. ამას ძალიან დიდი რეზონანსი მოჰყვება მთელ ისლამურ სამყაროში. ამიტომ არ მგონია, რომ რუსეთს თურქმენეთის დაჩაგვრის სცენარი აწყობდეს. ყველაზე მარტივად ზეწოლის საშუალება რუსეთს საქართველოს მიმართ გააჩნია, რადგან მას არ ჰყავს შესაბამისი სამხედრო ძალა და ასე შემდეგ.

 

რაც შეეხება აზერბაიჯანს და თურქეთს, რომელიც ასევე უნდა გაიაროს ამ ტრანზიტმა…

 

ვერც ერთ მათგანზე ვერ განახორციელებს რუსეთი ძლიერ ზეწოლას ზუსტად იმავე მიზეზების გამო. ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ ესენი უფრო ძლიერი სახელმწიფოები არიან.

 

რამდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია ამ ტრანზიტის სქემაში საქართველო, მისი განეიტრალება მთლიანად ხომ არ გააჩერებს პროექტს…

პროექტს არ გააჩერებს, მაგრამ ბევრ პრობლემას შეუქმნის. შესაძლებელია, რომ გაზმა თურქმენეთიდან ირანსა და თურქეთზე გაიაროს, მაგრამ იქაც არ არის მაინცდამაინც სტაბილური ზონა: ეს ერაყთან ახლოს მდეაბრე ტერიტორიაა. საქართველოზე გამავალი გაზსადენი, თუ რუსეთის ფაქტორს გამოვრიცხავთ, ყველაზე მარტივია, მაგრამ რუსეთი შეეცდება, რომ საქართველოს პოზიტიური იმიჯი მოუხსნას და ამისთვის აკეთებს პროვოკაციას. ეს ჩემი ვარაუდია.

 

სხვა ფაქტორებიც შეიძლება რუსეთს ამოძრავებდეს ამ შემთხვევაში: მაგალითად, კარასინი-აბაშიძის შეხვედრა, საიდანაც შესაძლოა რაღაც დათმობებს მოელიან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ყველაფრის უკან სტრატეგია დგას. არ არის აუცილებელი, რომ მხოლოდ ერთი მიზეზი იდგეს კრემლის განზრახვის უკან, ანუ მხოლოდ გაზსადენი ან არჩევნები. თუ მისი ინტერესი რამდენიმე მიმართულებით ემთხვევა, რუსეთი ამას გააკეთებს. ჩვენი მიზანია, რომ დავინახოთ ის ინტერესი და შესაძლებლობები, რომელიც რუსეთს გააჩნია, თუმცა, ზუსტად რა დგას ამ ყველაფრის უკან, მხოლოდ მან შეიძლება იცოდეს, ვისაც კრემლთან უშუალო კავშირი აქვს.

 

როგორ უნდა მოიქცეს საქართველოს ხელისუფლება? პრემიერის განცხადებით, მას აქვს იმედი, რომ რუსეთის ხელისუფლება “საზღვრის აღმნიშვნელი” ბანერის პროვოკაციით დაინტერესდება და პროცესი შეჩერდაბაო. რამდენად ადეკვატურია ასეთი დამოკიდებულება?

ვის ამშვიდებს ამ განცხადებით მთავრობა, მე არ მესმის, ალბათ უფრო საკუთარ თავს იმშვიდებს იმიტომ, რომ რუსეთმა დიდი ხანია იცის ამ ფაქტების შესახებ და რუსეთის დაგეგმილია ეს ყველაფერი. ეს პანიკური განცხადებაა. ჩემთვის ეს სრულებით გასაგებია. მე არ შემიძლია ვიყო ცინიკური და ყველაფერი მთავრობას დავაბრალო, მართლა ძალიან რთულ მდგომარეობაშია მთავრობა ამ შემთხვევაში. გააჩერებს რუსეთთან ურთიერთობას? – ვერანაირ შედეგს ვერ მიიღებს, გააგრძელებს რუსეთთან ურთიერთობას? – ვერც ასე მიიღებს შედეგს. ამ თვალსაზრისითი საქართველოს პოლიტიკა ჩიხშია შესული, საიდანაც გამოსავალი არ არის, ანუ მინდობილი ვართ ჩვენგან დამოუკიდებელი პროცესების განვითარებაზე. თუმცა აქ გაჩუმება არ შეიძლება, საჭიროა დემარში, უკმაყოფილების დემონსტრირება, უნდა ვეძებოთ ისეთი ბერკეტები, რომელიც მოწინააღმდეგისათვის მტკივნეულია… რთულია პატარა ქვეყანა დიდს დაემუქროს, მაგრამ ასეთი ბერკეტების ძიება აუცილებელია. სხვა შემთხვევაში არაფერი დაგრჩენია, თუ არა შეიარაღებული ძალების მობილიზება და იმის დემონსტრირება რომ ჩვენ თავს დავიცავთ.

 

საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია ამ პრობლემის ირგვლივ?

ეს პირველ რიგში… ამავე დროს აუცილებელია საკუთარი სამხედრო შესაძლებლობების განვითარება. შეირაღებული ძალები ისე უნდა განვავითაროთ, რომ რუსეთს თბილისის ადვილად აღების შესაძლებლობა არ ჰქონდეს. რუსეთის ტელევიზიების ვინც უყურებს, ალბათ ხედავს, როგორ დამციანავად ლაპარაკობენ წამყვანები საქართველოს თავდაცვით შესაძლებლობებზე, ანუ რუსეთში არსებობს საზოგადოებრივი აზრი იმის შესახებ, რომ საქართველო სრულიად დუცველი ქვეყანაა, სადაც როცა მოუნდება რუსულ ჩექმას, მაშინვე ყოველგვარი წინააღმდგეობის გარეშე შეაბიჯებს. ასეთი განცდა არავის უნდა ჰქონდეს რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან კონფლიქტის თავიდან აცილება ყველანაირად უნდა ვცადოთ, მაგრამ თუ კონფლიქტის თავიდან აცილება გსურს, ყველაზე კარგი საშუალებაა, რომ მოემზადო

მასალების გადაბეჭდვის წესი